Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის და რასმუსენის შეხვედრა ნატოს შტაბბინაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 აპრ.'12 / 14:48


პრეზიდენტი სააკაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 3 აპრილი. 

ნატოს „დიალოგი“ მის „განსაკუთრებულ პარტნიორთან“, საქართველოსთან, „ღრმა და ინტენსიურია“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 აპრილს ბრიუსელში, სადაც ის შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა „ბევრად უკეთესი სამუშაო თანამშრომლობა აქვს ნატოსთან, ვიდრე ოდესმე“.

რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას –ორგანოს, რომელიც საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ძირითად ფორმატს წარმოადგენს.

ჩიკაგოს სამიტი და საქართველო

პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ  ალიანსის „განსაკუთრებული პარტნიორობა“ საქართველოსთან მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე სამი კუთხით აისახება.

„პირველი, რომ საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში. მეორე, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ზოგადად ტრანს–ატლანტიკურ თანამშრომლობაში ნატო–საქართველოს სპეციალური კომისიის ფარგლებში და მესამე, რომ საქართველო განიხილება ასპირანტ ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც ისწრაფვის გახდეს ნატოს მომავალი წევრი“, – განაცხადა რასმუსენმა.

„მთლიანობაში, მე ვიმედოვნებ, რომ საშუალება იქნება ეს ყველაფერი აისახოს სამიტის ძლიერ დეკლარაციაში,“ – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, მოკავშირეებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ იმის თაობაზე, თუ რა ფორმატის იქნება ღონისძიებები, რომლებიც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. 

საქართველო პირველად „ასპირანტ“ ქვეყნად 2011 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოიხსენიეს, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან „ღიად გააფრთხილა“ თავისი კოლეგები ალიანსიდან, რომ ამგვარმა განცხადებებმა, შესაძლოა, პრეზიდენტი სააკაშვილი „2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურის“ გამეორებისკენ წააქეზოს.  

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩიკაგოს სამიტზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „ვფიქრობ, ის ფორმატი, რომელსაც ჩიკაგოს [სამიტისთვის] ვიღებთ, სულ უფრო იმედის მომცემად გამოიყურება, ვინაიდან ის მართლაც უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო წინ მიიწევს; ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა“,  – განაცხადა მან.

‘სამაგალითო პარტნიორი’ და მისი ‘გრძელი გზა’

რასმუსენმა საქართველოს „სამაგალითო პარტნიორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ნატო მზად არის განაგრძოს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებების მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოში „ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებით“.
 
„საქართველო ალიანსის მიმართ ერთგულების, თანამშრომლობის და კავშირების მხრივ სამაგალითო ქვეყანად იქცა და მოგიწოდებთ, რომ ასე გააგრძელოთ“, – განაცხადა მან.

„ეს გრძელი გზაა და ჩვენ მას ნაბიჯ–ნაბიჯ გავივლით“, – განაცხადა რასმუსენმა.

„მაგრამ თქვენ უკვე მიაღწიეთ კარგ პროგრესს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მე მჯერა, რომ თქვენ განაგრძობთ ამ პროგრესს და თქვენ რეფორმებს. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა და იმის შანსი იქნება, რომ აჩვენოთ, თუ რამდენად შორს წახვედით. ვიცი, რომ მოკავშირეები მას ყურადღებით დააკვირდებიან“, – განაცხადა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „როდესაც საქმე საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს ეხება, სახეზე აშკარა პროგრესია“.

„მთლიანობაში, ნატო საქართველოში რეფორმების კუთხით განხორციელებულ ძალისხმევას ძალიან დადებითად აფასებს“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რასმუსენმა თავის განცხადებაში ორჯერ ახსენა საქართველო, როგორც „სამაგალითო.“

„მე იანვარში პრეზიდენტ ობამას ვესტუმრე  და პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს უწოდა მოდელი მთელი რეგიონისთვის რეფორმების, ცვლილებების და დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, იმ ფაქტს, რომ თქვენც ამ სამაგალითო საქართველოზე საუბრობთ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ეს ხაზს უსვამს ჩვენ პროგრესს და ასევე იმას, თუ როგორი ერთგულები უნდა დავრჩეთ ჩვენ [ამ კურსის]“, – განაცხადა სააკაშვილმა.

არჩევნები

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღებით დააკვირდნენ მთელ საარჩევნო პროცესს საქართველოში. 

„წელს ჩვენ არჩევნები გვაქვს და ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, ალიანსის წევრების ჩათვლით, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რათა მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელონ, მედიის მონიტორინგი ჩაატარონ, მონიტორინგი გაუწიონ პარტიების დაფინანსების მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭირვალე, პროგნოზირებადი სადამკვირვებლო სტანდარტების თვალსაზრისით და გამორიცხონ რაიმე ტიპის მოულოდნელობები და რაიმე ტიპის ... ზეწოლა გარედან და სხვა ნებისმიერი დესტრუქციული ელემენტების მხრიდან. ამდენად, ამ თვალსაზრისით ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი დახმარება წელს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვეულებრივ, ქვეყნები – განსაკუთრებით ჩემს რეგიონში – ცდილობენ თავიდან აირიდონ ნებისმიერი საერთაშორისო ჩარევა მათ საარჩევნო პროცესში; მაგრამ ჩვენ ეს გვინდა, რათა ეს ყველაფერი მდგრადი, ხოლო ინსტიტუციური მშენებლობა შეუქცევადი გახდეს“, – დასძინა მან.

მარტის დასაწყისში  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ "უმოკლეს ვადაში" მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით.  ODIHR–ი თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე აგზავნის.

ავღანეთის მისია

პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ წლის ბოლოს ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონის განთავსების შემდეგ, საქართველო ნატოს ის უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ეყოლება ISAF–ის ოპერაციაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ერთგულება ავღანეთის მისიის მიმართ.

„ეს რთული მისიაა“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ალიანსთან გვაახლოვებს, რომ ეს ეხმიანება საქართველოს ისტორიას, რომ იყოს უფრო ფართო დასავლური, ცივილიზებული და ამ შემთხვევაში, დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, „ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა დევს სასწორზე ჩვენი მომავლისთვის“.

„ნატოს ნებისმიერი წარუმატებლობა იქნება კიდევ უფრო მეტი წარუმატებლობა საქართველოსთვის; ეს ჩვენთვის ძალზედ ნათელია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცოტა ხნის წინ ჩატარებული  არჩევნები „არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივ პირობას და ჟენევის დისკუსიების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12