Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე კორექტირებული კანონპროექტი განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 აპრ.'13 / 21:00

პარლამენტმა 3 აპრილს მეორე მოსმენით ხელმეორედ განიხილა სასამართლოების შესახებ გადამუშავებული კანონპროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტზე მსჯელობა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. მას შემდეგ, რაც დეკემბერში კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია პირველი მოსმენით იქნა მიღებული, ის გადამუშავდა ვენეციის კომისიის მიერ მარტში გამოქვეყნებული რეკომენდაციების შესაბამისად; ინიციატივის შეცვლილი რედაქცია პარლამენტმა მეორე მოსმენით 22 მარტს მიიღო; თუმცა ამის შემდეგ ქართული ოცნების მმართველი კოალიცია კანონპროექტის შემდგომ გადახედვას დათანხმდა, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში უფრო მეტად მოვიდეს.

ამ მოტივმა განაპირობა მეორე მოსმენაზე კანონპროექტის დაბრუნების პროცედურის გამოყენება, რის შემდეგაც პარლამენტს ოთხშაბათს მოუწია მისი მეორე მოსმენით ხელმეორედ განხილვა. თუმცა დეპუტატებმა კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება 3 აპრილს ვერ მოასწრეს იმის გამო, რომ პლენარული სხდომის სამუშაო დრო 21 საათისთვის ამოიწურა.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში ბოლოს აისახა, ეხება 15–წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ. „საპარლამენტო კომპონენტს“.

საბჭოს დაკომპლექტება ორი კომპონენტისგან შედგება. ერთია სასამართლო კომპონენტი – რვა მოსამართლე, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს; ხოლო მეორე „საპარლამენტო კომპონენტად“ მოიხსენიება და მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ.

ამ კომპონენტში შეცვლილი კანონპროექტის თანახმად, ეს ექვსი არამოსამართლე წევრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ხმათა ორი–მესამედით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების ხმებიც იქნება საჭირო. მაგრამ ჩიხის თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტი სთავაზობს ხელმეორე კენჭისყრის გამართვას იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში კანდიდატები ორი–მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ; ასეთ შემთხვევაში უბრალო უმრავლესობა – 76 ხმა  – საკმარისი იქნება, რომ კანდიდატი საბჭოს წევრად დამტკიცდეს.

თუმცა, ანტი–ჩიხური ღონისძიებები არ შეეხება ორ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრიდან სულ ცოტა ორი აუცილებლად იქნება არჩეული ორი–მესამედის მხარდაჭერით; შესაბამისად, ორი ადგილი საბჭოში ვაკანტური მანამ დარჩება, სანამ პარლამენტი სულ ცოტა 100 ხმით კანდიდატებს ვერ აარჩევს.

ამჟამად, ექვსი არამოსამართლე წევრიდან ორს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო დანარჩენი ოთხი დეპუტატია. საბჭოს ეს მოქმედი წევრები ახალი რეგულაციების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში თავის პოსტებს დაკარგავენ.

საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტის წინააღმდეგი იყო მისი განხილვის ყველა ეტაპზე. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ კანონპროექტი სრულად არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

3 აპრილის საპარლამენტო დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ორი–მესამედის უმრავლესობა ე.წ. ანტი–ჩიხურ წესთან ერთად არ არის საკმარისი მექანიზმი, რომელიც გარანტიას მისცემს საპარლამენტო უმცირესობას გავლენა მოახდინოს საბჭოს წევრების არჩევის და დამტკიცების პროცესზე. მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს „დისკრიმინაციული“ წესია, რადგანაც ექვსი წევრიდან ოთხი უბრალო უმრავლესობით შეიძლება აირჩეს, ხოლო ორი წევრის არჩევას აუცილებლად სჭირდება ხმების ორი–მესამედი.

კანონპროექტი შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც რვიდან შვიდი მოსამართლე, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან, დაკარგავენ თავიანთ ადგილებს იმ მოტივით, რომ მათი წევრობის ამჟამინდელი კრიტერიუმები არ აკმაყოფილებს დაგეგმილი ახალი წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს – ეს შვიდი მოსამართლე ან სასამართლოების თავმჯდომარეები, ან მათი მოადგილეები არიან, ანდა საბჭოს წევრებად არჩეული იყვნენ არა პირდაპირ მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი ცხრაწევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.

განახლებული პროექტი ასევე საშუალებას აძლევს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის საბჭოს წევრობაზე იყარონ კენჭი, თუმცა არჩევის შემთხვევაში მათ თავიანთი პოსტების დატოვება მოუწევთ. განახლებული კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული თავიანთი პოსტების დატოვების გარეშე იმ პირობით, რომ ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს სასამართლო კომპონენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, რადგანაც შემოთავაზებული დებულებები საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ითვალისწინებს.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ახალი წესი, რომელიც სასამართლო კომპონენტს ეხება, უზენაეს სასამართლოსთან არის შეთანხმებული და არ გადაიხედება. კანონპროექტის შესახებ კომენტარის გაკეთების თხოვნა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ვენეციის კომისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმა საერთო ჯამში პროგრესს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის კუთხით, ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება. თუმცა, კომისიამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია „დროებითი ზომების“ მიღება, რათა „არსებული საბჭო მისი დაკომპლექტების მომავალ მეთოდს დაუახლოვდეს“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25