Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
NDI-ის კვლევის თანახმად, 70% მხარს უჭერს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'12 / 13:33

რესპოდენტთა 70% ფიქრობს, რომ ოპოზიციური კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უნდა აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, ნათქვამია 21 მარტს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

კვლევა აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 22 თებერვლიდან–5 მარტის პერიოდში ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითად შერჩეული 3 161  რესპოდენტის გამოკითხვის საფუძველზე. კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარიც პლიუს/მინუს 3%–ია, შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

გამოკითხულთა 87%–მა იცის იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ოქტომბერში პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუწყდა მოქალაქეობა – 65% ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს და მხოლოდ 13% მიესალმება. 80%–ისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი ცდილობს მოქალაქეობის აღდგენას; მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგი რესპოდენტთა 8%–ია.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა პრეზიდენტს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭების განაცხადით 5 იანვარს მიმართა, რაზეც გადაწყვეტილება სამ თვეში, 5 აპრილისთვის უნდა იქნას გამოტანილი. თუ ივანიშვილი მოქალაქეობას ვერ აღიდგენს, მას არ ექნება უფლება გახდეს პარტიის ლიდერი და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

სხვა მიგნებები

კვლევა, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება, ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს მთელ რიგ მიმდინარე და პოლიტიკურ საკითხებზე.  NDI არასდროს ხდის საჯაროს კვლევის იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება და ის მხოლოდ პარტიებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ამ რეიტინგების პოლიტიკოსებისთვის გაცნობას მომავალ კვირაში გეგმავს. როგორც წესი პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიებისთვის ხდება ხელმისაწვდომი, ხოლო ეს გაჟონილი ინფორმაცია, ძირითადად, ბუნდოვანია და უზუსტობებს შეიცავს.

კვლევის საჯარო ნაწილში მოცემულ კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 64% პასუხობს, რომ მიიღებდა მასში მონაწილეობას, რაც NDI–ის დაკვეთით, სექტემბერში ჩატარებული ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, 13%–იან ზრდას წარმოადგენს.

ამომრჩეველთა სიის დაზუსტების მიზნით შექმნილი კომისიის შესახებ ინფორმაცია რესპოდენტთა 60%–ს არ გააჩნია. ამასთან, გამოკითხულთა, 23% აცხადებს, რომ რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრობს.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა უმეტესობა – 62% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, საპირისპიროს 18% ფიქრობს. შარშან აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში, რესპოდენტთა მხოლოდ 35% აცხადებდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

კითხვაზე არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია, გამოკითხულთა 49%–მა უპასუხა „დიახ“ და 34%–მა  – „არა“. იგივე კითხვაზე სექტემბერში უარყოფითი პასუხი გასცა 39%–მა, ხოლო დადებითი – 45%–მა. 

კვლევის თანახმად, 43% მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატია ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, ხოლო 21% თვლის, რომ ქვეყანა ჯერ არ არის დემოკრატიული, თუმცა ამ მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, 68% თვლის, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, საპირისპირო მოსაზრება აქვს 27%–ს.

ამასთან, გამოკითხულთა 70% თავს უმუშევრად მიიჩნევს; აქედან 45% აცხადებს, რომ ეძებს სამსახურს.

უმთავრეს სამ პრიორიტეტს შორის კვლავ რჩება სამუშაო ადგილები (63%), ტერიტორიული მთლიანობა (36%, რაც უმნიშვნელოდ გაიზარდა სექტემბრის კვლევასთან შედარებით) და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა (31%). ამ რეიტინგში ინფლაციის მაჩვენებელმა 26%–მდე დაიწია სექტემბრის კვლევასთან შედარებით, როცა ეს პრობლემა რესპოდენტთა 42%–ს აღელვებდა.

დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის მიბმას ელექტროენერგიის გადასახადთან თბილისელ რესპოდენტთა 94% სიტუაციის გაუარესებად აფასებს.

რეფორმების ჩამონათვალში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა საქართველოსთვის, ლიდერობს ჯანდაცვის რეფორმა (45%), სოფლის მეურნეობა (39%) და საპენსიო რეფორმა (28%), განათლების რეფორმა (23%) და საარჩევნო რეფორმა (20%), თუმცა ამ პროცენტულ მაჩვენებლებს მოლოდინი იმისა, რომ ეს რეფორმები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში  განხორციელდება, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

კვლევა აჩვენებს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ქალაქის, „ლაზიკას“ აშენების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, რესპოდენტთა 59%–ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო 27% წინააღმდეგია.

საგარეო პოლიტიკა

კვლავაც მაღალი რჩება იმ რესპოდენტთა რაოდენობა (70%), ვინც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუმცა ძალიან ცოტას აქვს მოლოდინი, რომ ეს მომდევნო ორ წელიწადში რეალობად იქცევა. ოდნავ უფრო მაღალი მხარდაჭერა (74%) აქვს მთავრობის გაცხადებულ მიზანს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამასთან, რესპოდენტთა 53% დადებითად, ხოლო 18% უარყოფითად აფასებს თბილისის თხოვნას, რომ ვაშინგტონმა გაზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა.

იმავდროულად, გამოკითხულთა 88%–ს არ მოსწონს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა; 49% თვლის, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 30%–ისთვის ჩრდილოელი მეზობელი ასევე საფრთხისშემცველია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია; მხოლოდ 8%–ს მიაჩნია, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27