Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ ჩანაწერებს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 სექ.'12 / 19:31

(განახლებული: დამატებული აქვს ბოლო აბზაცი ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ, სადაც ნაჩვენებია საუბარი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ წარმომადგენელს შორის).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 სექტემბერს ფარულად ჩაწერილი საუბრები გამოაქვეყნა, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ორ ლიდერს „კანონიერ ქურდებთან“ კავშირში ამხელს.

ჩანაწერებში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი კახა კალაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე. ორივე მათგანმა ჩანაწერებს „ფაბრიკაცია“ უწოდა. 

ერთ აუდიო ჩანაწერში, რომელიც 28 წამი გრძელდება, მამაკაცი, რომელიც შსს–ს თქმით კალაძეა, ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ რვა „კანონიერი ქურდი“ თბილად შეხვდა მას და მხარდაჭერა აღუთქვეს.

კიდევ ერთი ჩანაწერი შეიცავს საუბარს ორ მამაკაცს შორის, რომლებიც შსს–ს თქმით, გუბაზ სანიკიძე და ვალერი ხაბურძანია არიან. ეს უკანასკნელი 2001 წლის ნოემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე საქართველოს უშიშროების მინისტრი იყო. მამაკაცი, სავარაუდოდ, სანიკიძე ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ რუსეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდის“ გათავისუფლებაში დაეხმაროს.

„სისულეებზე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, ამ უნიჭო ფაბრიკაციებზე, რომელიც ერთი მშიშარა კაცის მითითებით არის გაკეთებული“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მას კრიმინალებთან არანაირი კონტაქტები არ აქვს.      

„ეს არის სრული ფაბრიკაცია, ეს არის ტყუილი. არანაირი ურთიერთობა მე ცხოვრებაში არ მქონია ქურდებთან; ვალერი ხაბურძანია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და დასძინა, რომ ის თვეში ერთხელ სკაიპის საშუალებით ელაპარაკებოდა ხაბურძანიას, თუმცა ბოლო ოთხი კვირის მანძილზე მასთან არ უსაუბრია.

„ეს არის სისულელე და სრული ფაბრიკაცია“, – განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ. „მინდა ყველამ კარგად გაიგოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილი უგულავა, მერაბიშვილი და კუდის თანამშრომლები ჩამოსხდნენ და მასალები, რაც უკანონოდ ჩაწერილი ჰქონდათ, დაამონტაჟეს. ამაზე მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. დამთავრებულია მათი საქმე, პირველ ოქტომბერს გაფორმდება ხალხის ნება“. 

იმავდროულად, პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 26 სექტემბერს რაჭაში მხარდამჭერებთან საუბრისას, რომ „კანონიერ ქურდებს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ დახმარებით საქართველოში დაბრუნება სურთ.

„კანონიერ ქურდებს  უნდათ საქართველოში დაბრუნება .... წარმოვიდგინოთ, ამ ქურდების გადმოსახედიდან, რამდენი რამეა მოსაპარი საქართველოში უკვე... ეს ქურდები ოცნებობენ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, მოიპარონ, გაძარცვონ და დააყაჩაღონ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ვერც ერთი ქურდი საქართველოში უკვე ვეღარ ჩამოვა“, – განაგრძო მან. „ჩვენ დავიცავთ ამ ქურდებისგან არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისში იდგნენ იმიტომ, რომ ის ქურდები დააყაჩაღებენ ყველას, მათ შორის ამ პარტიის მხარდამჭერებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის ლიდერები ხელს უწყობენ საქართველოში ქურდების, ყაჩაღების, მხედრიონის დაბრუნებას“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 26 სექტემბერს გორის ცენტრში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, რომ მათ არ უნდა დაუშვან „კანონიერი ქურდების“ დაბრუნება.

გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო მასალა ინგლისური სუბტიტრებით, სადაც ნაჩვენებია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე, რომელიც აფრთხილებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თენგიზ სამხარაძეს, რომ მან არ დაუჭიროს მხარი და არ განახორციელოს აგიტაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ფარულად ჩაწერილ ვიდეოზე ნაჩვენებია კურტანიძე, რომელიც მიმართავს სამხარაძეს: „[ციხის] კადრები რაც ნახე, იმის შემდეგ თუ კიდე სააკაშვილზე, იმ ვირთხაზე დაიწყებ საუბარს, შენ თავს მიხედე მერე... შენ შეგიძლია განცხადება დაწერო და წახვიდე ამ სამსახურიდან, თუ გინდა, რომ ხვალ ადამიანად მოიხსენიებოდე“. როდესაც სამხარაძე, რომელსაც როგორც ჩანს ფარული კამერა ქონდა მიმაგრებული, ეუბნება კურტანიძეს, რომ ის წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდა, კურტანიძე ეკითხება: „რას ასწავლიდი? პიდარასტობა და ცისფერობა რო კარგია ამას ასწავლიდი? მითხარი, აღლუმის ჩატარება მე მინდა? თქვენი პრეზიდენტი უკეთებს პროპაგანდას ყველაფერს და მე არ მინდა ასეთი საქართველო“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48