Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტი დაატოვებინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'13 / 13:01


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას და ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 2012 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.  

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება შეუწყვიტა.

ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომლის გამოქვეყნების თარიღად მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 21 იანვარი არის მითითებული.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ალასანიას, რომელიც თავდაცვის მინისტრად რჩება, პირველი ვიცე-პრემიერის რანგში. 

პირველი ვიცე-პრემიერი, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს მისი არ ყოფნის დროს.

პრემიერ-მინისტრს სულ ორი მოადგილე ჰყავდა; ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძეს რჩება.

ინფორმაცია ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან დაქვეითების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მესამე დღეს, 23 იანვარს გავრცელდა.

ალასანიამ 23 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და პრემიერ–მინისტრს შორის რაიმე „გაუგებრობას“ ადგილი არ ჰქონია და პირველი ვიცე–პრემიერის პოსტიდან მისი გათავისუფლების მიზეზი მოტივირებულია იმით, რომ მან სრული კონცენტრაცია მოახდინოს თავდაცვის საკითხებზე.

ამას წინ უსწრებდა ირაკლი ალასანიას მიერ 22 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მას „მძიმე“ საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თემაზე.

ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ შიგნით მსჯელობა გაიმართა კოალიციისთვის საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის შეთავაზების შესახებ. მან არც უარყო და არც დაადასტურა, რომ ეს კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა თავად იყოს.

„მე არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა [პარტიაში] ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად“, - განაცხადა ალასანიამ.
 
ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ კოალიციას ერთიანი კანდიდატი ეყოლება პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობაზე ვახტანგ ხმალაძის, რესპუბლიკელი დეპუტატის წარდგენას ემხრობა. 

„მე მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციასთან და მის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ 22 იანვარს.

„მე თავად არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა და მიზეზი გაჩნდა ასეთი უხერხულობის“, - აღნიშნა მან.

ალასანიამ უარყო რაიმე „დაძაბულობის“ არსებობა კოალიციის შიგნით.

„დაძაბულობა არ არის, უბრალოდ ეს იყო აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მის გუნდის წევრს შორის. ეს არის ბუნებრივი“, - განაცხადა მან, „რომ არ გვქონდეს ასეთი ღია საუბრები და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი რომ არ იძლეოდეს ასეთი ღია საუბრის საშუალებას, ბუნებრივია, ეს იქნებოდა ცუდი“

„ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას. ეს არის ერთი გუნდი და როდესაც დადგება მომენტი ამ საკითხის გადაწყვეტის, ჩვენ, კოალიცია ერთად გადავწყვიტავთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რამდენიმე თვე რჩება იმისთვის, რომ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება მოხდეს.

მან ასევე განაცხადა,  რომ კონსულტაციების შედეგად „ერთიან პოზიციამდე“ იქნება დაყვანილი საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე კოალიციის სუბიექტებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა.

ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა გაცხადებული პოზიცია, რომ მისი პარტია საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის პირობებში, ხოლო კოალიციის სხვა წევრები, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას უჭერს მხარს. 

მიმდინარე კვირაში გააქტიურდა მსჯელობა პრეზიდენტის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ საკონსტიტუციო რეფორმის დაგეგმილი კომისიის მსჯელობის საგანი გახდება. დეპუტატებმა ვახტანგ ხმალაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრია, განაცხადეს, რომ განიხილება მოსაზრება, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირ იქნას არჩეული პარლამენტის მიერ, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხზე კოალიციის შიგნით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მოქმედი კონსტიტუციით, 2013 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი, ამჟამად მისთვის გათვალისწინებული ძლიერი უფლებამოსილებებით, პირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს, ამოქმედდება 2010 წლის შემოდგომაზე მიღებული კონსტიტუციის ახალი დებულებები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეიკვეცება პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე.

„თუ [კონსტიტუციური] ცვლილება არ მოხდა, [პრეზიდენტი] აირჩევა ისე, როგორც არის კონსტიტუციის მიერ განსაზღვრული“, - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ საკონსტიტუციო მოწყობის თაობაზე არჩევანს ხალხი პლებისციტის მეშვეობით გააკეთებს.

ამასთან, გადაცემა „აქცენტებში“ დასმულ კითხვაზე, რომ ეჭვები გააჩინა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო შეცვლაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებულმა განცხადებებმა, ალასანიამ უპასუხა:  „მე ვიცი ზუსტად რისთვის ვარ მთავრობაში, მე ვიცი ზუსტად რას ვუჭერ მხარს და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დეკლარირებული პოზიცია არის არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, არამედ არჩევნებამდეც, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი“.

„ერთი წუთითაც არ მინდა დაუშვას ვინმემ საქართველოში და საქართველოს გარეთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა 17 იანვარს რადიო თავისუფლების სომხურ ბიუროს ინტერვიუს დროს განუცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი „უახლოეს მომავალში“ არ შეიცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ნატოსთან. 

„კონტექსტიდან ამოღება ამ შემთხვევაში არასწორია - მან თქვა, რომ არსებობს მაგალითები, როდესაც შეიძლება გქონდეს ნატოსთან ურთიერთობა და ამავდროულად აწყობდე სწორ სტრატეგიულ ურთიერთობას რუსეთთან“, - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე".

მან ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად გასცემს პასუხს მის განცხადებებთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს.

„შეკითხვების უფლება აბსოლუტურად ყველას აქვს და მე ძალიან მივესალმები იმას, რომ მედიის წარმომადგენლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამ შეკითხვებს სვამენ“, - დასძინა ალასანიამ.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19