თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი წინასწარი მოსმენის შემდეგ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ 2011 წლის მაისში საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, რომლის პირველი სხდომაც 11 დეკემბერს დაიგეგმა.
ყოფილ პრემიერ–მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი 2013 წლის მაისში წაუყენეს – დაკავებიდან და სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობის შეფარდებიდან ერთი კვირის თავზე.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მერაბიშვილმა 2011 წლის 25–26 მაისის ღამეს მომიტინგეებზე „ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმის“ ბრძანება გასცა. ბრალდების მხარის განცხადებით, გადაჭარბებული ძალა „განზრახ“ იქნა გამოყენებული აქციის მონაწილეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინების და დასჯის მიზნით.
მერაბიშვილი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
წინასწარი მოსმენა მოიცავს პროცედურებს, როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე და მხარეთა შუამდგომლობებს ისმენს.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მერაბიშვილი მაინც პატიმრობაში დარჩებოდა, რადგანაც მას სხვა ბრალდებების გამოც აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული.
2 დეკემბერს გამართული წინასწარი მოსმენის დროს მერაბიშვილმა უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე და მოსამართლის მიერ პროცესის წარმართვა მოითხოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია და თუ დათანხმდება ნაფიც მსაჯულთა მიერ მისი საქმის განხილვას, ნაფიცი მსაჯულებიც პროკურატურის ზეწოლის ქვეშ მოექცევიან სასურველი განაჩენის მისაღწევად.
მან უთხრა მოსამართლეს 2 დეკემბერს, რომ ეს პოლიტიკური სასამართლო პროცესია და არ უნდა, რომ ნაფიცი მსაჯულებიც ამ პოლიტიკური ზეწოლის ნაწილი გახდნენ.
წინა ორი წინასწარი მოსმენის დიდი ნაწილი იმ მტკიცებულების ერთი ნაწილის დასაშვებობის საკითხს დაეთმო, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატებმა წარადგინეს.
ეს მტკიცებულება არის ანგარიში, რომელიც აშშ–ის საელჩოს დაკვეთით აშშ–ის საკონსულტაციო კომპანიამ Densus Group-მა მოამზადა 2011 წლის ივლისის ბოლოს. ანგარიშში გაანალიზებულია, თუ როგორ ჩატარდა 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ოპერაცია და მოიცავს რეკომენდაციებს პოლიციის მიერ ხალხის მასის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესების თაობაზე.
ამ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპერაციის ტაქტიკური გეგმა და დაზვერვის ანალიზი „სწორი იყო და ზუსტი ინფორმაცია მიეწოდათ პოლიციის თანამშრომლებს დაშლის ოპერაციის განხორციელებამდე“, მერაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარის იმ განცხადებების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, მერაბიშვილმა მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების ბრძანება გასცა.
პროცედურული დარღვევების მოტივით, ბრალდების მხარე წინააღმდეგი იყო, რომ ეს ანგარიში საქმს მტკიცებულების სახით დართოდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ მტკიცებულების წარდგენის დროს დაცვის მხარემ პროცესზე ვერ უზრუნველყო ანგარიშის ავტორების მოწმეების სახით დასაკითხად მოწვევა, რამაც შეუძლებელი გახადა ანგარიშის დეტალების დადასტურება. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ანგარიშის ავტორების დაბარების გარეშე, ისინი ვერავის დაუსვამდნენ კითხვებს იმის თაობაზე, თუ როგორ მომზადდა ანგარიში. მართალია, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ანგარიშის ზოგიერთი ნაწილი ამყარებს მის საქმეს მერაბიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ საერთო ჯამში ანგარიში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიაწოდა მათ. ანგარიშის თანახმად, ის მომზადდა შემთხვევის ადგილიდან არსებული ვიდეოჩანაწერების ნახვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და ოპერაციაში მონაწილე პოლიციის შენაერთების მეთაურების გამოკითხვის საფუძველზე.
2013 წლის აგვისტოში ამ ანგარიშზე კომენტირებისას აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა: „ჩემი შეხედულებით, Densus–ის ანგარიშის მიზანი იყო 26 მაისის მოვლენების შესახებ ობიექტური შეხედულების უზრუნველყოფა სამართლის დაცვის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ორივე მხარის ადვოკატები ანგარიშში აღმოაჩენენ იმ ელემენტებს, რომელთაც ისინი გამოიყენებენ ან ბრალდების ან დაცვის პროცესში. ეს სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო“.
წინასწარი მოსმენის დროს მოსამართლემ დაცვის მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და დათანხმდა ანგარიშის მტკიცებულების სახით შეტანას საქმეში, რათა მისი შემდგომი განხილვა გაგრძელდეს არსებითი განხილვის ეტაპზე.
მერაბიშვილმა, რომელიც ხშირად იყენებს სასამართლო მოსმენებს თავის პოლიტიკური განცხადებებისთვის, განაცხადა 2 დეკემბერს გამართულ წინასწარ მოსმენაზე, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციებს უძღვებოდა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ძალიან კმაყოფილები“ იქნებიან გისოსებს მიღმა მისი ყოფნით.
ბურჯანაძე ბრალდების იმ მოწმეებს შორისაა, რომელთა დაბარებაც ასევე მოსალოდნელია სასამართლო პროცესის მსვლელობისას.
იმავდროულად, მერაბიშვილის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები საქმეზე, რომელიც შარშან წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. მერაბიშვილთან ერთად ამ საქმეზე ასევე ბრალი აქვს წაყენებული ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და კახეთის ყოფილ გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს. იმ დროს მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრი იყო. ორივე მათგანი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ბრალდების მხარის მოთხოვნით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში უკვე დაიკითხა 100–ზე მეტი მოწმე 4 000 მოწმიდან. აქამდე დაკითხული მოწმეები ის ადამიანები არიან, რომლებიც, ბრალდების მხარის განცხადებით, ფორმალურად დაიქირავეს და თანხა გადაუხადეს, რათა მათ უმუშევარი ადამიანების რეგისტრაცია განეხორციელებინათ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე; თუმცა ისინი ფაქტიურად ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა საკუთარი კამპანიის მიზნებისთვის. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმეების ასეთი დიდი რაოდენობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პროცესი გაჭიანურდეს და მერაბიშვილმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს წინასწარ პატიმრობაში. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ ის მოწმეები, რომლებიც უკვე დაიკითხნენ, არ ადებენ ხელს არც მერაბიშვილს და არც ჭიაბერაშვილს, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი ჩინოვნიკი იდგა პარტიის მიზნებისთვის სახელმწიფო სახსრების მითვისების სავარაუდო სქემის უკან.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მოწმეები, რომლებიც ახლა იკითხებიან, ბრალდების იმ განცხადებების დასადასტურებლად გამოიძახეს, რომ ამგვარი სქემა ნამდვილად არსებობდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე, ისინი იმ მოწმეებს დაიბარებენ, რომელთა ჩვენებებიც, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, აჩვენებს კავშირს ამ სქემასა და ორ ბრალდებულს შორის.
ამ ორი საქმის გარდა, მერაბიშვილს ასევე ბრალდებები აქვს წაყენებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება; პროკურატურა მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს, რათა მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა.
მერაბიშვილს ასევე აქვს წაყენებული ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის ცალკე საქმეზე, რომელიც ეხება კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს, როცა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.