Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ცხრა ახალი ელჩი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'13 / 18:53

პარლამენტმა ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე ცხრა ახალი ელჩის კანდიდატურა დაამტკიცა აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგია/ევროკავშირში, იტალიაში, ავსტრია/ეუთოში, უკრაინაში, ლატვიაში,უნგრეთსა და ჩეხეთში.

მართალია ამ ელჩების ოფიციალური ნომინირება პრეზიდენტს არსებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე მოუწია, მაგრამ მათი კანდიდატურები რეალურად ახალმა მთავრობამ შეარჩია. ამასთან დეპუტატებს 20 თებერვლის სხდომაზე ელჩობის კანდიდატურები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე არჩილ გეგეშიძე  82 ხმით დაამტკიცეს. გეგეშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, თუმცა, მას არასდროს უმუშავია დიპლომატიურ პოსტზე. მას 90–იან წლებში პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველის პოზიცია ეკავა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხოლო დღემდე იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი. არჩილ გეგეშიძე ამ ფონდის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, თემურ იაკობაშვილს შეცვლის აშშ-ის ელჩის პოსტზე.

საფრანგეთში ელჩად ეკატერინე სირაძე–დელონეს კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  სირაძე, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, 2007–2011 წლებში სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო.  

ნატალია საბანაძე საქართველოს ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში 96 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა. საბანაძე 2005 წლიდან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო.

კახა სიხარულიძე, რომელიც 2002–2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2006–2007 წლებში ელჩი ჩეხეთში, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 92 ხმით დაამტკიცეს. სიხარულიძე 2012 წლის ივლისიდან  „მეცრე არხზე“ საერთაშორისო სიახლეებს კურირებდა. 

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, რომელიც 2000–2005 წლებში საქართველოს ელჩი იყო ბრიუსელში, ავსტრიაში ელჩად და ეუთოში და ვენაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად 95 ხმით იქნა დამტკიცებული. 2005 წლიდან ზალდასტანიშვილი ბრიუსელში მდებარე ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი იყო.

უკრაინაში საქართველოს ელჩად მიხეილ უკლება 93 ხმით დაამტკიცეს. 90–იან წლებში უკლება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 1998–2001 წლებში პრივატიზაციის მინისტრი, 2005–2008 წლებში ის საქართველოს ელჩი იყო ჩინეთში, ხოლო 2008–2012 წლებში ელჩი ბულგარეთში.

თეიმურაზ ჯანჯალია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, დეპუტატებმა ლატვიაში ელჩად 94 ხმით დაამტკიცეს; 2006 წელს იგი ლატვიაში საქართველოს საელჩოში საქმეთა რწმუნებულად მუშაობდა. 

უნგრეთში საქართველოს ელჩი 94 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა ზაზა კანდელაკი, რომელიც 2003–2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2004–2005 წლებში საქართველოს ელჩად მსახურობდა პოლონეთში. მან ზვიად ჭუმბურიძე შეცვალა ელჩის თანამდებობაზე.

ზაალ გოგსაძე, რომელიც 2004–2008 წლებში საქართველოს ელჩი იყო იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. ოქტომბრის არჩევნების დროს გოგსაძე, რომელიც პარტია ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წევრია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო თერჯოლაში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან წააგო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ახალ ელჩებს „მაღალი დონის პროფესიონალები“ უწოდა და ამასთან, აღნიშნა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნებში ელჩები შეეცვალა, „სწორი“ იყო. მან განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ გამოწვეული ელჩების მიმდინარე მუშაობით, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

„სამწუხაროდ, ვაფიქსირებ, რომ ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ სამინისტროდან მიღებულ დავალებებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16