საქართველოს შეიარაღებული ძალები „ყველაზე ავტორიტეტული“ ინსტიტუტია საქართველოში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ივლისს და დასძინა: „არაფერი არ არის უფრო ავტორიტეტული საქართველოში, ვიდრე საქართველოს არმია“.
სააკაშვილმა ეს განცხადება ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გამოსვლისას გააკეთა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხმა დააფასა ჩვენი ოფიცრების და ჯარისკაცების თავგანწირვა“, – განაცხადა სააკაშვილმა, „სიცოცხლის ფასად მათ გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა... ყოველთვის, როცა ჩვენ შევსება გვჭირდება, ჩვენ უპრობლემოდ ვაგროვებთ ახალ ჯარისკაცებს მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მებრძოლი არმია, რადგანაც ჩვენ ვართ ავღანეთში“.
მან ასევე დასძინა, რომ ქართული არმია ფხიზლად და მობილიზებული უნდა იყოს, რადგანაც „საქართველოს დაპყრობის და დამონების მსურველს არ სძინავს“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „თავდაცვის სფეროში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა უკეთესობისკენ, განსაკუთრებით ბოლო 2–3 წლის განმავლობაში“ და დასძინა, რომ ხალხმა ალბათ არც იცის ამის თაობაზე, „იმის გამო, რომ ტელევიზორში ამას არ ვაჩვენებთ“.
„მე დაკვირვებული ვარ, რომ როცა ბევრს ვაჩვენებთ ტელევიზორში, ის საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ის, რაც ჩუმად, წყნარად, მაგრამ საქმის დიდი ცოდნით და თავდადებით კეთდება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველომ „ძალიან კარგი“ საინჟინრო ნაგებობები ააგო ბოლო წლების განმავლობაში. „ამას ტელევიზორში არ ვამბობთ და არ ვტრაბახობთ ამით“, – დასძინა მან.
„ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ რაც ბაჩო [ახალაია] მინისტრად დაინიშნა, თავდაცვის ახალი აკადემიის შექმნა... რომელიც დღეს ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო სამხედრო დაწესებულებაა, ყოველ შემთხვევაში, ევროპის ჩვენ ნაწილში... და ჩვენ ვამაყობთ ამ თავდაცვის აკადემიით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ბაჩოს ხელმძღვანელობით და ჩემი ჩარევით ასევე, ჩვენ შევქმენით ახალი ქართული სამხედრო ინდუსტრია“, – განაცხადა სააკაშვილმა, „რამდენ ჩვენ ხელა ქვეყანას აქვს მსოფლიოში თავისი თავდაცვის ინდუსტრია? შვედეთს, სინგაპურს, ისრაელს, საქართველოს და მე არც ერთი არ მახსენდება სხვა, რომელსაც ნოლიდან შეექმნა და განევითარებინა თვითონ“.
„ჩვენ ვერსადროს ვერ გვექნება დიდი არმია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვეყოლება 100 000–მდე რეზერვისტი, რომელიც მზად იქნება ყველამ თავისი სოფელი, ყველამ თავისი ქუჩა და მიკრორაიონი დაიცვას, თუ ეს დაგვჭირდება“, – განაცხადა მან.
თავის გამოსვლაში სააკაშვილი ასევე შეეხო პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხს და განაცხადა: „ჩვენ დამპყრობელს და მათ ფეხქვეშ გაგებულ უთავმოყვარეო ქართველებს ძალიან აღიზიანებთ იდეა, რომ ქუთაისი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი“.
„საქართველოს სჭირდება რამდენიმე ცენტრი და თვითონ საქართველო უნდა იყოს ცენტრი მთელი რეგიონის... ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას ვეღარაფერი დაუდგება წინ და დარწმუნებული ვარ ამ არჩევნებზე ეს იდეა საბოლოოდ ჩაბეტონდება .... ეს არის ძალიან პოპულარული იდეა საქართველოში“, – განაცხადა მან.