ლატვიის პრემიერ–მინისტრმა ვალდის დომბროვსკისმა 6 სექტემბერს თავის ქართველ კოლეგასთან ბიძინა ივანიშვილთან რიგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.
პრემიერ–მინისტრმა დომბროვსკისმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების ნიშანია.
„მე ასევე გამოვხატე ევროკავშირის შეშფოთება საქართველოში განხორციელებულ დაკავებებზე და ამ ეტაპზე მიმდინარე სასამართლო პროცესებზე და აღვნიშნე, რომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ეს პროცესები, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარეობს, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ, ძალიან გამჭირვალე უნდა იყოს, რათა აჩვენოს, რომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ–მინისტრმა.
ლატვიის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა დაადასტურა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამჭირვალე სამართალწარმოების არსებობის მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ეჭვები, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია.
როდესაც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილს ჰკითხეს დარჩება თუ არა საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კურსის ერთგული, თუ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლის პოზიციას ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ, ივანიშვილმა განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩვენი სტრატეგიის მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება. არ ვფიქრობ, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ევროპა და ნატო ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ამაზე ჩატარდა პლებისციტი საქართველოს მოსახლეობაში. შესაბამისად, სტრატეგია არის შეუცვლელი და საპრეზიდენტო არჩევნები ამაზე გავლენასაც არ მოახდენს, არათუ შეცვლის კურსს“.
მისი თქმით, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აბსოლუტურად იზიარებს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ღირებულებებს.
იმავე საკითხთან დაკავშირებით, შეიცვლის თუ არა საქართველო საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „საქართველოს ამაზე ფიქრიც უფლებაც კი არ აქვს“.
„რაც შეეხება ევრაზიის კავშირს, ან სხვა ნებისმიერ კავშირს, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვენთან ახლოს, ან უფრო მოშორებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლით, ყურადღებით დავაკვირდებით და თუ ის საინტერესო და სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ნებისმიერ გაერთიანებაში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ, ხაზს ვუსვამ, არა ჩვენი სტრატეგიის საფასურად და მის საზიანოდ. სტრატეგია იქნება შეუცვლელი. ამავდროულად, რაც წინააღმდეგობაში არ მოვა ჩვენს სტრატეგიასთან, ნებისმიერი კავშირი შეიძლება განხილულ იქნას ჩვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ნამდვილი მეგობარია და მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ორივე პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას უდიდესი პოტენციალი აქვს.
თუმცა, ივანიშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების შესახებ სატრაბახო არაფერია, რადგანაც სავაჭრო ბრუნვა საქართველოს და ლატვიას შორის ძალიან დაბალია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2012 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 69.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა ლატვიიდან საქართველოში 50.9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან ლატვიაში 19 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ივანიშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ახლო პოლიტიკური ურთიერთობები და მეგობრობა არსებობს, თუმცა ეკონომიკაში იგივე დონე არ არის. ამიტომ, მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად.
პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, რომელსაც ლატვიაში ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, 6 სექტემბერს ლატვიელ ბიზნესმენებსაც შეხვდა.
6 სექტემბერს პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ასევე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს და პარლამენტის სპიკერს სოლვიტა აბოლტინას.
7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება რიგის კონფერენციის დისკუსიას – “აღმოსავლეთის პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე, გასავლელი გზა” და კონფერენციის დასკვნით დისკუსიას – “რა არის ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა.” დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.
ლატვიიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრება 8 სექტემბერს.