ახალი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციასთან „ქართული ოცნება“ ასოცირდება და რომლის მიზანიც, როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ სამართლებრივი, მორალური და ფინანსური დახმარების აღმოჩენაა ყველა იმ პირისთვის, ვისაც „პოლიტიკური რეპრესიები" შეეხება, უკვე გააფრთხილეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და კონტროლის პალატამ, რომ მისი საქმიანობა შესაძლოა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს.
14 მაისს გაკეთდა განცხადება, რომ იქმნება ფონდი „ქომაგი“, რომელიც პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, "დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მოახდენს წართმეული სოციალურ შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას".
ფონდის თავმჯდომარემ, ია მეტრეველმა განაცხადა, რომ ამ ინიციატივის განხორციელება განაპირობა ბოლო პერიოდში პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან დათხოვნილი პედაგოგების სიმამაცემ და პასუხისმგებლობამ. გავრცელებული ინფორმაციით, რაიონებში რამდენიმე მასწავლებელმა სამუშაო დაკარგა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს უჭერდნენ მხარს. მეტრეველმა ასევე განაცხადა, რომ ფონდში თანხებს, ძირითადად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ჩარიცხავენ. ფონდის განცხადება, რომელიც 14 მაისს გავრცელდა, შეიცავს რამდენიმე საბანკო ანგარიშს, სადაც შემოწირულობების გაკეთებაა შესაძლებელი და ერ–ერთი მიმღებია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის დამფუძნებელიც და დამფინანსებელიც ბიძინა ივანიშვილია.
„ნუ შეგეშინდებათ ხელისუფლების წნეხის და საარსებო საშუალების დაკარგვის. ყველა ადამიანი, რომელსაც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ, ან სხვა პრობლემას შეუქმნიან, ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ამ მიზნით ფონდი „ქომაგი“ დაარსდა. ამ ფონდში თანხებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები და ბიზნესმენები ჩარიცხავენ“, – იტყობინება გაზეთი „რეზონანსი“ ყოფილი სახალხო დამცველის და ამჟამად ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრის სოზარ სუბარის სიტყვებზე დაყრდნობით.
კონტროლის პალატამ, რომელიც პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას აკონტროლებს, განაცხადა, რომ ამგვარი ფონდი თავისი გაცხადებული მიზნებით „დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას“.
„ის იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას“, – განაცხადა კონტროლის პალატამ და დასძინა, რომ ის ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და „კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, რომელთა შორისაც არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, 15 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც ახალ ფონდთან დაკავშირებით კონტროლის პალატის შეშფოთებას იზიარებს.
„საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში, „მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც, შესაძლოა, აღქმულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე“.
ადვოკატმა და ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წევრმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა გაზეთ „რეზონანსს“, რომ ახალი ფონდის საქმიანობა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოვა.
„ამომრჩევლის მოსყიდვა ისეთი ქმედებაა, როდესაც მოქალაქეს მისი ხმის მიღების სანაცვლოდ გარკვეულ საზღაურს ან მატერიალურ სარგებელს ჰპირდები. ამ შემთხვევაში, მე რამდენადაც ვიცი, ფონდის საქმიანობა მხოლოდ იმათზე გავრცელდება, ვინც ხელისუფლებისგან იქნება რეპრესირებული და არა მთელ საზოგადოებაზე. ამდენად, ფონდის საქმიანობის ამომრჩევლის მოსყიდვის კატეგორიაში გაყვანა მცდარია“, – განაცხადა კბილაშვილმა.
15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის თავმჯდომარემ ია მეტრეველმა განაცხადა, რომ „ქომაგს“ არაფერი აქვს საერთო რომელიმე პოლიტიკურ ორგაზაციასთან და დასძინა, რომ პრესაში „ქომაგის“ ივანიშვილთან კავშირზე არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა 15 მაისს უარყო, რომ ახალი ფონდი „ქართულ ოცნებასთან“ და მის ლიდერთან არის კავშირში.
პოლიტიკაში წასვლამდე ივანიშვილი ცნობილი იყო საქართველოში მისი საქველმოქმედო საქმიანობით ფონდ „ქართუს“ და კიდევ რამდენიმე სხვა ფონდების მეშვეობით. ფონდი „ქართუ“ კვლავ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტებს, განუცხადა მისმა წარმომადგენელმა Civil.ge-ს 15 მაისს.