Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტიების დაფინანსების გამკაცრებული წესები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 დეკ.'11 / 14:19

პარლამენტმა 28 დეკემბერს მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციები და მას უკუქცევითი ძალა მიანიჭა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედების მომენტისთვის იურიდიული პირებისგან მიღებული დაუხარჯავი თანხები, კანონის გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნონ თანხის გამცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თანხები სახელმწიფოს საკუთრება გახდება.

კანონის ეს უკუქცევითი ნორმა მას შემდეგ აისახა საკანონმდებლო ცვლილებებში, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს 4.1 მლნ ლარის ოდენობით თანხები გადაერიცხათ.  ეს ნორმა მათზე პირდაპირ გავრცელედება და მათ ამ თანხების დაბრუნება მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ დაუხარჯავთ.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის ნოემბერ–დეკემბერში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ პარტნიორებად დაასახელა – რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია და ხალხის პარტია – შემოწირულობის სახით 4.1 მილიონი ლარი მიიღო, მათ შორის 3.3 მილიონი ლარი ივანიშვილის ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან; თანხის დანარჩენი ნაწილი, 800 000 ლარი, ამ პარტიებმა ფეხბურთელ კახი კალაძის ორი კომპანიიდან მიიღეს. ეს შემოწირულობები სულ 12 იურიდიული პირის მიერ იქნა გაღებული; თითოეულმა პარტიებს 100 000 ლარი - არსებული რეგულაციებით მაქსიმალური თანხა - გადაურიცხა.

ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ბასა ჯანიკაშვილმა 27 დეკემბერს ტელეკომპანია "მაესტროს" თოქ–შოუში განაცხადა, რომ ამ თანხების გადარიცხვა შეგნებულად დაჩქარდა, რადგან  წინასწარ იყო ცნობილი, რომ იურიდიულ პირებს კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ ამგვარი შემოწირულობის გაღება აეკრძალებოდათ. მანამდე ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ პარტიები მიღებული თანხების დახარჯვას მომავალი პოლიტიკური კოალიციისთვის გეგმავდნენ, რომლის შექმნაც ივანიშვილის პარტიის ფორმირების შემდეგ არის ნავარაუდევი. 

იმავდროულად, მმართველმა პარტიამ 28 დეკემბერს იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც პარტიამ 2011 წელს შემოწირულობები მიიღო. ამ სიის მიხედვით, მმართველმა პარტიამ 17 კომპანიისგან სულ 1.52 მილიონი ლარი მიიღო. ყველა შემოწირულობა 26 სექტემბრიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში გაკეთდა.

დაფინანსების წყაროები

ახალი რეგულაციების ძირითად დებულებებს შორისაა იურიდიული პირებისთვის, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა; ფიზიკური პირების მიერ პარტიებისთვის ყოველწლიური შემოწირულობის ზედა ზღვარის 60 000 ლარამდე გაორმაგება; პარტიის საწევროზე ზედა ზღვარის, 1 200 ლარის ოდენობით, დაწესება.

ცვლილებების თანახმად, თუ შემომწირველებს შორის არიან ფიზიკური პირები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან იღებენ – მაგალითად არიან ერთი კომპანიის თანამშრომლები – მათ მიერ წლის განმავლობაში გაღებული შემოწირულობათა საერთო რაოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტის მიმართ 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულობა 60 000 ლარიან ლიმიტში უნდა ჯდებოდეს. 

ამასთან, აღნიშნული ფულადი სახსრების მიღება შეიძლება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ, „შემოწირულობა შეიძლება განხორციელდეს  მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებული  კომერციულ ბანკებში არსებული შემომწირველის კუთვნილი ანგარიშებიდან“. 

ამასთან, პარტიას ეკრძალება აიღოს კრედიტი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან. პარტიას მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მას შემდეგ, რაც ის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება, აქვს უფლება, რომ კომერციული ბანკებიდან არაუმეტეს 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღოს. 

ამგვარ შეზღუდვას კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია თავად კომერციულ ბანკებს უწესებდა, რომელთაც წლიურად 100 ათას ლარზე მეტი სესხი არ უნდა მიეცათ პარტიებისთვის. თუმცა ეს ნორმა შეიცვალა გამომდინარე საარჩევნო კოდექსში ასახული დებულებიდან, რომელიც საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფარვის მიზნით 1 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ საპარლამენტო არჩევნებზე. ამ თანხიდან 300 000 ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვისთვის იქნება მიმართული.     

გარდა ამისა, წესდება კიდევ ერთი ზღვრული ოდენობა, რომლის თანახმადაც, პარტიის საერთო წლიური დაფინანსება და ასევე ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს წინა წლის მშპ–ის 0.2%–ს.  ამავე ლიმიტს არ უნდა აღემატებოდეს ასევე საარჩევნო ბლოკში შემავალი სუბიექტების ხარჯებისა და შემოსავლების საერთო ოდენობები.

აკრძალვები და სანქციები

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარტიას ან მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ იურიდიულ, ასევე კერძო პირს ეკრძალება „კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (გარდა პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები), შეღავათიან ფასად საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალური ფასეულობათა, აგრეთვე მომსახურების (მათ შორის ფიქტიური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების),  მიწოდებით ან ასეთის დაპირებით (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას)“.

თუმცა პარტია უფლებამოსილია წლის განმავლობაში სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში საჩუქრად გასცეს არაუმეტეს 5000 ლარის ღირებულების ნივთები.

პარლამენტმა დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც გაამკაცრა პოლიტიკურ მოსყიდვასთან დაკავშირებული სასჯელის ზომა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ეს მუხლი აღარ ეხება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდს და ფორმულირებულია შემდეგნაირად: „პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ანდა სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას), გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ანდა ჯარიმით“.

ამ ქმედებისათვის, იურიდიული პირი ისჯება „ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და/ან ჯარიმით“.

პარტიების შესახებ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილება ცალკე საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს იმ კვალიფიციური სუბიექტებისათვის, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. კერძოდ, თუ კვალიფიციური სუბიექტის მიერ კანონის დარღვევით მიღებული წლიური თანხა 2 000 – 15 000 ლარის; 15 000 – 50 000 ლარის ფარგლებშია; ან 50 000 ლარზე მეტია, მას  სახელმწიფო დაფინანსება მოეხსნება, შესაბამისად, ერთი; ორი; ან ოთხი წლის განმავლობაში. 

კონტროლის პალატის უფლებამოსილებები

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოო ვარიანტში საგრძნობლად არის გაზრდილი კონტროლის პალატის უფლებამოსილებები კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით.

კონტროლის პალატას გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ეკისრება პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის კუთხით. კონტროლის პალატას, კანონის თანახმად, ხელი მიუწვდება პარტიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფინანსურ ინფორმაციაზე.

პარტია ვალდებული იქნება, რომ კონტროლის პალატას 3 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ; ასევე 1 თებერვლამდე წარუდგინოს გასული წლის საფინანსო დეკლარაცია აუდიტორული ფირმის დასკვნასთან ერთად, რომელიც კონტროლის პალატამ უნდა განასაჯაროოს, მათ შორის მის ვებ–გვერდზე გამოქვეყნების გზით.

რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან სამ კვირაში ერთხელ წარუდგინოს კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში.

კონტროლის პალატას უფლება ეძლევა განახორციელოს სანქციები და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურას.

კონტროლის პალატას შეუძლია მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დააკისროს ჯარიმები პარტიებს და პირებს, თუ ისინი პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აკრძალულ შემოწირულობებს მიიღებენ ან ამ ინფორმაციას დამალავენ; ასევე ამგვარი შემოწირულობის გამცემ ფიზიკურ არ იურიდიულ პირებს. კონტროლის პალატას ასევე შეუძლია 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისროს პარტიას ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების, შეუსრულებლობის გამო. ამასთან, კონტროლის პალატას შეუძლია პასუხისმგებლობის დაკისრება ზემოთჩამოთვილილი ქმედებების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

ამ ნორმების არაერთგზის დარღვევის გამო, თუ ისინი უკავშირდება არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს, კონტროლის პალატას ასევე ენიჭება უფლებამოსილება, რომ მიმართოს ცესკოს, რომ პარტია მოიხსნას არჩევნებიდან.

გარდა ამისა, კონტროლის პალატას შეუძლია ყადაღა დაადოს პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას და საბანკო ანგარიშებს ისე, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს ყადაღის მოქმედებას. კანონში არაფერი წერია კონკრეტულად, თუ რა შეიძლება იყოს ყადაღის დადების საფუძველი.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები იყვნენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30