Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის მერს მთავრობის სხდომა დაატოვებინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'12 / 13:38


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები

თბილისის მერს გიგი უგულავას და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, როდესაც უგულავა მთავრობის სხდომაზე მივიდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ის მიწვეული არ იყო და სხდომა დაატოვებინეს.

გიგი უგულავა მთავრობის კანცელარიაში 9 ნოემბერს სხდომის დაწყებამდე მივიდა, რადგანაც სურდა, რომ მერიას და მთავრობას შორის არსებული დავის მოგვარების საკითხი დაეყენებინა. საქმე ეხება ასიათასობით თბილისელისთვის სოციალური პროგრამების დაფინანსების საკითხს. ეს ის პროგრამებია, რომელთა დაფინანსებაც თავდაპირველად თბილისის მერიის ვალდებულება იყო, თუმცა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ექვსი დღით ადრე, წინა ხელისუფლებამ ამ პროგრამების დაფინანსების ვალდებულება ცენტრალურ მთავრობას დააკისრა.

მას შემდეგ, რაც უგულავამ მთავრობის სხდომა დატოვა, მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის, რაც მოხდა „ყველანაირ ზღვარს სცდება“ და დასძინა, რომ მას უთხრეს, რომ მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებაც კი არ ჰქონდა.  „ეს შენობა გადაიქცევა ნელნელა ქაჯეთის ციხედ... ჩვენ ვიღებთ ნელნელა კარჩაკეტილ მთავრობას, რომელსაც არანაირად აღარ ანაღვლებს ხალხის ბედი“, – განაცხადა უგულავამ.

მთავრობის განცხადებით, თბილისის მერი არ იყო მიწვეული სხდომაზე და ამიტომ იქ ყოფნის უფლება მას არ ჰქონდა. თბილისის მერმა მთავრობას მისი პრესსამსახურის მიერ ჩაწერილი სხდომის ვიდეოს გამოქვეყნება სთხოვა.

მთავრობამ გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ უგულავა შოუს დადგმას შეეცადა პოლიტიკური ქულების დასაწერად.

ხუთწუთიან ვიდეოზე ნაჩვენებია, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრის მისვლამდე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ამაოდ ცდილობდა დაერწმუნებინა უგულავა, რომ დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი, ვინაიდან ის არ იყო მიწვეული სხდომაზე. თადუმაძე ეუბნებოდა უგულავას, რომ კანონი არ ითვალისწინებდა თბილისის მერის დასწრებას მთავრობის სხდომაზე მიწვევის გარეშე. თადუმაძე ასევე ეუბნებოდა მას, რომ ის საკითხი, რომლის დაყენებაც მერს სურდა, საერთოდ არ იყო შესული დღის წესრიგში.

მას შემდეგ, რაც პრემიერი ივანიშვილი მივიდა მთავრობის სხდომაზე და ადგილი დაიკავა, მან უთხრა უგულავას, რომ მთავრობა მას მოიწვევდა სხდომაზე, „თუ საჭირო იქნება“. 

„ბატონო?“ – იკითხა უგულავამ გადამოწმების მიზნით; ივანიშვილმა გაიმეორა, მაგრამ უგულავამ კვლავ სთხოვა მას გაემეორებინა. „როცა განვიხილავთ საკითხს, თუ საჭიროდ ჩავთვლით დაგიძახებთ“, – უპასუხა ივანიშვილმა.

შემდეგ უგულავამ უთხრა ივანიშვილს, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსების საკითხი „საკმაოდ საჩქაროა“, თუმცა პრემიერ–მინისტრმა უპასუხა მას, რომ მან არ უნდა უკარნახოს მთავრობას, რა განიხილოს სხდომაზე.

„მე სწორედ ამის მოსმენა მინდოდა, აპირებს თუ არა მთავრობა ამ საკითხის, რომელიც 600 000 ადამიანს ეხება თბილისში, განხილვას; თუ პასუხს ვიღებ, რომ არ აპირებს განხილვას, მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ აქ დარჩენას და თუ აპირებს, მაშინ...“, – განაცხადა უგულავამ, თუმცა მას ივანიშვილმა შეაწყვეტინა და უთხრა: „არასწორად იქცევი, გიგი“.

„არღვევთ ყველანაირ სუბორდინაციას“, – განაგრძო პრემიერ–მინისტრმა. „თქვენ არ უნდა გვიკარნახოთ; ეს არის მთავრობის სხდომა; თქვენ არ ხართ მთავრობის წევრი. თქვენ არ განსაზღვრავთ დღის წესრიგს“.

„შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა, რომ ადგილობრივ თვითმართველობას არ ჰქონდა მთავრობის სხდომაზე მოსვლის უფლება“,  – უპასუხა უგულავამ.

„თქვენ არღვევთ სუბორდინაციას, კეთილი ინებეთ და მიბრძანდით; როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ“, – მიმართა ივანიშვილმა უგულავას.

„სუბორდინაციას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ სუბორდინაციის საკითხი თვითმმართველობასა და პრემიერს შორის არ არსებობს“, – განაცხადა უგულავამ.

„თქვენ როგორც იქცევით, ასე არ იქცევიან. ასე იქცეოდით და გაგდიოდათ ეს ყველაფერი. ახლა ცოტა წესრიგი უნდა მოვაგვაროთ ქვეყანაში და კეთილი ინებეთ და დაექვემდებარეთ წესრიგს“, – განუცხადა ივანიშვილმა უგულავას. ამ უკანასკნელმა კი უპასუხა: „ძალიან კარგია წესრიგის დამყარებას რომ აპირებთ; უბრალოდ მე მინდა, კიდევ ერთხელ გკითხოთ: მთავრობა აპირებს, თუ არა ამ საკითხის განხილვას?“     

„სამჯერ გიპასუხეთ უკვე; რამდენჯერ უნდა გიპასუხოთ? იქნებ ჩვენ გავაგრძელოთ დღეს მთელი მთავრობის სხდომა პოლემიკა?“ – ჰკითხა ივანიშვილმა.

„მაშინ თუ შეიძლება პატივი დაგვდოთ და გვითხრათ, როდის აპირებს?“ – ჰკითხა უგულავამ ივანიშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუმეორა უგულავას, რომ მთავრობა თბილისის მერს მოიწვევს, როდესაც ამ საკითხის განხილვას გადაწყვეტს.  

„არ არის ნერვების აშლა ამასთან დაკავშირებით საჭირო“, – უთხრა უგულავამ.

„ხუთჯერ გითხარით უკვე“, – უთხრა მას ივანიშვილმა. „რაღაც დებოშს აწყობთ და დემარშს აკეთებთ. გეუბნებით, რომ თქვენ არ გვკარნახობთ და როცა საჭირო იქნება დაგიძახებთ“.
 
„გასაგებია, გავიგე, რომ არ აპირებთ. ეს თქვით და რატომ იშლით ნერვებს“, – მიმართა უგულავამ და ოთახიდან გასვლამდე უთხრა ივანიშვილს: „იცოდეთ, რომ სუბორდინაციის საკითხს რაც შეეხება, თვითმმართველობა არ ექვემდებარება ცენტრალურ მთავრობას. დიდი მადლობა, მე გავიგე, რომ თქვენ არ აპირებთ ამ საკითხის განხილვას. ძალიან ვწუხვარ“.  

„მე თქვენ გასწავლით, რომ თქვენც მიეჩვიოთ წერსიგს ამ ქვეყანაში“, – მიმართა ივანიშვილმა უგულავას.

„ასწავლეთ ჭკუა იმას, ვისაც ეს სჭირდება; დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ; შეურაცხყოფების გარეშე შეიძლება გაკეთდეს ეს“, – განაცხადა უგულავამ ოთახიდან გასვლისას, რომელიც ივანიშვილმა გააცილა სიტყვებით: „კეთილი ინებეთ და მიეჩვიეთ წესრიგს“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19