სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს რკინიგზა“ 24 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე 25%–მდე აქციების პირველადი განთავსების (Initial Public Offering, IPO) შედეგად 200-დან 250 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის მიღებას ელის, განაცხადა 16 მაისს სახელმწიფოს კუთვნილმა სს „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც რკინიგზის აქციათა გამყიდველად მოქმედებს.
მისივე განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ თითო სადეპოზიტო ხელწერილი (GDR) 15.25-დან 19 აშშ დოლარამდე შეფასდა. თითო GDR-ში თავმოყრილია რკინიგზის ოცი აქცია.
ასეთი საფასო განაკვეთის დადგენა იმას ნიშნავს, რომ მთლიანობაში „საქართველოს რკინიგზის“ ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარიდან 1 მლრდ აშშ დოლარამდეა შეფასებული.
„საქართველოს რკინიგზა“, რომელიც აპრილში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, მსოფლიოში პირველი სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი რკინიგზა იქნება, რომლის აქციების პირველადი განთავსება მოხდება.
2011 წელს „საქართველოს რკინიგზის“ 285.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების 95%-ზე მეტი სატვირთო გადაზიდვებზე მოდიოდა.
კომპანიის მოგება ცვეთამდე, საპროცენტო ხარჯამდე და გადასახადებამდე (EBITDA) 2011 წელს 155.6 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო მომგებიანობის მარჟამ (EBITDA margin) 54.4% შეადგინა, რაც „მსოფლიო მასშტაბით სარკინიგზო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“.
მთავრობას „საქართველოს რკინიგზის“ აქციათა IPO-ს განსახორციელებლად დაქირავებული ყავს Citigroup-ი და Goldman Sachs International-ი.
„საქართველოს რკინიგზას უნიკალური მდგომარეობა გააჩნია,“ – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ. მისი თქმით, ეს განსაკუთრებული მდგომარეობა გამოიხატება იმაში, რომ ერთის მხრივ, კომპანია მონოპოლისტია, ხოლო მეორეს მხრივ, ის თავად არის უფლებამოსილი განსაზღვროს სატარიფო პოლიტიკა სახელმწიფოს რეგულაციის გარეშე.
„ველით მომავალ ინვესტორებთან შეხვედრას და მათთან ჩვენი გეგმების გაზიარებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომი ზრდისა და განვითარების ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მივიღოთ, რომელსაც ჩვენი ბიზნესისთვის ვხედავთ რეგიონში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ ინგლისურენოვან წერილობით განცხადებაში.