საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა 21 აგვისტოს.
„თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა აღნიშნა საქართველოს მიმდინარე წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში და მადლობა გადაუხადა მინისტრ ალასანიას იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები და მათი ოჯახები იღებენ“, - ნათქვამია შეხვედრის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა გაიზარდოს სამოქალაქო ზედამხედველობა შეიარაღებულ ძალებზე, რადგან ეს წარმოადგენს თავდაცვის რეფორმის კუთხით დემოკრატიული პროგრესის მკაფიო მაგალითს“.
„თავდაცვის მდივანმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ძალისხმევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით პროგრესისთვის ეფექტურ გზას სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება წარმოადგენს“.
„ორი ლიდერი შეთანხმდა განაგრძონ აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოვება თავდაცვის სფეროში“, - აცხადებს პენტაგონი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებული პრესრელიზი იმის ხაზგასმით იწყება, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მისი ამერიკელი კოლეგის პირველი შეხვედრა იყო პენტაგონში.
„შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შეთანხმდა, რომ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული პროგრესი ხელს შეუწყობს ამ პროცესს“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და საქართველოს თავდაცვის უწყების მცდელობას, რომ გაძლიერდეს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი.