დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრი ბაგებში. ფოტო: მონიკა ელენა
8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ „საერთაშორისო დონორთან“, რომლის ვინაობაც ჯერ არ ხმაურდება, 487 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას მოხმარდება, სადაც სულ 6 783 ბინა იქნება, აცხადებს დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე.
„ჩვენი გათვლებით კიდევ 40 000 ოჯახი საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ეს [487 მილიონი] მთლიანად ვერ მოაგვარებს პრობლემას, მაგრამ ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ თბილისში - ვარკეთილსა და კრწანისში, ასევე ბათუმში,“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.
თუმცა ის დონორის ვინაობას ჯერ არ ამხელს. სამინისტრო დონორის დასახელებას მას შემდეგ აპირებს, რაც იანვარში სამი დაგეგმილი ტრანშიდან პირველის გამოყოფა მოხდება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თბილისის ოფიმა, ისევე როგორც სხვა რამოდენიმე ორგანიზაციამ, რომლებიც ამ თემატიკით არიან დაკავებულები, არ იციან თუ ვინ შეიძლება იყოს ეს „საერთაშორისო დონორი“.
ოქტომბრის დასაწყისში დარახველიძემ ჟენევაში UNHCR–ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც სამინისტრომ დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დახმარება ითხოვა, კერძოდ კი 1.5 მილიარდი დოლარის მოძიება, რათა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა მოხდეს.
თუმცა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი ჯერჯერობით ამ თანხის მოზიდვის შესაძლებლობას ვერ ხედავს; მისი თქმით, „ამ გზავნილის საერთაშორისო დონორებისთვის მისაწოდებლად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო“.
„თუ ჩვენ მსოფლიო მასშტაბით დევნილთა სიტუაციას შევხედავთ, საქართველო უნიკალური და მნიშვნელოვანი მაგალითია, სადაც დევნილებისთვის გრძელვადიანი მოგვარების შესაძლებლობა ჩნდება, იმის მიუხედავად რომ მათ ჯერ საკუთარ სახლებში დაბრუნება არ შეუძლიათ. არსებობს მკაფიო პოლიტიკა და მკაფიო სტრატეგია, თუმცა არის რესურსების ნაკლებობა ,“ - ამბობს ვოლკენი.
90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ქვეყანაში 270 000–ზე მეტი ადამიანი იქცა დევნილად. 2008 წლის აგვისტოს ომს დევნილთა ახალი ტალღა მოყვა.
დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები აქცენტს დევნილთა დაბრუნებაზე აკეთებდნენ, რათა ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაესვათ ხაზი. დევნილთათვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობების შექმნა, მათი აზრით, ამ პრინციპზე უარის თქმის ტოლფასი იქნებოდა.
თუმცა, იმ ფონზე, როდესაც სეპარატისტული რეგიონების გარშემო მოლაპარაკებებში დიდი წინსვლა არ შეინიშნებოდა, დევნილთა უმეტესობა გაურკვევლობაში იყო: მათ დაბრუნებაზე ფიქრისკენ უბიძგებდნენ, თუმცა არანაირი სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ არ ჩანდა. დევნილთა ნაწილმა მხოლოდ გალის რაიონში დაბრუნება შეძლო.
მიდგომებში ცვლილება 2007 წელს დაიწყო, როდესაც მთავრობამ ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც დევნილთა ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
ეს სტრატეგია ასახავს დევნილთა უფლებას, რომ დაბრუნდნენ თავიანთი სახლებში, რომელთა დატოვება მათ აიძულეს, თუმცა დოკუმენტი აქცენტს დევნილთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებზე ინტეგრირებაზე აკეთებს. ამ სტრატეგიის განხორციელება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა; ომის შემდეგ მათი დაბრუნების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.
დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების თვალსაზრისით მთავრობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე; მხოლოდ ევროკავშირმა 2008 წლის შემდეგ 150 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.
UNHCR-ში არ ამართლებენ იმ ტენდენციას, რომ ამ სტრატეგიის განხორციელება მხოლოდ დევნილთა და განსახლების სამინისტროს დარჩეს.
„ეს სამინისტროთაშორისი ძალისხმევა უნდა იყოს“, – ხაზს უსვამს ვოლკენი. „მართალია ძირითადი სათქმელი ბევრ საკითხზე ამ მიმართულებით დევნილთა და განსახლების სამინისტროზე მოდის, მაგრამ თავისი წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს“.
ადგილებზე ინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებად კვლავ რჩება დევნილთა საცხოვრებლით არაადეკვატური უზრუნველყოფა, ასევე საარსებო წყაროს და დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებობა.
გეგმა ითვალისწინებს სამ ფაზას: ზოგიერთ კოლექტიურ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გარემონტებას და ამ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილთათვის საკუთრების უფლებების გადაცემას; ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას და საკუთრების უფლების გადაცემას; და ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას, რათა მათ იყიდონ ან გაიუმჯობესონ საკუთარი საცხოვრებლები.
თუმცა, ამ პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია. 2010 და 2011 წლებში იმ კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლება, რომლებიც ვერ შეკეთდებოდა ან ინვესტორის მიერ იყო ნაყიდი ან რომელთა საკუთრების საკითხი საერთოდ ბუნდოვანი იყო, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა; მართალია სამინისტრო გამოსახლებულ დევნილებს ალტერნატიულ ფართს ან ფულად კომპენსაციას სთავაზობდა, მაგრამ პროცესი მაინც დიდი სირთულით წარიმართა, რადგან დევნილთა ნაწილი შემოთავაზებული ალტერნატივებით უკმაყოფილო იყო.
2013 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის პროცესი დაიწყო; დევნილთა და განსახლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს საჭიროა, რათა შეიქმნას რეალური სურათი, რაც შემდგომ დევნილთა დახმარების პროცესს გააადვილებს. სამინისტროს ცნობით რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 120 000 -ზე მეტმა დევნილმა გაიარა.
დევნილები პირადად უნდა გამოცხადდნენ რეგისტრაციის გასავლელად. გალში დაბრუნებული პირებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გადმოკვეთონ მდინარე ენგური და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, რაც ზოგიერთი მათგანისთვის არც თუ ისე ადვილია.
მინისტრ დავით დარახველიძის ინფორმაციით, 70%-მდე გალში მაცხოვრებელი დევნილის სტატუსის მქონე პირმა ხელახალი რეგისტრაცია უკვე გაიარა და მხოლოდ მცირე ნაწილი ვერ შეძლებს ზუგდიდში გადმოსვლას. დარახველიძის თქმით, მათთვის სამინისტრო რეგისტრაციის ალტერნატიულ გზებს გამონახავს.
ის პირები, რომლებიც ვერ გაივლიან რეგისტრაციას, ყოველთვიურ დახმარებას დაკარგავენ, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი მას მაშინვე აღიდგენენ, როგორც კი გაივლიან რეგისტრაციას.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დევნილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მწირი რესურსების უკეთესად გადანაწილებას შეუწყობს ხელს.
მთავრობა გეგმავს, რომ დევნილთათვის ყოველთვიური დახმარება 45 ლარამდე გააორმაგოს. ამჟამად ეს დახმარება ყველას ეძლევა, ვისაც დევნილის სტატუსი აქვს მათი განსახლების, შემოსავლის და დასაქმების მიუხედავად.
„დახმარება კვლავაც სტატუსზე მიბმული რჩება და არ არის დაფუძნებული კონკრეტულ საჭიროებებზე“, – ამბობს თინა გევისი, რომელიც უფლებათა დაცვის ოფიცერია ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს თბილისის ოფისში, „დევნილის სტატუსი არის ბილეთი საცხოვრებლის, საკუთრების რეგისტრაციისთვის და საბოლოო ჯამში, დაბრუნებისთვის. თუმცა, ერთნაირი კომპენსაცია ყველასთვის არაეფექტურია: არსებობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთათვისაც 45 ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობენ სხვები რომლებსაც შემოსავლის სხვა წყაროები აქვთ“.
ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება წინადადება, რომ კომპენსაციის გაცემა არ მოხდეს იმ დევნილებზე, რომელთაც ყოველთვიური შემოსავალი 1 500 ლარს ან მეტს შეადგენს, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახებისთვის მიიმართოს; ამასთან კომპენსაციის მოხსნა არ უნდა ითვალისწინებდეს დევნილის სტატუსის დაკარგვას.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აპირებს საქართველოში დაახლოებით ოცწლიანი საქმიანობა 2013 წლის ბოლოსთვის დაასრულოს, რადგანაც, როგორც გევისი ამბობს, „დარჩენილი საჭიროებები არა დევნილობას, არამედ უფრო სიღარიბის დაძლევას უკავშირდება, რასაც უფრო გრძელვადიანი ინვესტიცია სჭირდება ეკონომიკურ განვითარებაში“.
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვა შესაძლოა ახალ გამოწვევას წარმოადგენდეს. იმ დროს, როდესაც დევნილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დევნილთა ახალი ნაკადის წარმოქმნას უწყობს ხელს, UNHCR-ში მთლად არ იზიარებენ ამ მოსაზრებას. ვოლკენი ამბობს, რომ მომავალში გამორიცხული არ არის ეს მართლაც ასე მოხდეს, მაგრამ, მისი თქმით, ამჟამად ეს პროცესი, როდესაც ღობეები ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებზე გადის, მხოლოდ მცირე რაოდენობას ეხება. თუმცა, ვოლკენი ასევე დასძენს, რომ ამ პროცესს ადამიანებზე ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს, რადგან ეს მათში დაუცველობის განცდას აჩენს.