კოალიცია ქართული ოცნების წევრმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ იგი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
დავითაშვილმა ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისი კოალიციიდან წასვლის მიზეზი მმართველ უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოებაა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ბოლო წვეთი" სასამართლოს მიერ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას გამართლება იყო.
„ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე, მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს [ქართული ოცნების] მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
იგი პირველი დეპუტატია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა; შედეგად, ქართულ ოცნებას 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 85 დეპუტატი ეყოლება.
ბოლო თვეების მანძილზე დავითაშვილს, რომელიც ხალხის პარტიის ლიდერია, თუმცა პარლამენტში ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა, ხშირად ჰქონდა უთანხმოება მთავრობასთან და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებთან. აპრილის ბოლოს ქართული ოცნება დავითაშვილის კოალიციიდან გარიცხვაზეც კი ფიქრობდა მას შემდეგ, რაც მან ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენა; თუმცა მაშინ დავა მოგვარდა.
2 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საუბრისას დავითაშვილმა დაგმო სასამართლოს მიერ ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობა სამსახურებრივი უფლებამოსილების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების მუხლებში და განაცხადა, რომ „ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება“. მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის სრულიად მიუღებელია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და კოალიციის ზოგიერთმა სხვა წარმომადგენელმა ბაჩო ახალაიას გამართლების შესახებ სასამართლო განაჩენი სასამართლოს დამოუკიდებლობის მტკიცებულებად მიიჩნიეს.
პროკურატურა არასაპარლამენტო ოპოზიციის და ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ახალაიას წინააღმდეგ საკუთარი ვერსიის დამტკიცება.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა უარყო ბრალდებები, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმე სუსტი იყო და განაცხადა, რომ ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 1 აგვისტოს, რომ სასამართლოს განაჩენმა აჩვენა, რომ სასამართლო სისტემა "დამოუკიდებელია" პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს და დასძინა, რომ პროკურატურა გააორმაგებს ძალისხმევას, რათა სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცოს საკუთარი ვერსია ახალაიას წინააღმდეგ.
„ახალაიას გამართლების გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამარჯვებად კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე. „საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხისა, რომელიც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე და ამ კურსის ისეთი თვალსაჩინო მაგალითებისა, როგორიცაა უარის თქმა ნაფიც მსაჯულთა სავალდებულობაზე და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ".
„არ დავფიქრდით კურსის გადასინჯვის აუცილებლობაზე და აი შედეგიც. დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოყვება [ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო] მერაბიშვილის გამართლება და სხვა ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, იგი დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება პარლამენტში. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბების საჭიროებაა, რადგანაც, მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არ გააჩნია რესურსი, რომ ნორმალური ოპოზიცია იყოს.