ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გადამოწმებულ და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 1 ოქტომბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, 1 აგვისტოს წარდგენილ ერთიან სიაში სულ 3, 385, 844 მოქალაქეა შესული.
ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა 1 აგვისტოს, რომ ეს სია საბოლოო არ არის და შესაძლოა შემდგომი კორექტირება განიცადოს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედგომი შესწორებების შეტანა შესაძლებელია თუმცა ეს უნდა მოხდეს არა უგვიანეს 14 დღით ადრე არჩევნებამდე. საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ უნდა აცნობოს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაგეგმილი რაიმე ცვლილებების თაობაზე.
კაციტაძემ განაცხადა 1 აგვისტოს, რომ დაზუსტებულ სიაში შესულია 310 113 ამომრჩეველი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.
სიაში ასევე შესულია ის 52 648 ამომრჩეველი, რომელიც არც ერთ კონკრეტულ მისამართზე არ არის დარეგისტრირებული.
კაციტაძემ ასევე განაცხადა, რომ გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი; მისი თქმით, ამ ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
კაციტაძის თქმით, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა 188 995–ს შეადგენს; ეს ის ამომრჩევლები არიან, რომლებიც ადრე არასწორად იყვნენ რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე.
იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც ხმას სპეციალურ უბნებზე აძლევენ – როგორიცაა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები – 55 277–ს შეადგენს. იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის კი 207 055 ამომრჩეველია.
საარჩევნო კოდექსში შარშან შეტანილი ცვლილებების თანახმად, პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ იმ პატიმრებს, ვისაც ჩადენილი აქვთ „ნაკლებად მძიმე დანაშაული“.
დღეისათვის, კომისიის თანახმად, ხმის უფლების მქონე პატიმრების რაოდენობა 1 295–ს შეადგენს.
2010 წლის 30 მაისს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 544 770–ს შეადგენდა.