Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და PIK-ის მმართველმა კომპანიამ კონტრაქტი შეწყვიტეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ოქტ.'12 / 14:50


სატელევიზიო კადრის ფოტო, რომელიც პროტესტის ნიშნად დუმილის აქციას ასახავს 15 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებაში.  

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მისი რუსულენოვანი არხის, „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ (PIK) მმართველმა კომპანიამ 20 ოქტომბერს PIK-ს მაუწყებლობა შეუწყვიტეს, რასაც ხუთი დღით ადრე წინ უძღოდა საინფორმაციო გამოშვებების თანამშრომლების მხრიდან უჩვეულო დუმილის პროტესტით ეთერში გასვლა.

PIK–მა, რომელმაც მაუწყებლობა 2010 წლის დასაწყისში დაიწყო და რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაც რუსეთის და ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხია, თუმცა განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხებისაგან, რუსულენოვანი არხის მმართველობას კერძო კომპანია ახორციელებდა, ტელეკომპანია სახელწოდებით PIK, რომელსაც ადრე კომპანია „ალანია“ ერქვა.
 
მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის თანახმად, რომელიც წლის ბოლოს იწურებოდა, PIK-ის 2012 დაფინანსება 14 მილიონ ლარს შეადგენდა.

არხის თანამშრომლებისთვის ხელფასების დარიგებასთან დაკავშირებული ფინანსური სიძნელეები გასულ კვირას წარმოიშვა. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს არხმა შეწყვიტა მაუწყებლობა იმ სატელიტის მეშვეობით, რომლითაც ის 2011 წლის დასაწყისიდან მაუწყებლობდა. ამგვარმა განვითარებამ სპეკულაციები და ეჭვები გამოიწვია თანამშრომლებში იმასთან დაკავშირებით, რომ არხის მუშაობისთვის განკუთვნილი თანხები შესაძლოა არასწორად იქნა გამოყენებული; ასევე გავრცელდა ხმები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მმართველ კომპანიას შორის კონტრაქტის ამოწურვამდე არხის დახურვის თაობაზე.

თავიანთი წუხილების ხაზგასმის მიზნით, არხის ჟურნალისტებმა 15 ოქტომბერს დუმილით გამოხატული პროტესტის აქცია მოაწყვეს ძირითადი საინფორმაციო გამოშვებების დროს. წამყვანები სვამდნენ კითხვებს, როგორიცაა ‘დაიხურება თუ არა არხი?’... რატომ არ უხდიან არხის თანამშრომლებს ხელფასებს?.. რატომ არ სრულდება ვალდებულებები PIK-ის მიმართ?.. სად წავიდა ფული, რომელიც მთელი წლისთვის უნდა ყოფილიყო საკმარისი?,..“ ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცათ, ჟურნალისტები ჩუმად იდგნენ კამერების წინ, რათა პროტესტი გამოეხატათ იმის გამო, რომ ისინი ყველა ამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებდნენ ადმინისტრაციისგან.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს ხელფასები, სავარაუდოდ დაურიგეს და სატელიტური მაუწყებლობაც აღდგა, 20 ოქტომბერს PIK-ის გარშემო მოვლენები სხვანაირად განვითარდა, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხი კონტრაქტის დარღვევაში  დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მმართველ კომპანიასთან შეთანხმებით კონტრაქტს წყვეტდა. როგორც ჩანს, კონფლიქტი არა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მმართველ კომპანიას, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელს და PIK-ის თანამშრომლებს შორის არსებობს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტის შეწყვეტა ორი მიზეზით ახსნა - ჟურნალისტების მდუმარე პროტესტი პირდაპირ ეთერში და სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე „არასანქცირებული“ აწევა. 

„15 ოქტომბერს, ტელეკომპანია PIK -ის თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან განაცხადა, რომ არხის მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის „საკუთრებაა ის კონტენტი, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მაყურებელი“.

„ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდა საწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“ - განაცხადა ჭანტურიამ.

„ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, PIK-ის სიგნალის აწევა სხვა სატელიტზე განხორციელდა.

მან ასევე განაცხადა, რომ კონტრაქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ექსკლუზიური უფლება შეარჩიოს სატელიტური ოპერატორი. 

PIK-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ, რომელიც 2012 წლის იანვრამდე არხის მმართველი კომპანიის პარტნიორი იყო, განაცხადა, რომ ჭანტურიას მიერ გახმოვანებული ბრალდება შესაძლოა საბაბი იყო იმისა, რითიც საზოგადოებრივ მაუწყებელს არხის დახურვის გამართლება სურს. 

მისი თქმით, თუ ფინანსური პრობლემა არსებობს და საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ შეუძლია არხის დაფინანსება, თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, თუ რატომ ვეღარ აფინანსებს ის არხს. აქედან გამომდინარე მათი მოთხოვნაა აუდიტის ჩატარება. 

PIK-ის თანამშრომლებმა 20 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ საბჭოს წევრებს ჭანტურია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ იმ მოტივით, რომ მისი განცხადებები PIK-ის პროტესტთან დაკავშირებით „ღიად დეკლარირებული ცენზურაა“.

„თქვენთვის ალბათ ცნობილია იმ მოვლენების შესახებ, რომელიც უკანასკნელ ხანს ვითარდება ტელეკომპანია PIK–თან მიმართებაში“, - ნათქვამია მიმართვაში, „ჩვენ ამჯერად არ დავიწყებთ იმ აბსურდული ბრალდებების გაბათილებას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია ტელეკომპანია PIK–ს უყენებს. საუბარია, მაგალითად, სატელიტზე არასანქცირებული მაუწყებლობის განხორციელებაზე,  ვინაიდან ეს იურისტების პრეროგატივაა. არც იმ საბიუჯეტო თანხის გაქრობასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, რომელიც კონტრაქტის თანახმად ტელეკომპანია PIK–ისთვის იყო განკუთვნილი. ესეც აუდიტის სამსახურის შესასწავლია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივმართავთ“.

„ამჯერად ჩვენი თქვენდამი მიმართვის საფუძველი ამგვარია: თქვენ  შეგიძლიათ იხილოთ ის წერილი, რომელიც თქვენს მიერ არჩეულმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  ტელეკომპანია PIK–ის ხელმძღვანელობას გამოუგზავნა. ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის სრულიად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის ბრალდება, რომელიც ბატონ გიორგი ჭანტურიას ჩვენს მიმართ გააჩნია. კერძოდ, იგი ითხოვს ტელეკომპანია PIK–თან ურთიერთობების გადახედვას იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გაბედეს და პროტესტი გამოხატეს პირდაპირ ეთერში, დასვეს სრულიად ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, საზოგადოებრივი  მაუწყებლის მენეჯმენტს დარტყმის ქვეშ აყენებს“.

„ამით ბატონი ჭანტურია პირდაპირ  და დაუფარავად ცდილობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, ილაშქრებს ჟურნალისტის მთავარი ფუნქციის წინააღმდეგ, დასვას კითხვა და ახორციელებს დეკლარირებულ ცენზურას. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან ამგვარი განცხადებები მისი პირდაპირი გადაყენების საფუძველი გახდებოდა“.

„ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვითხოვოთ თქვენგან, მოახდინოთ დაუყოვნებლივი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და უნდობლობა გამოუცხადოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი ჭანტურიას მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, რის გამოც ტელეკომპანია PIK–მა მაუწყებლობა შეწყვიტა, სრულ თანხვედრაშია თქვენს შეხედულებებთან“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსადმი მიმართვაში

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22