Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონტროლის პალატა მმართველ პარტიას და ივანიშვილის მოძრაობას შემოწირულობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'12 / 21:26

კონტროლის პალატამ მმართველ პარტიას გასული წლის შემოწირულობების ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ურჩია და ოპოზიციური პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობასაც მოსთხოვა იმ 20 000 ლარის უკან დაბრუნება, რომელიც „უკანონო სქემით“ იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა 20 თებერვალს, რომ მმართველი პარტიის 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის შესწავლის შემდეგ, მას გაუჩნდა „ვარაუდი“, რომ ის 95 848 ლარი, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ხუთი სხვადასხვა პირის შემოწირულობაა, რეალურად ერთი წყაროდან მოდის, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე. 

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით.

თუმცა, კონტროლის პალატამ ურჩია მმართველ პარტიას „პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა“ 95 848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში – ეს ერთ–ერთი სანქციაა, რომელიც პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების თანახმად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც შემოწირულობების მიღება კანონის ნორმების გვერდის ავლით ხორციელდება. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თქმით, ამგვარი ქმედება „კანონის სულისკვეთების“ შესაბამისი იქნება.

განცხადების გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა 20 თებერვალს, რომ მართალია მის პარტიას მიაჩნია, რომ ეს შემოწირულობა დარღვევით არ ყოფილა მიღებული, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა გაითვალისწინებს კონტროლის პალატის რეკომენდაციას და თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხავს.

რაც შეეხება ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“, რომელიც პოლიტიკური პარტია არ არის, თუმცა ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარება, როგორც კონტროლის პალატა აცხადებს, საზოგადოებრივი მოძრაობის „გაცხადებული პოლიტიკური მიზნების“ გამო, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა 20 თებერვალს, რომ „გამოვლენილ იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა“.

კონტროლის პალატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიაში „ქართუ მშენებელი“ მომუშავე პირზე 6 თებერვალს გაიცა 40 000 ლარის ოდენობის პრემია. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ეს „უჩვეულოდ მაღალი პრემიაა“ იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანამშრომელმა  2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიიღო 12 000 ლარი. პრემიის მიღებიდან სამ დღეში, თანამშრომელმა ამ თანხის ნახევარი შემოწირულობის სახით „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა.

კონტროლის პალატის თქმით, ეს ქმედება ფიზიკური პირის მეშვეობით იურიდიული პირისგან ფულის ივანიშვილის მოძრაობაში გადარიცხვის აშკარა მაგალითია. პოლიტიკური პარტიისთვის იურიდიული პირების შემოწირულობებს ახალი რეგულაციები კრძალავს; შეზღუდვები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ეხებათ, არამედ იმ ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ“ კავშირში არიან პოლიტიკურ პარტიებთან.

„გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

მისივე განცხადებით, კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით მიღებული შემოწირულობა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს და ხოლო იმ პირის მიმართ, რომელმაც უკანონო ტრანსაქცია განახორციელა, სანქციები უნდა იქნას გამოყენებული. თუმცა, კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ მიმართავს წინადადებით, 20 000 ლარი დაუბრუნოს უკან შპს „ქართუ მშენებელს“.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონტროლის პალატა ივანიშვილის მოძრაობას კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ადანაშაულებს. იანვრის ბოლოს „ქართულ ოცნებას“ 1.1 მილიონი ლარის დაბრუნება მოუწია, რომელიც კონტროლის პალატის თქმით, თვალთმაქცური გარიგების გზით იქნა მიღებული.

თუმცა, ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის არ აპირებს კონტროლის პალატის „უკანონო მოწოდების“ შესრულებას.

20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ კერძო პირმა მოძრაობას 20 000 ლარის შემოწირულობა გადაურიცხა კანონის სრულ შესაბამისობაში. განცხადების თანახმად, ეს საკმაოდ კვალიფიციური თანამშრომელია, რომლის ყოველთვიური ხელფასიც 5 000 ლარს შეადგენს, იმ რამდენიმე კომპანიის, სადაც ის მუშაობს და ამის გამო, 40 000 ლარის ოდენობის პრემია სულაც არ არის უჩვეულოდ მაღალი მისთვის, როგორც ამას კონტროლის პალატა აცხადებს.

მოძრაობამ კონტროლის პალატა გააკრიტიკა, რადგან კერძო პირზე შეაჩერა არჩევანი იმის გამო, რომ მან „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით თანხა გადაურიცხა.

უფლებადამცველი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც არის დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებს გადახედონ.  იმის გამოსახატად, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა ორგანიზაციების და ინდივიდუალური პირების ფართო სპექტრს შეეხოს, კამპანიას მათ შემდეგი სახელწოდება შეურჩიეს: „ეს შენ გეხება“.  

ორგანიზაციების ჯგუფმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც სხვა მკაცრი შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, იმ პირთა წრის შევიწროებას და დაკონკრეტებას ისახავს მიზნად, რომლებიც შესაძლოა პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების ქვეშ მოექცნენ.

20 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაავალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ინიციატივების ავტორებს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვებთან არსებული „უსაფუძვლო ეჭვები“ გაქრეს. 

"შეეცადეთ, მათთან ერთად მოიფიქროთ ისეთი ფორმულირება, რომელიც ამ პოლიტიკურ ნებას გადაიყვანს მკაფიო ენაზე და  მოუხსნის მათ ნებისმიერ შეშფოთებას, რომ შეიძლება რაიმე სახის შეზღუდვები გაჩნდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც კანონიერად და ლეგიტიმურად მუშაობენ",–განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38