პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 ოქტომბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ნოემბერში გადადგომას გეგმავს, განაცხადა, რომ მომავალ პრემიერ–მინისტრს მოგვიანებით დაასახელებს მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ შაბათს.
პრემიერ–მინისტრმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, რომელშიც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო ხმების დაახლოებით 62%–ით, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ სანამ საჯაროდ დაასახელებს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, მან თავისი არჩევანი კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან უნდა განიხილოს; განხილვა პარასკევს და შაბათსაა დაგეგმილი.
მან კვლავ თავი შეიკავა მომავალი პრემიერ–მინისტრის დასახელებისგან და მხოლოდ ის განაცხადა, რომ კანდიდატი იქნება სრულიად მისაღები ყველასთვის და ძალიან ეფექტური ადამიანი.
ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ცნობილია პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურის შესახებ ის არის, რომ ის მოქმედი მთავრობის წევრია. მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, ეს შესაძლოა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ან შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყოს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდგომ პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, პირველ ეტაპზე მას შესაძლოა ჰქონდეს კონტაქტები მთავრობის წევრებთან, თუ მათ მისი რჩევა დასჭირდებათ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
მისი თქმით, მას შეუძლია საჯაროდ გააკრიტიკოს ისინი და სწორი გზა ასევე საჯაროდ მიუთითოს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მას ოპონენტები ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ის „კრემლის მარიონეტი“ და „პრორუსული“ ორიენტაციის იყო და ახლა მას იმის გამო ედავებიან, რომ კულისებიდან სურს მთავრობის მართვა ისე, რომ ოფიციალურად მას პასუხისმგებლობა მოხსნილი ექნება.
მისი თქმით, ამ ბრალდებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს და მისი სტილი ყოველთვის იყო „თანმიმდევრული და გამჭირვალე“, რაც ეჭვის საფუძველს არ ტოვებდა.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი მისთვის უზარმაზარი ავტორიტეტია და მის აზრს უდიდესი მნიშვნელობა ექნება მისთვის.
ივანიშვილმა უპასუხა, რომ იგი არ ფიქრობს, რომ მარგველაშვილს ხშირად დასჭირდება მისი რჩევის მიღება, ვინაიდან მათ მსგავსი შეხედულებები აქვთ.
ივანიშვილი გაკვირვებულია არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის შედეგებით
პრესკონფერენციის გახსნით სიტყვაში ივანიშვილმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა როგორც „ევროპული არჩევნები“, თუმცა ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობის შესახებ დაიჩივლა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ქართული ოცნების მხარდამჭერები არც თუ ისე აქტიურები იყვნენ, რამაც მისი აზრით, განაპირობა უფრო მაღალი მაჩვენებელი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ დავით ბაქრაძისთვის (21.73%).
მან აღნიშნა, რომ მისი მოწოდებები მაღალი აქტივობისკენ, მხარდამჭერებმა არ გაითვალისწინეს.
„ის 21%–ზე მეტი, რაც მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ჩემთვისაც იყო ძალიან დიდი სიურპრიზი“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მეც კი არ ველოდი ამას უარეს შემთხვევაშიც კი, რომ მსგავსი მოხდებოდა. ესეც კარგად გამოჩნდა, რასაც მუდამ ვამბობდი, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა – ეს ჩემი გადმოსახედიდან, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ“.
მან განაცხადა, რომ იგი ვერც წარმოიდგენდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხმების 18%–ზე მეტს აიღებდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მაღალი პროცენტი გაზრდის მათ პასუხისმგებლობას და ისინი უფრო კონსტრუქციულები გახდებიან.
როდესაც მას ჰკითხეს, აღიარებს თუ არა ის ნაციონალურ მოძრაობას მთავარ ოპოზიციურ ძალად არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, ივანიშვილმა უპასუხა, რომ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს აღიარებს თუ არა ის ნაციონალურ მოძრაობას, რადგანაც არსებობს არჩევნების შედეგები და ის აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს.
მან ასევე განაცხადა: „ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს და პატივს უნდა ვცემდეთ; ყველანი ჩვენ ერთი საზოგადოების წევრები ვართ“.
ივანიშვილმა გაიმეორა, რომ იგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგია.
მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის შესახებ
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელზეც მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა არის საგარეო პოლიტიკა.
„მე ვთვლი, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ შეიძლება ვიყოთ შეთანხმებულები, ეს არის ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესების დაფიქსირება. მე იმედი მაქვს, რომ სიძულვილი, რომელიც ხშირად იჩენს ხოლმე თავს ამ პოლიტიკური ჯგუფის ზოგიერთ წევრებში, არ შეუშლის მათ ხელს, რომ არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობაში ვიყოთ. ეს პოზიციები დავაფიქსიროთ ევროპაში და საერთაშორისო ფორუმებზე“, – განაცხადა მან.
„რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მე ვერ წარმომიდგენია თემა, რომელშიც ჩვენ შეიძლება გაერთიანებულები ვიყოთ“, – დასძინა მან.
როდესაც მარგველაშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნაზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ვინმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა.
თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ადგილი არ ჰქონია და არც ექნება.
მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი არჩევა პრეზიდენტად კოჰაბიტაციის დასრულების მაუწყებელია იმ გაგებით, რომ ეს დაასრულებს კონფრონტაციას პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობას შორის და ამ ურთიერთობებს თანამშრომლობაში გადაზრდის.
„კოჰაბიტაციის დამთავრება ერთპარტიული სისტემის დაწყებას არ გულისხმობს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პარლამენტში წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლების „კონსოლიდაცია“ მოხდება და ახლა მთავრობას და პარლამენტს უფრო გაუადვილდებათ მუშაობა.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიცაა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ტემპის შენელება.
კითხვაზე მიიწვევენ თუ არა სააკაშვილს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, მარგველაშვილმა უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ისეთი გარემო იქნება, რომ მომეცემა მე პატივი, რომ დავესწრო მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას“.
მარგველაშვილი ვილნიუსის სამიტზე
მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ მარგველაშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება, პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი პრეზიდენტის რანგში ვიზიტით ეწვევა იქნება ლიტვა, სადაც ის ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„რა თქმა უნდა, ვილნიუსის შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს არის ევროპული არჩევანის და იმის დადასტურება არა მარტო საქართველოს მხრიდან, მაგრამ ამის აღიარება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა მან.
„ის, რაც მოხდება ვილნიუსში და ეს იქნება ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირება, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, უაღრესად მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენთვის იმიტომ, რომ რეალურად აქ ეყრება ინსტიტუციური საფუძველი საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას“, – განაცხადა მან.
„მაგრამ თქვენ იცით, რომ ვილნიუსის შემდეგ არის მთელი პერიოდი, ეს არის რეალურად ერთწლიანი პერიოდი, როდესაც უაღრესად ბევრი, ასე ვთქვათ, საშინაო დავალება არის გასაკეთებელი“ იმისათვის, რომ 2014 წლის შემოდგომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწეროს ხელი.
მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში „ჩვენ უაღრესად სწორი და მტკიცე ვექტორის დავსახეთ“.
„სხვათა შორის, სირთულეებიც არის აი ამ ვექტორში იმ ფონზე, რომ ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის, მაინც გაჩნდა, ასე ვთქვათ, სირთულეები“, - განაცხადა მან და შემდეგ განაგრძო, „თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებები ეს არის ბატონი ზურაბ აბაშიძის მისია - ეს არის წარმატებული მისია. ჩვენ გვაქვს მეორე ფორმატი - ეს არის ჟენევის ფორმატი, რომლის ინტენსიფიკაცია ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ უფრო მეტი იყოს საუბარი საკითხის გადაწყვეტაზე, იმ პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელიც წამოიშვა 2008 წლიდან“.
მისი თქმით, ორმხრივი მოლაპარაკებები წარმატებულია, რადგანაც ეს ტემპერატურის დაწევას, ურთიერთობებში უნდობლობის შემცირებას და დაძაბულობის განტვირთვას დაეხმარა.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „არსებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებმა ჩაიარა თავისუფლად, სამართლიანად, არავინ მის შედეგებს არ აპროტესტებს“.
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მიმართულებით ეს ხელისუფლება გაატარებს მეგობრულ, კეთილმეზობლურ პოლიტიკას ამ, არც ისე მარტივ რეგიონში არსებული თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ ადმინისტრაციული საზღვრების მოწყობის პროცესი „უაღსესად პრობლემურია“.
მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ პრობლემას პიარისთვის იყენებდა არჩევნების წინ, მაგრამ მიუხედავად ამისა მთავრობამ მოახერხა სიტუაციის კარგად მართვა და კონცენტრაცია გაკეთდა არა „პოლიტიკური ისტერიის ატეხვაზე“, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაზე; მეორე მხრივ, მისი თქმით, მთავრობამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პრობლემა საერთაშორისო არენაზე წამოეწია.
„აი, ასეთი იქნება გაგრძელებული ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ შევეცდებით, რომ შევასუსტოთ დაძაბულობა... უაღრესად რთულია ეს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ვართ მტკიცე იმაში, რომ ჩვენგან არ იქნება აგრესია, ჩვენგან იქნება კონსტრუქციული ხედვა და ამავე დროს, პრინციპული მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ არ აღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, მოხდება ლტოლვილების დაბრუნება და საქართველო არასდროს არ შეეგუება იმ უსამართლობას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა 2008 წელს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.