Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საქართველოში სომეხთა ეპარქიის „პოლიტიზირებულმა განცხადებამ“ გააკვირვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 იან.'13 / 13:43

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის „გაუგებარია“ იმ „პოლიტიზირებული განცხადების“ მოტივი, რომელშიც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ დაგმო მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვაჰაგან ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც „არაკორექტული“ და „ანტისომხური განწყობების გავრცელების“ ხელშემწყობი.

28 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ „ღრმა პატივისცემას“ გამოხატავს „ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხებისა და საქართველოში სომეხთა ეპარქიის მიმართ“ და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური პარტიის „ხედვა ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკურ ერთიანობას ეფუძნება“.

„საქართველოში იყვნენ და დღესაც არიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ პერსპექტივას ყოველგვარი ფობიების, მათ შორის, არმენოფობიის გაღვივებაზე აგებენ. საქართველოს პრეზიდენტს არაერთგზის განუცხადებია, რომ ამგვარი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - ნათქვამია სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.

„ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს საქართველოში სომეხთა ეპარქიის ბოლო განცხადება, რომელიც საქართველოს მოქალაქის ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლებას უკავშირდება. საქართველოს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩახალიანის ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის მიერ განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩახალიანი, რომელიც სასჯელს იარაღთან, შეიარაღებულ ხულიგნობასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო იხდიდა, 24 იანვარს ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან მას შემდეგ, რაც ათწლიანი სასჯელიდან, დაახლოებით, 4.5 წელი მოიხადა.

პრეზიდენტის პრესსამსახურმა ხაზი გაუსვა იმ „კატეგორიულად უარყოფით დამოკიდებულებას“, რომელიც სააკაშვილს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ამნისტიის აქტის მიმართ და განსაკუთრებით „რუსეთის ჯაშუშების" გათავისუფლებისადმი გააჩნია.

„გაუგებარია ის რეაქცია, რომელიც ამ პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოში სომხეთის ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელობამ გამოხატა. გაუგებარია, რატომ გახდა კონკრეტული დამნაშავეების, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშების გათავისუფლების ფაქტი და საქართველოს ახალი მთავრობის საფუძვლიანი კრიტიკა, ასეთი პოლიტიზირებული განცხადების მოტივი ეპარქიის ხელმძღვანელთა მხრიდან“, - აცხადებს სააკაშვილის პრესსამსახური. 

„ვიმედოვნებთ, რომ ეს გაუგებრობა არაინფორმირებულობით იყო გამოწვეული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც ახალქალაქში არსებული იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო 2005 წელს რუსეთის სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გაყვანის წინააღმდეგ და რომელიც ჯავახეთის რეგიონის ავტონომიისკენ მოუწოდებდა, 2008 წლის ივლისში დააპატიმრეს და თავდაპირველად იარაღის უკანონო შენახვის ბრალდება წაუყენეს; შემდეგ მას ხულიგნობასთან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან და დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით დამატებით ორი ბრალდება წაუყენეს 2005 და 2006 წლებში მომხდარი ინციდენტების გამო, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა სასამართლოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის დარბევას.  მისმა მხარდამჭერებმა ჩახალიანის დაპატიმრება დაგმეს და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.

25 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო ჩახალიანის გათავისუფლება და ამ აქტივისტს ჯავახეთის რეგიონიდან  „საქართველოს სახელმწიფოს მტერი“ უწოდა. მან განაცხადა, რომ ჩახალიანი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ  II-მ სთხოვა; სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „დაუშვა ძალიან მძიმე გადაცდომა“, როდესაც ჩახალიანის გათავისუფლებაზე დათანხმდა და დასძინა, რომ ჩახალიანი მან რუსეთის „საამებლად“ გაათავისუფლებინა. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსკოვი სამცხე-ჯავახეთში არეულობების მოწყობას შეეცდება.

„თუ ჩახალიანი რეალურად იყო სეპარატისტი და აგენტი, მაშინ რატომ არ გაასამართლეს ის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით? ამ პარადოქსს ერთი ახსნა აქვს: წინა მთავრობა მართლმსაჯულების სისტემას სპეციფიურად იყენებდა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“, - განაცხადა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში და სააკაშვილი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ  „თავის თავს აგრეთვე ნება მისცა ეხსენებინა მისი უწმიდესობის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის სახელი“.

ეპარქიამ ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ „არ გამოიყენონ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ეხება მშვიდობასა და სიმშვიდეს“  საქართველში, ისევე როგორც  „ორ მოძმე - ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობებს“, რომლებიც კვლავ გაგრძელდება და გაღრმავდება „ნებისმიერი პოლიტიკური ან სხვა უსიამოვნების“ მიუხედავად.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12