Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის საანგარიშო გამოსვლას პარლამენტში მწვავე დებატები მოყვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 თებ.'12 / 13:44


დეპუტატები უსმენენ პრეზიდენტ სააკაშვილის საანგარიშო გამოსვლას პარლამენტის იმ შენობაში, რომელმაც უკანასკნელად უმასპინძლა ასეთ ღონისძიებას, ვინაიდან მომავალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისში განთავსდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ფოტო.

საქართველოს მმართველ პარტიას გააჩნია რესურსი, რომ კიდევ „მრავალი წელი“ მართოს საქართველო, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თუმცა მან გვერდი აუარა კითხვას იმის თაობაზე შეეცდება, თუ არა ის პრემიერ–მინისტრად გახდომას 2013 წლის ბოლოს მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ.

მან ეს განცხადება დებატების დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც სთხოვეს თავისი პოსტ–საპრეზიდენტო გეგმები გაემხილა, რის გაკეთებასაც სააკაშვილი თავს არიდებს იმ მოტივით, რომ არ სურს „კოჭლი იხვის“ ანუ ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი ლიდერის როლში ყოფნა. დებატებს წინ უძღოდა პრეზიდენტის ერთსაათიანი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება.   

თუმცა ერთი ეპიზოდი, რითიც მთელი ეს ხუთსაათიანი სხდომა – პრეზიდენტის გამოსვლა და შემდგომი დებატები – დასამახსოვრებელი გახდა, არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვიერი შელაპარაკება ოპოზიციონერ დეპუტატთან, რა დროსაც სააკაშვილმა ცოტა ხნით დატოვა სხდომათა დარბაზი.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, რომლის ერთი წევრიც ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შედის, თავისი სიტყვა პირადად სააკაშვილზე შეტევისთვის გამოიყენა და ის და მისი ოჯახი 2003 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კორუფციაში და ქონების დაგროვებაში დაადანაშაულა.

“დღეს თქვენ ხართ ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „რუსთავი2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული“, – განუცხადა ბაღათურიამ სააკაშვილს თავის გამოსვლაში.

“თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი,“– განაგრძო მან, „ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეის...“.

ამ მომენტში ბაღათურიას პრეზიდენტმა გამოსვლა შეაწყვეტინა და თქვა, რომ მისი მამა არა ბალნეოლოგიურის მფლობელი, არამედ დირექტორია.

„ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა,“– უთხრა მან ბაღათურიას და მას შემდეგ, რაც ბაღათურიამ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტმა განაგრძო: „მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“.

„აი ეს არის თქვენი ზრდილობა. აი ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამობრძანდით და აქედან იწყევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დაწვეთ ყველა ოპოზიციონერი და ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს“, – განუცხადა მან სააკაშვილს, რომელმაც სხდომათა დარბაზი ცოტა ხნით დატოვა.

ინციდენტიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და მოგვიანებით განაცხადა: „ახლა გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთი, მამაჩემს გადავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს“.

ბაღათურიას გამოსვლამდე, მისი თანაფრაქციელი გია ცაგარეიშვილი, პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გამოვიდა სიტყვით და ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ პრეზიდენტს გადასცა იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, ეკუთვნის შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. მან შეახსენა, რომ სწორედ ამგვარად მოიქცა სააკაშვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო.

სააკაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მუდმივად ვაკონტროლებთ იმას, რომ არ მოხდეს ამ ხელისუფლებაში დაჭაობება“.

‘მმართველ გუნდს აქვს რესურსი საქართველო მრავალი წელი მართოს’

დებატების დროს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ სააკაშვილის მისი პოსტ–საპრეზიდენტო გეგმების თაობაზე ჰკითხა.

"მესმის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე ამის გაკეთება ძალიან რთულია და თქვენ გაფიქრებთ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის  სიმტკიცე და მონოლითურობა, მაგრამ მე ახლა მოგმართავთ არა როგორც ქვეყნის ერთ–ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი საქართველოს ლიდერს – საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდება ნათელი პასუხი კითხვაზე რას აპირებს სააკაშვილი?", – განაცხადა თარგამაძემ, "ბოლომდე უერთგულოს მთელს მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა  სივრცეში საქართველოს და მისი ლიდერის განსაკუთრებული დემოკრატიული მისიის შესახებ თუ გაჰყვეს უკვე  დატკეპნილ გზას ძალაუფლების შენარჩუნების".

სააკაშვილმა, როგორც ეს ადრეც რამდენჯერმე გაუკეთებია, კვლავ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს.

„მთავარი პრობლემა რაც გაქვთ თქვენ ხანდახან არის ის, რომ თქვენ კატასტროფულად არ გჯერათ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. ამიტომ გგონიათ, რომ თქვენი პრობლემა არის არა ვთქვათ პოლიტიკური რეალობა, არა ის, რომ საკმარისად ვერ დაუმტკიცეთ ხალხს, რომ გაქვთ უნარი გადაიბაროთ ხელისუფლება“, – უპასუხა პრეზიდენტმა თარგამაძეს, „თავისთავად ხელისუფლების პერიოდული ცვლა სხვადასხვა ციკლებით არის ჩვეულებრივი პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის და ჩვენს ქვეყანაში ამას ინსტიტუციური საფუძველი აქვს“.

“მაგრამ იმისათვის, რომ ინსტიტუციური საფუძველი რეალურ პოლიტიკურ შედეგში გადაიზარდოს საჭიროა ალტერნატივა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ მართლაც ვართ მზად, რომ მთლიანად ავიღოთ მართვა და მინიმუმ გავაგრძელოთ მაინც ის, რასაც ესენი [ხელისუფლება] აკეთებენ“, – განაცხადა მან.

„მე მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, დემოკრატიის ფარგლებში... აქვს რესურსი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვის და მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი, ამ პერსპექტივაზე უარს... იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მოდერნიზაციის გეგმა, ჩვენ მართლაც  მივდივართ სწრაფი ტემპებით წინ და ჩვენ მართლაც გვაქვს წარმოუდგენელი ჩამორჩენა გადასალახავი, მართლაც უნდა მოვახდინო ნახტომი... მესამე მსოფლიოს აფრიკული ქვეყნებიდან.... მოვახდინოთ ნახტომი პირველი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგში – საქართველო არის ამ ნახტომის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დებატების დროს მან ასევე განაცხადა, რომ როგორც მმართველი პარტიის ლიდერი იგი შეეცდება წვლილი შეიტანოს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში მომავალ არჩევნებში, რომელიც მისი თქმით, თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი იქნება.

„როგორც პრეზიდენტი ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ობიექტური და როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი... ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში გაიმარჯვოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

‘განვითარების ხუთი მიმართულება’

თავის ყოველწლიურ მოხსენებაში სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა „ხუთ ძირითად ასპექტზე დაფუძნებულ გეგმაზე“, რისი განხორციელების შედეგადაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სარგებელს იმ პროგრესიდან, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების მანძილზე მიაღწია. მისი თქმით, ეს ხუთი მიმართულებაა უმუშევრობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, დემოკრატიული რეფორმები და უსაფრთხოება.

უმუშევრობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიური ზრდის შედეგად 2015 წლისთვის ხუთ მილიონს მიაღწევს, ასევე ინფრასტრუქტურული განვთარების პროექტები დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება, გაიცემა 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერები; სახელმწიფო ინგლისური ენის და კომპიუტერის უფასო კურსებს შესთავაზებს 20 000 ადამიანს.

სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამუშავდება ერთიანი საირიგაციო სისტემის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გასარწყავდება 18 ათასი ჰექტარი, ხოლო 3 800 ჰექტარზე სადრენაჟე სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება. მისი თქმით, 2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის ახალი ცენტრები, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მოსახლეობის მომსახურება და მათი ინფორმირება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და საჭიროებაზე. „ამიტომ უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს“, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის თაობაზე მან განაცხადა, რომ 90–მდე კლინიკა გაიხსნა დღემდე და წლის ბოლომდე იფუნქციონირებს 130 ახალი სამედიცინო ცენტრი, რაც "არის გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში". მისი თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი არის სადაზღვევო სისტემის განვითარება. 2006 წლამდე დაზღვევა ჰქონდა 40 ათასზე ნაკლებ ადამიანს, 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე, განაცხადა სააკაშვილმა.

მან გაიმეორა, რომ სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. 2013 წლის 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მესამე შვილის შეძენისას 1000 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ მეოთხეზე და შემდეგი ბავშვის დაბადებაზე  – 2000 ლარს. ამავე პერიოდიდან ასევე დაზღვეული იქნება ის 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახიდან არიან. 
 
„მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ საქართველოს დემოკრატიული პროცესის გასავითარებლად“, – განაცხადა მან და წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ კიდევ უფრო გააღრმავა ურთიერთობები დასავლელ მოკავშირეებთან.

„არსებობს ძალები, ვისაც ეს აღიზიანებს - ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, იმისათვის რომ არავის მივცეთ საშუალება შეგნებულად თუ შეუგნებლად დაგვაკარგინოს ეს ეროვნული მონაპოვარი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისის სურვილია, რომ გააუმჯობესოს ურთიერთობები მოსკოვთან და ამიტომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდის.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „არასოდეს ჩავიმუხლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და დეოკუპაციისათვის ბრძოლაში“.

მან ასევე ისაუბრა კავკასიის რეგიონის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო არის განვითარების „ლოკომოტივი“ ამ რეგიონისთვის და „ფანჯარა ევროპაში“.

თავის დასკვნით სიტყვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ცხარე დებატებისა, „მიმაჩნია, რომ მთავარი საკითხი დებატებისა იყო იმაზე, რაც ხალხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13