Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საია ივანიშვილის მოქალაქეობაზე სამოქალაქო რეესტრის დასკვნას კანონშეუსაბამოს უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'12 / 15:57

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 5 აპრილს გამოქვეყნებულ სამართლებრივ შეფასებაში განაცხადა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უარყოფითი დასკვნა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიცემაზე, „არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“.

4 აპრილს სამოქალაქო რეესტრმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც აღნიშნა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა მოეთხოვა არა ნატურალიზაციის გზით, არამედ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურით, ვინაიდან ის არის საფრანგეთის მოქალაქე. სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში კანონმდებლობიდან კონკრეტული მუხლების მითითების გარეშე ნათქვამია, რომ „სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“.

საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ მოქალაქეობის საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში გამოსცეს შესაბამისად, ბრძანებულება ან განკარგულება.

შესაბამისად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 აპრილს, როცა ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების თაობაზე ივანიშვილის განაცხადის შეტანიდან საკითხის განხილვისათვის დადგენილი მაქსიმალური ვადა – სამი თვე იწურება, კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოსცეს, იქნება ის უარყოფითი თუ დადებითი.

მოქალაქეობის შესახებ კანონის მე–10 მუხლის ბ პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, სხვა საფუძვლებთან ერთად, ასევე ხდება: „საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით)“.

კანონის 33–ე მუხლი განსაზღვრავს მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ამ კანონის ა პუნქტი ამბობს: „უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე“. იმავე მუხლში ცალკე პუნქტი ეხება ე.წ. ორმაგ მოქალაქეობას, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი წყვეტს საკითხს „საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე“.

საიას განმარტებით, ნატურალიზაციასა და ორმაგ მოქალაქეობას შორის ერთ–ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისას პირი ინარჩუნებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. 

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება მოქალაქეობის საკითხის განხილვის წესს განსაზღვრავს. ამ ბრძანებულების მე–11 მუხლის მე–2 პუნქტში ნათქვამია: „[სამოქალაქო რეესტრის] სააგენტო ვალდებულია მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში განმცხადებელს განუმარტოს კანონის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ და მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი“.

ამავე ბრძანებულების დანართში მოცემულ ანკეტაში, რომელსაც პირი ავსებს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, მე–11 პუნქტად მოცემულია ჩანაწერი: „ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო __________ მოქალაქეობაზე“.

„როგორც ამ ტექსტში არაორაზროვნად არის აღნიშნული, ნატურალიზაციის გზით მოქალქეობის მიღების მსურველ პირს უფლება აქვს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა საიამ.

ბიძინა ივანიშვილმა 29 დეკემბერს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ოფიციალურად მიმართა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა. ივანიშვილის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ საფრანგეთის საელჩოდან მიღებულ პასუხში საელჩო აცხადებს, რომ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, რომლის წევრიცაა საფრანგეთი, მას არ აქვს უფლება ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტოს მანამ, სანამ ის არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.

საია აცხადებს, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ივანიშვილი უარს ამბობდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და „შესაბამისად, კანონის ის მიზანი, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული იქნებოდა“.

„კანონმდებლობის მიზანია, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს მიზანი კი მოცემულ შემთხვევაში მარტივად მიღწევადი იყო – საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, მიეღო ბრძანებულება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ და ეს ბრძანებულება ძალაში შესულიყო არა დაუყოვნებლივ (რათა პირს ერთდროულად ორი ქვეყნის მოქალაქეობა არ ჰქონოდა), არამედ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული იქნებოდა ოფიციალური დოკუმენტი მისი საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით დაწერილი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ“, – რეკომენდირებულია საიას განცხადებაში. 

ამასთან, მოქალაქეობის შესახებ კანონის 34 მუხლი უფლებამოსილებას აძლევს პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს მოქალაქეობა. კერძოდ კანონში წერია: „განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16