Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ყოფილი მინისტრები „ბანკი ქართუს“ 'გაკოტრების გეგმაზე' დაკითხეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'12 / 16:07

რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, დაკითხვაზე დაიბარეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, "ბანკი ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ეხება.

21 დეკემბერს დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა ყოფილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, ხოლო შაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაიბარეს მოწმის სახით დასაკითხად.

ჯერჯერობით ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც 15 წლის წინ საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, არავინ არ დაუკავებიათ და ბრალიც არავისთვის წაუყენებიათ.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, ივანიშვილმა, რომელიც იმ დროს ოპოზიციის ლიდერი იყო, მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა, სადაც ნათქვამია, რომ მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერის ინვესტიციები, ძირითადად "ქართუ ბანკში", „საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებული და უხეში პოლიტიკური თავდასხმის სამიზნე გახდა“ მას შემდეგ, რაც მან 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

ივანიშვილი აცხადებდა, რომ 2011 წლის ოქტომბერ–ნოემბერში მიღებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგადასახადო ორგანოებს უპირატესობას ანიჭებდა და რომლის  თანახმადაც, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყო სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებები და მხოლოდ შემდგომ დაფარულიყო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, სპეციალურად „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ იქნა მიმართული, რის შედეგადაც ბანკმა 114.6 მილიონი აშშ დოლარით იზარალა. სადავო საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში მოქმედი დანარჩენი 18 კომერციული ბანკის მიმართ არ იქნა გამოყენებული. ეს რეგულაციები 2012 წლის აპრილის ბოლომდე მოქმედებდა. პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ივანიშვილმა საარბიტრაჟო განაცხადი უკან გამოიტანა, მაგრამ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

სავსებით მოულოდნელად, 21 დეკემბერს საქართველოს 12 კომერციულმა ბანკმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გმობენ ამ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ძალაში აღარაა. ზოგიერთი ამ ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი წინა ხელისუფლებასთან კერძო საუბრებში შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წამყვანმა ბანკებმა საჯაროდ დაგმეს ეს ფაქტი. 
 
 „მიგვაჩნია, რომ 2011 წლის ოქტომბერში მიღებული ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, "ბანკ ქართუს". ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "თიბისი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "ლიბერთი ბანკი" (რომლის აქციონერია 2007–2008 წლებში პრემიერ–მინისიტრი ლადო გურგენიძე), ბანკი "რესპუბლიკა", "ვი თი ბი ბანკი ჯორჯია", "კორ-სტანდარტ ბანკი", "პრივატ ბანკი", "ბაზისბანკი", ბანკი "კონსტანტა", "ინვესტ ბანკი", “კავკასიის განვითარების ბანკი” და „საქართველოს ბანკი"; ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორია ირაკლი გილაური, ნიკა გილაურის ძმა, რომელიც სადავო საკანონმდებლო ცვლილებების მიღების დროს პრემიერ–მინისტრი იყო.

ბანკების ერთობლივ განცხადებამდე ოთხი დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 17 დეკემბერს, რომ ის „დანაშაულებრივ“ სქემას იძიებდა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა, სხვადასხვა სამინისტროების, მათში შემავალი სტრუქტურების და ქვედანაყოფების, პარლამენტის მონაწილეობით და რომელიც მიმართული იყო "ბანკი ქართუს" გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე.

2011 წლის ოქტომბრის ბოლომდე საქართველოს კომერციული ბანკები იმ სისტემით მუშაობდნენ, რომელიც საშუალებას აძლევდა მათ  იპოტეკით დატვირთული ქონების სანაცვლოდ გაეცათ სესხები, ძირითადად ეს უძრავ ქონებას ეხებოდა, და ბანკის გარანტირებულ ინტერესს ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა.  თუმცა, 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ეს წესები შეიცვალა, რის შედეგადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება მიეცა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, შემოსავლების სამსახურის მაშინდელი უფროსის ჯაბა ებანოიძის და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირის დახმარებით, სქემა შეიმუშავა მთავრობასთან ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ბიზნესმენის მონაწილეობით, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში", და რომელთაც უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.

„ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ "ბანკი ქართუს" საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა“, – განაცხადა შსს–მ. 

ამავე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა „ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ“.

20 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტი სააკაშვილი „ქართუ ბანკის“ ამ ბრალდებებსაც შეეხო. მან განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ სწორედ იგი ხელმძღვანელობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობას, მაგრამ მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა, რომ  „ქართუ ბანკს“ შეეწყვიტა არსებობა.

შსს–მ დაკითხვაზე ასევე დაიბარა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა, რადგანაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან საქართველო დატოვა.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა უთხრა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ, რომ გამომძიებლებმა მას „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.

გილაურის თქმით, მან უპახუსა, რომ არ იცოდა ამგვარი სქემის თაობაზე და არაფერი ჰქონდა საერთო ამ ტიპის სქემებთან, ვინაიდან იგი სამწლინახევრის მანძილზე პრემიერ–მინისტრი იყო და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნავდა.

22 დეკემბერს გამომძიებლებმა ასევე დაკითხეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი ანდრო ალავიძე, რომელიც სადავო საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი თანაავტორი იყო.

ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა მას „ბანკი ქართუს“ საქმის პრიორიტეტულ გამოძიებაზე ჰკითხეს, უპასუხა: „უკეთესი იქნებოდა ეს ცოტა მოგვიანებით გამოეკვლიათ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე არ ვუდგენ [სამართლადამცავებს საქმეების] რიგითობას“.  

„მე არ გამოვრიცხავ, რომ იმდენად მარტივია ქართუ ბანკთან დაკავშირებული საქმე, იმდენად შავზე თეთრით არის დაწერილი, რომ პროკურატურას გაუიოლდება აქ საქმე", განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ საქმეში პრაქტიკულად "მთელი პოლიტიკური სტრუქტურა მონაწილეობდა".

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16