- პრემიერ–მინისტრი: ‘უფრო მეტი პოლიტიკაზე ვისაუბრეთ, ვიდრე ეკონომიკაზე’;
- ივანიშვილის თქმით, მისი განცხადება რკინიგზაზე „ნაჩქარევი“ და „პოლიტიკურად გაუმართავი“ იყო.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ბაქოში ოთხშაბათს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომ მან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან „ძალიან სწრაფად გამონახა საერთო ენა“.
„მე მქონდა ძალიან მეგობრული, თბილი და საინტერესო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების შესახებ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მან და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უფრო მეტი პოლიტიკაზე ისაუბრეს, ვიდრე ეკონომიკაზე.
პრემიერ–მინისტრის მიერ ბაქოში ვიზიტამდე ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზის პროექტის შესახებ გაკეთებული განცხადება მედია საშუალებების განხილვის თემა გახდა ორივე ქვეყანაში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უთხრა ჟურნალისტებს თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასიზადესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მან „ნაჩქარევი“ და „პოლიტიკურად გაუმართავი“ განცხადება გააკეთა რკინიგზის პროექტის შესახებ.
გასული კვირის საგაზეთო ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნია. 24 დეკემბერს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მართალია პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ მას შემდეგ, რაც ახალი რკინიგზა არსებული გეგმის მიხედვით 2013 წლის ბოლოსთვის ექსპლოატაციაში შევა, ტვირთბრუნვა შესაძლოა შეუმცირდეს მოქმედ რკინიგზას, რასაც შედეგად მოყვება საქართველოს შავი ზღვის პორტებში ტვირთბრუნვის შემცირება.
26 დეკემბერს ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას საჯაროდ არ უნდა ესაუბრა ამ საკითხზე, არამედ პირდაპირ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან უნდა დაეყენებინა ეს საკითხი.
„როგორც ჩანს, ეს პოლიტიკურად გაუმართავად გამომივიდა და დაიწყეს ამაზე სპეკულაცია ჩვენმა ოპონენტებმა“, – განაცხადა მან. მას სავარაუდოდ პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხი ჰქონდა მხედველობაში ივანიშვილის განცხადებაზე რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით. „კითხვები არც არსებობდა. მე არც დამისვამს მსგავსი კითხვა. პრეზიდენტთან [ალიევთან] შეხვედრის დროს გავიხსენე და ვთქვი, რომ როგორ უნდა იყო ფრთხილად და როგორ უნდა მოახერხო, თუ არსებობს კითხვა, განიხილო ერთმანეთში და შიგნით, და თუ ვერ მოხერხდება, მაშინ შეიძლება ეს დასვა გარეთ. ამ მხრივ, მე შეიძლება ცოტა ვიჩქარე, როდესაც ასეთი დასკვნა გავაკეთე... ამიტომაც, თუკი კითხვები გაჩნდება, ჩვენ დღეს მოვილაპარაკეთ, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან და შიგნით დავსვათ და გავარკვიოთ ისინი“.
მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს იმის გამო, რომ „ძალიან იაფად“ აძლევს საქართველოს ბუნებრივ გაზს, როგორც მან განაცხადა, 145 დოლარად 1 000 კუბურ მეტრზე. ივანიშვილის თქმით, საქართველომ უნდა გამონახოს გზები ქვეყანაში გაზის ტარიფის შესამცირებლად.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის საკითხიც იქნა განხილული, თუმცა „მსჯელობა ამაზე არ დაგვიწყია“.
„ორივე მხარემ ვიცით, რომ ეს საკითხი არის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მუშაობა საზღვრის დემარკაციაზე გაგრძელდება.
ბაქოში ივანიშვილს ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე; საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.
ეს ივანიშვილის უკვე მეორე უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს პრემიერ–მინისტრი გახდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ის ბრიუსელს სტუმრობდა.