Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის დაშინებას აქვს ადგილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ოქტ.'12 / 18:42

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები რაიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების წინ არიან შეკრებილი, კერძოდ კი იმ ოლქებში, სადაც ოფიციალური შედეგებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა 3 ოქტომბერს, რომ აქტივისტები კომისიების წევრებზე ზეწოლას ახდენენ.

„ყველაზე მძიმე შემთხვევა ჩვენ გვქონდა წუხელ, თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საოლქო კომისიას ღამის 2 საათზე მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს, ანუ როდესაც გარკვეული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად იქვე მუქარებით შეაცვლევინეს“, – განაცხადა ხარატიშვილმა.
 
თეთრიწყაროს ერთმანდატიან ოლქში უბნების 97.56%–ის წინასწარი შედეგებით, რომელსაც  ცესკო თავის ვებ–გვერდზე აქვეყნებს, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი ხმათა 47.89%–ით უსწრებს „ქართული ოცნების“ კანდიდატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელსაც 46.49% აქვს წინასწარი მონაცემებით მიღებული.

„ასევე დიდი ზეწოლა არის გუშინდელის მერე და ზოგადად დღესაც გრძელდება თერჯოლის საარჩევნო კომისიაზე, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი, საკმაოდ უცენზურო. ეს არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. 

ცესკოს მიერ თერჯოლის ყველა უბნიდან მიღებული მონაცემების თანახმად, თერჯოლაში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 48.78%, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 45.45% აქვს.

ხარატიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შედარებით ნაკლები ზეწოლა, მაგრამ მაინც გარკვეული პრობლემებია ამბროლაურის, ხაშურის, მარტვილის, მარნეულის და სულ 19-მდე საარჩევნო კომისიაში. სერიოზული ინციდენტები მოხდა ხაშურის რამდენიმე უბანშიც მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შემდეგ უბნები დაიხურა.
 
რამდენიმე ოლქში არსებული პრობლემების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, ხარატიშვილი თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ დიპლომატებს ეცნობათ „ზოგიერთი იმ პრობლემის თაობაზე, რომლებსაც სწორედ ახლა აქვს ადგილი“.

„ყველა პარტიის ლიდერმა კანონის უზენაესობის დაცვის ვალდებულება აიღო და კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ არსებობს პროცედურები, რომელთა დაცვაცაა საჭირო. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ პროცედურები არაა დაცული, კანონის უზენაესობა ამბობს, რომ ეს კანონის ფარგლებში უნდა გაასაჩივროთ და ეს ასეც უნდა მოხდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

„ყველაფერი დანარჩენი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გადახვევა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან“, – განაცხადა მან.

„ამრიგად, ჩვენი გზავნილია, იყავით მშვიდად, მიეცით ინსტიტუტებს საშუალება, რომ თავიანთი საქმე მშვიდად და შეუფერხებლად აკეთონ. თუ ისეთი რამ იქნება, რაც თქვენ არ მოგწონთ, ისეთი რამ, რასაც მიიჩნევთ, რომ არასწორედ გაკეთდა, მაშინ გაასაჩივრეთ და ეს კანონის უზენაესობის შესაბამისად გააკეთეთ. ეს არის გზა საქართველოსთვის, რათა მან რეალურად მიაღწიოს იმ ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ მომავალს, საითაც ის ისწრაფვის“, – განაცხადა დიმიტროვმა. 

იმავროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თერჯოლაში, ამბროლაურში, ქუთაისში, მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ხაშურში, ბოლნისში "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერები და ასობით აქტივისტი ჩართულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაშინების კამპანიაში.

სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს მისი მხარდამჭერების მობილიზება საოლქო კომისიებთან, „ვინაიდან მათი მხრიდან ძალადობის მუქარა ძალადობის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს, რაც საერთო ჯამში, არჩევნების შედეგების შეჯამებას უქმნის საფრთხეს“. კომისიამ ასევე მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, პრობლემური საკითხები  მხოლოდ ინსტიტუციონალური გზებით გადაწყვიტონ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34