Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პროვოკაციის მცდელობაზე საუბრობს საზღვართან მომხდარი მსხვერპლიანი შეტაკების შემდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 აგვ.'12 / 13:31


კადრი შსს–ის ვიდეო–მასალიდან, სადაც ჩანს შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც ოფიციალური ცნობით, ეკუთვნოდათ შეიაღაღებული ჯგუფის წევრებს, რომლებსაც 29 აგვისტოს შეტაკება მოუვიდათ ქართულ ძალებთან. 

საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა იყო ის მიზეზები, რის გამოც შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოვიდა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხუთშაბათს.

საქართველომ 30 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ოპერაცია კარგად შეიარაღებული 20–კაციანი ჯგუფის წინააღმდეგ, რომლის წევრთა ნაწილიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძირითადად დასრულდა საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ახლოს.

საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სპეცსამსახურების სამი თანამშრომელი და 11 სავარაუდო ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა 29 აგვისტოს მომხდარი შეტაკებისას, რაც ყველაზე მსხვერპლიანი ოპერაცია იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა ვიდეო–მასალა, სადაც ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული დახოცილი სავარაუდო მებრძოლების გვამები მათი სახეების ჩვენების გარეშე. ამ მასალაში ასევე გადაღებულია სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და საბრძოლო აღჭურვილობა.

„ის, ვინც ყველაფერი ეს დააორგანიზირა, მას რამოდენიმე ამოცანა ჰქონდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 აგვისტოს ყვარელში, მის სახლში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან გამართულ სატელევიზიო თათბირზე.

„ერთი იყო, მათ შორის ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა; და 2008 წლის შემდეგ ჩვენები არ ყოფილან საბრძოლო ოპერაციაში ამ მასშტაბის და მინდა ვთქვა, რომ აშკარად პროგრესი აქვთ გაკეთებული და ეს მე ძალიან მიხარია“, – განაცხადა მან.

„მეორე ამოცანა მათი იყო, მე ვფიქრობ, პროვოკაციის მოწყობა და მე ვფიქრობ, ესეც არ გამოუვიდათ. ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაცა იყო  იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს რაიმე საბაბის შექმნა სურს ხოლმე –  აი ასეთი რაღაცეები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება სწორედ მსგავსი საბაბების შექმნას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მოკლული მებრძოლები „მათი მუსლიმანური ტრადიციების დაცვით“ უნდა დაიკრძალონ.

30 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე სტუმრობდა სოფელ ლაფანყურს, რომელიც ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტია სპეცოპერაციის ადგილიდან. მან ადგილობრივებს განუცხადა, რომ "ლეკიანობის" და იმ დროის დაბრუნება, როცა შეიარაღებული პირები გადმოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, „ჩვენი მტრის, საქართველოს დამპყრობლის“ ინტერესებში შედის.

ლაფანყურის ხუთი მკვიდრი მებრძოლებს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ აყვანილი.

ახალგაზრდები 26 აგვისტოს სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრში საქეიფოდ წავიდნენ მთაში. მათი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედია საშუალებებში პირველად 28 აგვისტოს დილით გაჩნდა. ზოგიერთი სააგენტო, ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით, ვარაუდობდა, რომ ისინი შესაძლო გატაცებულები ყოფილიყვნენ. ადგილობრივები ამ ეჭვს იმის საფუძველზე გამოთქვამდნენ, რომ რამდენიმე დღით ადრე მათ რამდენიმე უცნობი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი შენიშნეს სოფლის სიახლოვეს.

28 აგვისტოსვე, რამდენიმე საათის შემდეგ „რუსთავი 2“–მა თავის 3–საათიან გამოშვებაში გამოაცხადა, რომ ხუთივე დაკარგული ნაპოვნი იყო სამძებრო ღონისძიების შედეგად, რომელშიც ჩართულები იყვნენ სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი პოლიცია, სამხედრო პოლიცია და ვერტმფრენი. „რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ ახალგაზრდების გაუჩინარება იმან განაპირობა, რომ მათ გზა აებნათ.

დაღამებისას საქართველოს ხელისუფლებამ ლოპოტას ხეობისკენ ძალების გაგზავნა დაიწყო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი „შეიარაღებული ჯგუფის“ დევნას.

ლაფანყურის მცხოვრებთა თქმით, 28 აგვისტოს მათმა თანასოფლელებმა, რომლებიც დაკარგულ ხუთ ახალგაზრდას ეძებდნენ, დაინახეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი და ამის შესახებ ადგილობრივ სასაზღვრო პოლიციას აცნობეს.

მოვლენათა ამ განვითარების თანახმად, ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რაც მათ გაიგეს, რომ ხუთივე ახალგაზრდა თავისუფალი იყო; თუმცა ისინი წაიყვანეს პოლიციაში და სახლში მხოლოდ 29 აგვისტოს გვიან დაბრუნდნენ. მათ პრესასთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონიათ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ ხუთივე ახალგაზრდას შეიარაღებული პირები კარგად ექცეოდნენ; გაუკვეველი რჩება, თუ რა მოტივი იდგა ამ ახალგაზრდების მძევლად აყვანის უკან.

სამთავრობო ვერსიის თანახმად, შეიარაღებული ჯგუფი ჩაუსაფრდა სასაზღვრო პატრულის მანქანას და რამდენიმე ოფიცერი დააკავა მაშინ, როდესაც ისინი დაკარგულებს ეძებდნენ. ერთმა მესაზღვრემ შესთავაზა მათ ახალგაზრდების და დანარჩენი მესაზღვრეების გათავისუფლება მისი მძევლად დატოვების სანაცვლოდ, რასაც შეიარაღებული ჯგუფი დათანხმდა.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, მათთან მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, რათა გადაეცა საქართველოს ხელისუფლების გზავნილი, რომ არ დაუშვებდა შეიარაღებული ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას და შესთავაზა მესაზღვრის გათავისუფლება და მოლაპარაკებების დაწყება.

ხელისუფლების განცხადებით, მესაზღვრე გაათავისუფლეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ჯგუფმა შეიტყო, რომ მთავრობას მათგან დანებება სურდა, შეიარაღებულმა პირებმა ამაზე უარი თქვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გამოუცხადეს, რომ ის მათი ახალი მძევალი იყო. შსს–ის წარმომადგენელმა თხოვა შეიარაღებულ პირებს ისეთ ადგილას გადასულიყვნენ, სადაც მობილური დაიჭერდა, რათა ტელეფონით ეცნობებინა ზემდგომებისთვის ახალი ვითარების შესახებ, რაზეც ისინი ასევე დათანხმდნენ; ორი შეიარაღებული პირის თანხლებით შსს–ის წარმომადგენელი იმ მიმდებარე ტერიტორიისკენ გაემართა, სადაც ჩასაფრება იყო მოწყობილი; ერთ–ერთი მებრძოლი ორმხრივი სროლისას იქნა მოკლული; ხოლო შემდგომი ცეცხლის გახსნისას მეორე მოკლეს, საქართველოს ხელისუფლების თანახმად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე ასევე ემსხვერპლნენ შეტაკებას, რომლის დროსაც ხუთი ქართველი ძალოვანიც დაიჭრა.

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ინციდენტის სრულყოფილი გამოძიებაა საჭირო.

„ჯერ კიდევ არ არსებობს მაინც საკმარისი ინფორმაცია, რომ სრულფასოვანი ანალიზი გააკეთო“,– განუცხადა ირაკლი ალასანიამ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ტელეკომპანია „მაესტროს“ 30 აგვისტოს.

„ერთი რამე, აშკარად რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ საქართველოს საზღვრები დაუცველია; შეიძლება 20–კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ისე გადმოვიდეს, რომ ეს დარჩეს ჩვენი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყურადღების მიღმა“, – განაცხადა მან, „ასევე სრულფასოვანი გამოძიება იქნება ჩასატარებელი იმაზე, თუ ვინ აწარმოებდა კონკრეტულად მოლაპარაკებას, რაზე მიდიოდა მოლაპარაკება ამ ჯგუფთან და რატომ დაიგეგმა ეს ოპერაცია ისე, რომ მსხვერპლად შეეწირა ამდენი ადამიანი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ იმათ, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა“. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19