- ივანიშვილი: ახალი მთავრობა სერიოზულად უყურებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას;
- "ველოდებით, რომ შესატყვისი ნაბიჯი“ გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც;
- უპირველესი ამოცანაა ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა;
- საგარეო სტრატეგიის კორექტირება არ ხდება;
- დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე პოზიცია უცვლელია;
- სააკაშვილი "არ შეუშლის ამ პროცესებს ხელს, თუმცა ხელს ნამდვილად არ შეუწყობს";
- სპეციალური წარმომადგენელი პრემიერ–მინისტრს დაექვემდებარება.
პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) და საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე (მარჯვნივ), 1 ნოემბერი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის წარდგენისას განაცხადა, რომ ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვთან დიალოგს „ვიწყებთ ახალი ფურცლით“ და „ჩვენ ველოდებით, რომ შესატყვისი ნაბიჯი“ გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო იცვლის ევროინტეგრაციის კურსს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალიან დიდი ისტორია – ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით ერთად საბჭოთა კავშირამდე, მერე საბჭოთა კავშირის ჩათვლით, იმის შემდგომ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ დღეს უნდა მოვახერხოთ და ახალ ხარისხში ავიყვანოთ, ჯერ დავარეგულიროთ და შემდეგ ავიყვანოთ ახალ ხარისხში ორი ქვეყნის ურთიერთობები“, – განაცხადა ივანიშვილმა 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც უშუალოდ პრემიერ–მინისტრს დაექვემდებარება, „საკმაოდ მძიმე და რთული“ სამუშაო ელოდება წინ.
კარიერული დიპლომატი ზურაბ აბაშიძე 2000–2004 წლებში საქართველოს ელჩი იყო რუსეთში, მანამდე კი 1993 წლიდან ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიებს ხელმძღვანელობდა. მან დიპლომატიური მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო.
ივანიშვილის თქმით, ზურაბ აბაშიძის გამოცდილება და ასევე მისი კონტაქტები რუსეთში, „შედარებით გააიოლებს იმ მძიმე სიტუაციას“, რაც საქართველოსა და რუსეთის შორის არსებობს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს „გაუაზრებელი ომის“ წინა პერიოდიდან მოყოლებული.
„დღეს ჩავთვალოთ, რომ გავაკეთეთ პირველი ნაბიჯი“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ „შესატყვისი ნაბიჯი“ გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყნის განწყობაა ასეთი“, – განაცხადა მან, „მე ვფიქრობ, რუსეთის განწყობა მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ანალიზით წარმომიდგენია, რომ მათი მხრიდანაც დიდი სურვილი უნდა არსებობდეს, რომ შეიცვალოს დღევანდელი სიტუაცია“.
მისი თქმით, რუსეთთან კონფრონტაციის რიტორიკა არის „გუშინდელი დღის“ მოვლენა და „დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი ფურცლით“.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირველ ეტაპზე აქვს მოლოდინი, რომ „უახლოეს მომავალში აღვადგენთ კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს“.
„რეალისტურია დღეს რომ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები დალაგდეს და შემდგომი ნაბიჯი, უფრო შორი, ალბათ იქნება, რომ ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გეგმავს მუშაობას, რათა „როგორმე მოვახერხოთ წელსვე ჩვენი ციტრუსების გატანა რუსეთის ბაზარზე“, რაც, მისი თქმით, „იქნება იდეალური ვარიანტი“.
რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო 2006 წელს დააწესა. ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა მოსკოვმა სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან. ორი ქვეყანა ამ დრომდე შვეიცარიის შუამავლობით ახორციელებს ურთიერთობებს.
ამასთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს იმ ერთადერთ საჯარო სივრცეს, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ჟენევის ფორმატი „აუცილებლად“ უნდა იქნას შენარჩუნებული.
„რაც შეეხება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ეს ვერ მოხდება სწრაფად“, – განაცხადა მან, „ორივე ქვეყნის ნება ამის რომს გამჟღავნდეს, მაინც ამას დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო“
მისი თქმით, ეს „არ იქნება იოლი პროცესი“, რადგან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისათვის ბარიერს წარმოადგენს რუსეთის მიერ გახსნილი საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ძალიან მჭიდრო კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის ცნობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ „ეს უნდა გადაიზარდოს ღრმა მეგობრობაში და ამის ისტორიული საფუძველი ჩვენ გაგვაჩნია“.
პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგისთვის ახალი პოსტის შემოღება არ ნიშნავს, რომ „ჩვენ კორექტირებას ვაკეთებთ ჩვენს საგარეო სტრატეგიაში“.
„ჩვენი სტრატეგია რჩება უცვლელი“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს იმაზე „უკეთესი არჩევანი“, ვიდრე არის ევროკავშირი და ნატო, არ აქვს.
მისი თქმით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება შეიძლება მოხდეს „ხვალ ან ზეგ“, თუმცა „ხვალ და ზეგ ნატოში შესვლა არ მოხდება, ამას სჭირდება დრო“.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არსებული „ძირითადი წინააღმდეგობა“ მდგომარეობს იმაში, რომ მისთვის „თითქოს მიუღებელია“ საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ.
„მე მესმის, რომ პოლიტიკურად ეს წინააღმდეგობებში მოდის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ორივე განვახორციელოთ: რუსეთთანაც დავალაგოთ ურთერთობები და ნატოსკენ სწრაფვა არ შევანელოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე რა როლი შეიძლება დაიკავოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ პროცესში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის ვერ შეუშლის ხელს რუსეთთან დიალოგს.
თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ კრემლთან მის მთავრობას „არც ფორმალური და არც არაფორმალური შეხება“ არ ჰქონია და არ იცის, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს „დღევანდელ სიტუაციას“, როცა პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ.
მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნა ამ პროცესს „ყველაზე ცოტა ხელს არ უწყობს იმის შემდეგ, რაც ეს პროვოკაციები მან განახორციელა 2008 წელს და მანამდე, არადიპლომატიური გამონათქვამები, რომელიც მან გამოიყენა რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ, დღემდე, მე მგონი, ტოვებს გარკვეულ აგრესიას რუსეთის მხრიდანაც“.
„თუმცაღა მე არ მგონია, რომ დღეს ეს პრინციპული იყოს“, – განაგრძო მან, „გასაგებია, რომ რაღაც მექანიზმით ეს კაცი დარჩა, ინარჩუნებს და აგრძელებს მეექვსე წელიწადს პრეზიდენტობას. მე მგონი რომ არ შეუშლის ეს ამ პროცესებს ხელს, თუმცაღა ხელს ნამდვილად არ შეუწყობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ სწორი გზით ვიაროთ, სწორი მიმართულებით წავიდეთ“.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ორ მეგობრულ ერს შორის ჩვენი ისტორიის შესატყვისი ურთიერთობების“ რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას დაეხმარება ის გამოცდილება, რაც „საუკუნეების“ განმავლობაში გროვდებოდა და მათ შორისაა „ორ ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“ არსებული „ძალიან მეგობრული“ ურთიერთობები.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ზურაბ აბაშიძე სულ ცოტა ოთხჯერ იყო ჩართული არაფორმალურ დიპლომატიაში რუსეთთან, როდესაც ის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში 2008 წლის ნოემბერში და დეკემბერში და ასევე 2009 წლის თებერვალსა და ივნისში სტუმრობდა რუსეთს.
„მე კარგად მესმის, თუ რაოდენ რთულ და საპასუხისმგებლო ამოცანასთან მექნება საქმე“, – განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს 1 ნოემბერს. „რუსეთთან ურთიერთობა, მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე უფრო პრობლემური თემაა“.
„პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება ამ თანამდებობის შემოღების შესახებ ადასტურებს პირადად მის და საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, რომ შეიქმნას რუსეთთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და დიალოგის ახალი დამოუკიდებელი არხი“.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯზე რუსეთის მხარეც გააკეთებს შესაბამის რეაქციას და ისიც გადადგამს ანალოგიურ ნაბიჯს. ბუნებრივია, შენარჩუნებული უნდა იყოს ჟენევის არსებული ფორმატი, რადგან მას თავის სპეციალური დანიშნულება გააჩნია“, – განაცხადა აბაშიძემ.
„ჩვენი აზრით პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის მიზანი უნდა იყოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი პრობლემების განხილვა, მათი ეტაპობრივი მოწესრიგება, მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის შექმნა, პერსპექტივაში კი კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს ალბათ არ იქნება იოლი საქმე. ჩვენ ამას რეალისტურად ვუყურებთ, რომ ვითარება ნამდვილად რთულია“, – განაცხადა მან.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალზე, სამართლიან გადაწყვეტილებებზე, ასევე ერთობლივი საფრთხეების და გამოწვევების წინააღმდეგ შესაძლო კოორდინირებულ ქმედებაზე. ამ მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საქმეებში თავისუფალი არჩევანის პრინციპებს“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, საქართველო შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებს რუსეთს ამ პოსტის შემოღების თაობაზე. საქართველოს და რუსეთს ურთიერთობები შვეიცარიელი დიპლომატების მეშვეობით აქვთ.
„ჩვენ დაველოდებით როგორი რეაქცია იქნება მათი მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც“, – განაცხადა აბაშიძემ.
„ასეთი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერ–მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხს და სპეციალურად შეიქმნა ასეთი თანამდებობა“, – განაცხადა მან. „ახლა უკვე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბურთი რუსეთის მხარეზეა და დაველოდოთ იქიდან რა რეაქცია იქნება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისს ამ პოსტის შემოღების თაობაზე რუსეთთან წინასწარი კონსულტაციები არ ჰქონია.
აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ „ვითარება მართლაც ჩიხურია“.
„მათ აქვთ გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადალახვას ისინი არ აპირებენ, მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უარყოფას ისინი არ აპირებენ; ჩვენც გვაქვს ასეთი წითელი ხაზები მოგეხსენებათ, მაგრამ სანამ ამ წითელ ხაზებამდე მივალთ, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ არსებობს სხვა პრობლემები, სადაც ჩვენ საერთო შეხების წერტილები შეიძლება ვიპოვოთ და ისინი ნაბიჯ–ნაბიჯ მოვაგვაროთ, თუნდაც სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული ურთიერთობები, ჰუმანიტარული კავშირები და ა.შ.“, – განაცხადა აბაშიძემ.
„თუ ნაბიჯ–ნაბიჯ წავალთ, შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ პერსპექტივაში რაღაც სხვა ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდეს, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „წითელი ხაზები ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, ჩვენთვის ეს მოგეხსენებათ არის თავისუფალი არჩევანი ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში და ის გზა და ის ორიენტაცია, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი“.