Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი თბილისის მიერ რუსეთის მიმართ ‘ღია ცის’ ხელშეკრულების შეწყვეტას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 აპრ.'12 / 10:47

თბილისის გადაწყვეტილება შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება „საშიშ პრეცედენტს“ ქმნის, რომელმაც შესაძლოა მთლიანი ხელშეკრულების „დაშლა“ გამოიწვიოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

„ღია ცის“ ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა, საშუალებას აძლევს 34 წევრ სახელმწიფოს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ და ერთმანეთის სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ.

საქართველომ განაცხადა აპრილის დასაწყისში, რომ წყვეტს რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

საქართველოს გადაწყვეტილებამდე, დაახლოებით, ორი წლით ადრე რუსეთმა შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს მის ტერიტორიაზე, კერძოდ კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმდებარე ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებაზე.

კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას.

სწორედ რუსეთის ამ შეზღუდვებით ახსნა საქართველომ საკუთარი გადაწყვეტილება შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე წევრი სახელმწიფოს უფლებების თვითნებური დისკრიმინაციული შეზღუდვის შესაძლებლობას. ქართული მხარის ქმედებები კი იწვევს ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციის უფლებების დარღვევას და საშიშ პრეცედენტს ქმნის, რომელმაც იმ არცთუ ისე მარტივ სიტუაციასთან ერთობლიობაში, რომელიც ბოლო დროს ღია ცის საკონსულტაციო კომისიაში შეიქმნა, შესაძლოა მთლიანი ხელშეკრულების დაშლა გამოიწვიოს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება „საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების უსამართლო პოლიტიზირების ტიპიურ მაგალითს“ წარმოადგენს. სამინისტროს განცხადებით, თბილისმა იცოდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ მოსკოვი გამოიყენებდა ხელშეკრულების იმ დებულებას, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. 

„მიუხედავად ამისა, ბოლო ორი წლის მანძილზე ქართული მხარე დაჟინებით ცდილობდა მოეპოვებინა ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოებისთვის იმის შესაძლებლობა, რომ ინსპექციური ფრენების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე გაევლოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ. ამ განზრახვების მიზანი იყო საქართველოს პრეტენზიების ხაზგასმა ამ რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც საბოლოოდ ჩამოშორდნენ მას 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შემდეგ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„პრაქტიკული თვალსაზრისით, დაკვირვებისთვის გამოყენებული საშუალებების გათვალისწინებით, ეს შეზღუდვები არაფერს ცვლის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო განცხადებების მიუხედავად, ის არანაირად არ უშლის ხელს ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს ინსპექტორების ხელმისაწვდომობას რუსეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„თბილისის გადაწყვეტილება ნათლად წარმოაჩენს მის მიერ შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში და ნდობის და უსაფრთხოების გაძლიერებაში საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას. საქართველოს მიერ შეიარაღების გაგრძელების ფონზე არც შეიძლება არ დაგვებადოს კითხვა იმაზე, თუ რა არის ის რეალური მიზეზები, რამაც უბიძგა მის ხელისუფლებას არსებითად შეეზღუდა გამჭირვალობა სამხედრო სფეროში. ხომ არ გახდება ეს ნაბიჯი ახალი სამხედრო ავანტიურის პროლოგი?“ – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ის არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზის ახორციელებს და შედეგების შესახებ ხელშეკრულების ყველა მონაწილე მხარეს აცნობებს.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14