რასმუსენმა განაცხადა:
- ‘წევრობას მეტი მუშაობა და რეფორმები დასჭირდება’;
- ‘დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის მონიტორინგისთვის ახალი მექანიზმი საჭირო არ არის’;
- ‘მჯერა, რომ მთავრობა დაიცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს’;
- პრემიერ–მინისტრს და პრეზიდენტს: ‘ითანამშრომლეთ და უზრუნველყავით თანაარსებობა’.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ბრიუსელში 14 ნოემბერს ნატოს შტაბინაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ფოტო: ნატო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ბრიუსელში 14 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა დაარწმუნა ის, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი გამოძიება გამჭირვალე და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით განხორციელდება.
მიესალმა რა საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას „მეტი მუშაობა და მეტი რეფორმები დასჭირდება“ და დასძინა, რომ „დემოკრატიის ნამდვილი ტესტი“ იქნება, რომ პრეზიდენტს და მთავრობას შორის თანაარსებობა მომდევნო თვეებში კონსტიტუციის ფარგლებში წარიმართოს.
‘საზიანო იქნება, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღდეგ საქმეები პოლიტიკურად იქნება აღქმული’
ნატოს გენერალურმა მდივანმა 12 ნოემბერს პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი „უკიდურესად შეშფოთებულია“ ბოლო დროს საქართველოს ახალი მთავრობის „პოლიტიკური ოპონენტების“ დაკავებების გამო.
ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, ასევე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე და მე–4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა გასულ კვირას დააკავეს და ერთი წლის წინ ჯარისკაცების ცუდ მოპყრობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით კალანდაძე და შამათავა გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო ახალაიას, რომელსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაც წაუყენეს ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო დაკავებები და წინამორბედი მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად შეაფასა.
სწორედ ამ საკითხმა დაიკავა მთავარი ადგილი ივანიშვილის და რასმუსენის შეხვერდის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
“რა თქმა უნდა, მე დავაყენე ეს საკითხი პრემიერ–მინისტრთან და ნათლად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია”, – განაცხადა რასმუსენმა, „მე შეშფოთებული ვარ, თუ ეს სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულად იქნება აღქმული; ეს ქვეყნის იმიჯისთვის და მთავრობისთვის საზიანო იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლე არ არის – ეს არის ჩემი წუხილი“.
„ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა, რომ ასეთი სასამართლო პროცესები კანონის უზენაესობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად უნდა წარიმართოს, სრული გამჭირვალობის უზრუნველყოფით და შესაბამისი პროცესის უზრუნველყოფით; სწორედ ეს განვაცხადე მე ნათლად. პრემიერ–მინისტრმა დამარწმუნა, რომ ეს ასეც იქნება“, – განაცხადა რასმუსენმა, „აქედან გამომდინარე, უნდა განვაცხადო და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მიმდინარე სასამართლო პროცესებში ჩარევას."
"გვჯერა, რომ ისინი პოლიტიკური ჩარევის გარეშე და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად წარიმართება“, დასძინა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მის მიერ 12 ნოემბერს გაკეთებული განცხადება იმ "პოზიტიური ინტერესით" იყო ნაკარნახები, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად.
„ჩემი წუხილი ეხება იმას, რომ შესაძლოა საზიანო იყოს, თუ სამართლებრივი დევნა, თუ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქმება და მე ვფიქრობ, რომ პრემიერ–მინისტრი ჩემს წუხილს იზიარებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ ხაზი გავუსვათ კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების სრული დაცვის საჭიროებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლო სასამართლო პროცესები გამჭირვალედ წარიმართება პოლიტიკური ჩარევის გარეშე“, – განაცხადა რასმუსენმა.
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განუცხადა მედიის წარმომადგენლებს: „ნუ ცდილობთ ჟურნალისტები ნახოთ სხვაობა ჩვენს პოზიციებში“. მისი თქმით, მისი და ნატოს გენერალური მდივნის პოზიციები, რომ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, „აბსოლუტურად იდენტურია“.
„ჩვენ აბსოლუტურად თანხვედრაში მოვდივართ. ის, რაც მოხდა, და მწუხარებას გამოთქვამს, ამაშიც თანხვედრაში მოვდივართ. ჩვენც ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ჩვენ ვარწმუნებთ გენერალურ მდივანს და საზოგადოებასაც, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. ამაშიც ვეთანხმები, რომ თუ ამას მიეცემა პოლიტიკური დევნის ნიშანი, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი და ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის, რომ ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ამას პოლიტიკური დაკვეთის ნიშანი მისცეს, მხოლოდ მათი პრობლემაა, რამდენადაც დანაშაულები იქნება დამტკიცებული და ხოლო მთლიანად პროცესი გამჭირვალე.
„არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „მე მივეცი ამის პირობა და ახლაც ვიმეორებ, რომ არ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში, მაგრამ სამართლიანობა იქნება. ის, ვინც დააშავებს და ვისაც აქვს კანონდარღვევა, აუცილებლად დაისჯება“.
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მან შესთავაზა გენერალურ მდივანს, რომ ნატომ „ნებისმიერი ფორმით“ მონიტორინგი განახორციელოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ წარმოებაზე.
„ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა და არ ჩათვალა საჭიროდ და ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მას გარკვეული მექანიზმის ჩამოყალიბება შესთავაზა ამ პროცესების დაკვირვების მიზნით.
„მე ვფიქრობ, [ამ შეთავაზებით] პრემიერ–მინისტრს სურდა დავერწმუნებინე კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ მის მკაფიო ერთგულებაში“, – განაცხადა რასმუსენმა. „ბატონო პრემიერ–მინისტრო, მე ნამდვილად ვაფასებ თქვენს ერთგულებას ამ ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, მაგრამ ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახალი მექანიზმი, ახალი ინსტიტუტები; ჩვენ გვაქვს ნატო–საქართველოს კომისია, მე მყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივი დიალოგი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან“.
„პრემიერ–მინისტრის მკაფიო დაპირებებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ ახალი ინსტიტუტების შექმნის საჭიროებას რომლითაც მოვლენებს თვალი უნდა ვადევნოთ. მჯერა, რომ მთავრობა დაიცავს უზენაეს პრინციპებს“, – განაცხადა რასმუსენმა.
'უზრუნველყავით თანაარსებობა'
პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა და მოუწოდა ყველა მხარეს საქართველოში „შეინარჩუნონ ეს იმპულსი და გააძლიერონ დემოკრატიული პროგრესი“.
„მაგრამ დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის სხვადასხვა აქტორის შესაძლებლობა იმუშავონ ერთად ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, მან უთხრა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს და ასევე პრეზიდენტ სააკაშვილს 12 ნოემბერს პრაღაში გამართული შეხვედრის დროს, რომ ორივემ უნდა ითანამშრომლონ, რათა „უზრუნველყონ თანაარსებობა (cohabitation) მომდევნო თვეებში კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში“.
„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა რასმუსენმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო თავისი გადაწყვეტილების ერთგულია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„მაგრამ წევრობას მეტი მუშაობა და მეტი რეფორმები დასჭირდება და მას დასჭირდება კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების ყველა შტოს შორის. ამრიგად, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს საქართველოში შეინარჩუნონ კონსენსუსი საქართველოს ევრო–ატლანტიკურ პოლიტიკაზე და იმუშავონ ერთად, რათა განახორციელონ საჭირო რეფორმები და დაიცვან უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დემოკრატია ჩააბარებს ამ გამოცდას“, – განაცხადა რასმუსენმა.
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში გადაიდო გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავების შემდეგ. მისი თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაარწმუნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში იქნება განხილული და ვიზიტი შედგება.