მმართველი პარტიის დეპუტატი ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტმა ხუთი წლის ვადით 25 ივლისს დაამტკიცა შეცვალა რა ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილი.
თორდიას ასევე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება, რომელიც შეუთავსებელია მის ახალ თანამდებობასთან.
ლაშა თორდია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს 2010 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ნაციონალური მოძრაობის სიით ის დეპუტატი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, მანამდე მუშაობდა საჯარო რეესტრის სააგენტოში იურისტად, ასევე იყო პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ყოფილ კონტროლის პალატას, დეკემბრის ბოლოდან პარტიების ფინანსების მონიტორინგის ფუნქციაც დაემატა.
უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 23 ივლისს გააკეთა და ამის მოტივად დაასახელა მისი სურვილი დაეხმაროს კახეთის რეგიონს სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ეს გადაწყვეტილება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება კახეთის ერთ–ერთი მაჟორიტარული ოლქიდან.