საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს.
ამავე ინფორმაციით, აშშ–ის თავდაცვის მდივანმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში დეკემბრის ბოლოს სერჟანტ გიორგი კიკაძის გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ალასანიამ და პანეტამ ისაუბრეს „საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობის საკითხებზე“.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ალასანიამ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად“ და აღნიშნა, რომ ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. ნატომ უკვე შეიყვანა საქართველო თავის გეგმაში, რომელიც ავღანეთში 2014 წლის შემდგომ მისიას ეხება.
ISAF–ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობამ ოქტომბერში 1 560 სამხედროს გადააჭარბა, რითიც საქართველო ნატოს ის უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში.
საქართველომ ავღანეთში 19 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. რვა მათგანი გასულ წელს დაიღუპა. სულ ბოლო მსხვერპლს დეკემბერში ჰქონდა ადგილი, როდესაც გაუჩინარებული სერჟანტი გიორგი კიკაძის ცხედარი 29 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციის მუსა ქალას რაიონში იპოვეს.
აშშ–ის საელჩომ თანაგრძნობა გამოუხატა კიკაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს „ნატოს ავღანეთის ოპერაციაში საერთო ამოცანების გადასაჭრის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“.
„ვაფასებთ, რომ საქართველო ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ძალისხმევის ერთ–ერთი უმთავრესი კონტრიბუტორია. შეერთებული შტატები უსაზღვროდ მადლიერია და პატივს მიაგებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც ამ წვლილს ახლავს“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.