ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს ჯაბა ებანოიძეს, ბრალი წარედგინათ იმ საქმეზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, "ბანკი ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ეხება.
საქმე ეხება „ბანკ ქართუს“, რომელიც 15 წლის წინ საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე, ივანიშვილმა, რომელიც იმ დროს ოპოზიციის ლიდერი იყო, მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერის ინვესტიციები, ძირითადად "ქართუ ბანკში", „საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებული და უხეში პოლიტიკური თავდასხმის სამიზნე გახდა“ მას შემდეგ, რაც მან 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.
ივანიშვილი აცხადებდა, რომ 2011 წლის ოქტომბერ–ნოემბერში მიღებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგადასახადო ორგანოებს უპირატესობას ანიჭებდა და რომლის თანახმადაც, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყო სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებები და მხოლოდ შემდგომ დაფარულიყო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, სპეციალურად „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ იქნა მიმართული, რის შედეგადაც ბანკმა 114.6 მილიონი აშშ დოლარით იზარალა. სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაგმეს საჯაროდ, საქართველოში მოქმედი დანარჩენი კომერციული ბანკების მიმართ არ იქნა გამოყენებული. ეს საკანონმდებლო რეგულაციები 2012 წლის აპრილის ბოლომდე მოქმედებდა.
პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ივანიშვილმა საარბიტრაჟო განაცხადი უკან გამოიტანა, მაგრამ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.
ადეიშვილი, რომელმაც საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს დატოვა და რომელსაც რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული ცალკე საქმეზე, ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელსაც „ბანკი ქართუს“ საქმეზე ბრალი წარედგინა.
"ქართუ ბანკის" საქმეზე ბრალი ასევე წარედგინათ შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს ჯაბა ებანოიძეს; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მამუკა ლაშხიას; აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ უფროსს ნიკოლოზ მელიას, რომელიც ამჟამად თბილისის ერთ–ერთი რაიონის გამგებელია და კიდევ ორ პირს.
ადეიშვილის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი უარყოფს ბრალდებებს; ასევე უარყო ბრალდებები აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილმა უფროსმა.
შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ და ამავე სამსახურის კიდევ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა აღიარეს, რომ „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მონაწილეობდნენ, განაცხადეს მათმა ადვოკატებმა.
ბრალდებულებს ბრალად ედებათ უფლებამოსილების გადამეტება და ფინანსური დოკუმენტების გაყალბება.
შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს 8 000 ლარიდან 30 000 ლარამდე ოდენობის გირაო შეუფარდა, ხოლო ყოფილ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წინასწარი სასამართლო მოსმენა 7 მარტს იგეგმება, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ კვირას.
ადეიშვილი უკვე იძებნება სამართალდამცავების მიერ ცალკე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებას ეხება. იანვრის დასაწყისში სასამართლომ ადეიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.