პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერევანში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში 17 იანვარს მოლაპარაკებები გამართა სომხეთის ხელმძღვანელობასთან, განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემები არ არსებობს, მან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა და მზადყოფნა გამოთქვა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე სამუშაოდ, რაც სომხეთს, საქართველოს, მათ შორის სეპარატისტული აფხაზეთის გავლით, რუსეთთან დააკავშირებს.
საქართველოს დელეგაცია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სომხეთს მას შემდეგ ეწვია ერთდღიანი ვიზიტით, რაც დაახლოებით სამი კვირით ადრე აზერბაიჯანს სტუმრობდა. ერევანში ბიძინა ივანიშვილი თავის სომეხ კოლეგას ტიგრან სარგსიანს და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა.
„ძალიან მეგობრული და თბილისი შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა ივანიშვილმა მის სომეხ კოლეგასთან ტიგრან სარგსიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „ჩვენი საუბარი წარიმართა, თითქოს დაბადებიდან ერთმანეთს ვიცნობდით, ისე მარტივად“.
„უმეტეს საკითხზე ჩვენ გადაწყვეტილებები მივიღეთ“, - განაცხადა მან, „რამდენიმე საკითხი დაგვრჩა ისეთი, რომელიც დამატებით განხილვას მოითხოვს და მე მგონი, აქაც ჩვენ კომპრომისს გამოვნახავთ“.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა საერთო ბაზრის შექმნის იდეა, რაც „მე ავიტაცე და ძალიან მომეწონა“.
„ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ მაქსიმალურ ინტეგრირებას გავაკეთებთ ჩვენი ბაზრების და ეს გააიოლებს საერთო ეკონომიკების აღზევებას ორივე ქვეყნის“, - განაცხადა ივანიშვილმა, „ჩვენი ახალი ხელისუფლება, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მოწოდებულია იმისათვის, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის და პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაიზარდოს“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელია.
„ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას იმის გამო, რომ ფაქტობრივად ყველა საკითხთან დაკავშირებით დადებითი მოსაზრება გამოხატა“, - განაცხადა ტიგრან სარგსიანმა.
კითხვაზე რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ უახლოეს ხანებში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის სეპარატისტული აფხაზეთის გავლით, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „ეს შესაძლებელია“. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და „არცთუ ადვილი ურთიერთობების“ გამო „ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან“.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მხედველობაში მაქვს, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები არ არის“, - განაცხადა მან.
„ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, გვქონდა ძალიან დიდი [პრობლემა] და სამწუხაროდ ამ დრომდე რჩება. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ და დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობები. ღრმა და ყველაზე პრობლემური საკითხები, თქვენ იცით, საქართველო ტერიტორიული მთლიანობა, ალბათ ძალიან ჩქარა არ მოგვარდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რკინიგზის საკითხი გაცილებით მალე შეიძლება მოგვარდეს, თუ "ყველა მხრიდან ამის ნება იქნა".
„ქართული მხარე, თავის მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს“, - განაგრძო ივანიშვილმა, „ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ეს საკითხები რაც შეიძლება სწრაფად გადავწყვიტოთ“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი შეხვედრის დროს განიხილეს და დასძინა, რომ ერევანი თავის ძალისხმევას მიმართავს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს“, - განაცხადა ტიგრან სარგსიანმა, „და ჩვენ პროაქტიურ პოზიციას დავიკავებთ ამ საკითხის მოგვარებაში“.
ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის აღდგენის თაობაზე მზადყოფნა პირველად სექტემბერში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოთქვა.
ნოემბერში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რესპოდენტთა 68%-მა განაცხადა, რომ დადებითად უყურებს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის პერსპექტივას; მხოლოდ 6%-მა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება, ხოლო გამოკითხულთა 24%-მა განაცხადა, რომ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
პრესკონფარენციაზე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრებს ჰკითხა იმ „გაუგებრობაზე“, რომელიც მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის „კომენტარს“.
„რა გეშველებათ კაცო, ათასი განმარტება გაკეთდა უკვე ამაზე“, - მიმართა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს, „შვილო, ათასჯერ გააკეთეს განმარტება, ათასჯერ პასუხი გავეცით, თვითონ „რუსთავი 2“-მა გააკეთა განმარტება, სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ ამის მეტი?“
ეს საკითხი უკავშირდება სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან მაია ფანჯიკიძის განცხადების არასწორ ციტირებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, რაზეც მინისტრმა ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში 10 იანვარს ლიტვის პარლამენტის ევროპული კლუბის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო 1news.az-ი იტყობინებოდა, რომ ფანჯიკიძემ განაცხადა: „საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი რჩება. რეგიონში მშვიდობის დამყარება მნიშვნელოვანია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“.
ეს ცნობა რამდენიმე ქართულმა მედია საშუალებამ აიტაცა, ისევე როგორც დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებმაც ფანჯიკიძის გადაყენებაც კი მოითხოვეს.
სინამდვილეში კი ფანჯიკიძემ განაცხადა: „ჩვენ არ ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დისკუსიებში ჩართული. მაგრამ ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მე შემიძლია გავიმეორო ბევრჯერ“.
„დაამახინჯეს, განმარტება გააკეთეს, რომ ეს დამახინჯებული იყო და მაინც იმ სიმახინჯეზე ისევ კითხვას სვამთ“, - განაცხადა ივანიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „ყველაზე მეტს აქტიურობდა ზუსტად ეს ტელევიზია - „რუსთავი 2“ და ორი დღე ხარობდნენ ამ თემით და მერე თვითონვე გააკეთეს განმარტება და ნახეს, რომ ტყუილად ხარობდნენ, იქ არაფერი შეცდომა არ იყო და ყველაფერი იყო ნორმაში“.
„[მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის] თემა არის ძალიან რთული“, - განაცხადა ივანიშვილმა, „მე აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მქონდა საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალიევთან ამასთან დაკავშირებით. მე ის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა ბატონმა ალიევმა, გადავეცი ბატონ პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრემიერ-მინისტრთანაც მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე დაწვრილებით არ შევეხები თემას სად როგორ განვიხილეთ, მაგრამ შემიძლია დღესაც მოგახსენოთ, რომ საკმაოდ მძიმეა საკითხი, საუბედუროდ და როგორც ჩანს, უახლოეს დროში რთული იქნება გადასაწყვეტად. ჩემი სურვილი და მოწოდებაც, თუ გნებავთ, იქნება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირდეს ეს პრობლემა“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა ქართველ კოლეგას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში „გაწონასწორებული პოზიციისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება ყარაბაღზე განცხადებების დამახინჯება. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველს კოლეგებს, რომლებიც ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურნენ ამ დამახინჯებას და გააკეთეს ისეთი კომენტარი, რომელიც შეეფერება საქართველოს პოზიციას“, - განაცხადა პრემიერმა სარგსიანმა.