Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა 215 ადამიანი "პოლიტპატიმრად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად" ცნო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'12 / 19:58


რეზოლუციას, რომლიც მიღებასაც მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" აპლოდისმენტებით შეხვდა, ნაციონალურმა მოძრაობამ "სამარცხვინო" უწოდა.

პარლამენტმა 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც 190 პირს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის, ხოლო 25-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსს ანიჭებს დამათი გათავისუფლების მექანიზმების შექმნის ვალდებულება აიღო.

რეზოლუციას, რომლიც მიღებასაც მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" აპლოდისმენტებით შეხვდა, ნაციონალურმა მოძრაობამ "სამარცხვინო" უწოდა.

საუბარია იმ პირებზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ დაკავებულები და გასამართლებულები სხვადასხვა მძიმე თუ ნაკლებად მძიმე ბრალდებებით. მათ საქმეებს პარლამენტში შექმნილი საზოგადოებრივი სამუშაო ჯგუფი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით ნოემბრიდან სწავლობდა, ხელმძღვანელობდა რა პოლიტიკურ პატიმართა განსაზღვრის თაობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციის კრიტერიუმებით.   

„პოლიტპატიმრად“ აღიარებულთა 190-კაციან სიაში შედიან 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებული 47 პირი; ყინწვისში დაკავებული 24 პირი, რომლებიც შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ცნეს დამნაშავეებად; ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი; ჯაშუშობის ბრალდებით ე.წ. ენვერის საქმეზე გასამართლებული 11 პატიმარი; ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2010 წლის მაისში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დაკავებული პირები; ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის დროს დაკავებულები; სხვადასხვა დროს დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტები, მათ შორის კონსერვატორების (3 ადამიანი), „თავისუფალი დემოკრატების“ (2), რესპუბლიკური პარტიის (2), ქართული ოცნების (5), ეროვნული ფორუმის (3)  - ყველა ეს პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, ასევე ქართული პარტიის (10), თავისუფალი საქართველოს (3), საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს (4) წევრები. სხვადასხვა მოტივებით დაკავებული ინდივიდუალური პირები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე; ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე; 2009 წლის მაისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაია.

ამ ადამიანებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება ეფუძნება სამუშაო ჯგუფის მიერ მათი საქმის მასალებში პოლიტიკური ნიშნების შესწავლას. ეს ჯგუფი საწყის ეტაპზევე დატოვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლებმა იმ მოტივით, რომ ისინი ვერ აიღებდნენ პასუხისმგებლობას სიის იმ ნაწილზე, რომელიც მათი შესწავლის ობიექტი არ ყოფილა. თუმცა საიამ მისცა რეკომენდაცია 54 პირის, მათ შორის 26 მაისის მოვლენების დროს დაპატიმრებულთა, პოლიტპატიმრად აღიარებაზე, ხოლო 5 საქმეზე ანალოგიური რეკომენდაციით პარლამენტს  კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა. ყველა ეს პირი სიის საბოლოო ვერსიაში ფიგურირებს.

ამ სიამ, როგორც რაოდენობრივი, ისე შემადგენლობის კუთხით თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით ცვლილებები განიცადა.

სიიდან ამოღებული არიან 2010 წლის დეკემბერში ე.წ. ტერაქტების საქმეზე დაკავებული და გასამართლებული 7 პირი. დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან პოლიტპატიმართა სიის კრიტიკისას ერთ-ერთ ძირითად აქცენტს სწორედ ამ პირების სიაში შეყვანაზე აკეთებდნენ. კომიტეტი თავდაპირველად აცხადებდა, რომ ამ 7 პირის სიაში ჩართვა არ ეწინააღმდეგებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ „მათ, ვისაც თავისუფლება აღეკვეთათ ტერორიზმის გამო, არ შეიძლება ჩაითვალონ პოლიტიკურ პატიმრებად, თუ ისინი ამ დანაშაულის ჩადენის გამო გაასამართლეს და სასჯელი შეუფარდეს ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად“. მართალია ეს არგუმენტი არ მოუყვანია ამ პირთა სიიდან ამოღების მიზეზად, მაგრამ კომიტეტმა განაცხადა, რომ საჭიროა ამ საქმეების გამოკვლევა და შესწავლა „დამატებით და სიღრმისეულად“.

იმავდროულად, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში აღარ ფიგურირებს ირაკლი ოქრუაშვილი მას შემდეგ, რაც ის საფრანგეთიდან 20 ნოემბერს დაბრუნდა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. კომიტეტის განცხადებით, იმის გამო, რომ ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნილის მოცემულობა აღარ არსებობს, მის საქმესთან დაკავშირებით მსჯელობა იმ კუთხით წარიმართება, რომ მას შესაძლებლობა მიეცეს ისარგებლოს  სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

იმ 25 პირს შორის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში დარჩნენ, არიან  ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი; ასევე ბიძინა გიორგობიანი სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; ბადრი ბიწაძე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე.

მიღებული დადგენილების თანახმად, პარლამენტი იღებს ვალდებულებას "უმოკლეს ვადაში" უზრუნველყოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისაგან გათავისუფლების ანდა სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სიაში მოხვედრილი მსჯავრდებული პირების გათავისუფლების მექანიზმებზე მუშაობა მიმდინარეობს და არ გამორიცხა, რომ ეს დაგეგმილი ამნისტიის აქტით განხორციელდეს.

დადგენილება ასევე ავალებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან დადგენილების მიღების წინ გამართული დებატების დროს გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება, როგორც „ანტისახელმწიფოებრივი“ ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის დაზიანებისკენ და მძიმე დანაშაულში, მათ შორის ჯაშუშობაში და სამხედრო ამბოხში, მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლებისკენ.

დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ მათთვის გასაგებია ოპონენტების წინააღმდეგობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა სია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური „მძევლების“ და პირადი პატიმრების სიას წარმოადგენს.

„ეს კარგი პრეცედენტი იქნება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ პოლიტიკური დევნა არ ხდებოდეს“, - განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26