ოცდასამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობის მიერ ინიცირებულ ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს შესაძლოა ქვეყნის „დაშლა“ მოყვეს.
5 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილების მქონე და პროექტის შემუშავებაში ჩართულმა რამდენიმე ორგანიზაციამ, მოუწოდეს ხელისუფლებას „არ აყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას“ და არ გაიმეორონ წინა მთავრობების ნაბიჯები, რომლებმაც სეპარატიზმის საფრთხის საბაბით უარი თქვეს არსებული „უუნარო“ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შეცვლაზე.
„ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების დამოუკიდებლად გადაწყვეტის იდეა, შესაძლოა, სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. როგორც წესი, ამ არგუმენტს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კანონის საკუთარ თავზე მორგების მიზნით იყენებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დღეს არსებულ „ფასადური“ თვითმმართველობის სრულიად უუნარო და მოქალაქეებისთვის არაფრის მომცემი სისტემის ფუნქციონირებამდე მიგვიყვანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს გარკვეული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების მიმართ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუღებლად მივიჩნევთ რეფორმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობას, მით უმეტეს იქ, სადაც, მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელება არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან და მის სუვერენიტეტთან, არამედ, ემსახურება ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების და მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის შემოღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ... არ აყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას და არ შეაჩერონ რეფორმის პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას „ნუ გადაუხვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს“ და ადგილობრივ არჩევნებამდე განახორციელონ თვითმმართველობის რეფორმა.
განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"; საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველო".
მოქმედი კანონმდებლობით, მომდევნო ადგილობრივი არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. შემოთავაზებული კანონპროექტის ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ არასაკმარისი დროა დარჩენილი ადგილობრივ არჩევნებამდე რაიმე ძირეული ცვლილებების განხორციელებისთვის; ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შესაძლოა გადაიდოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტი წარმოადგენს „საშიშროებას“, რადგან ეს გამოიწვევს ქვეყნის „დაშლას“ და ხელისუფლებას მისი მიღების წინააღმდეგ მოუწოდა.
დეპუტატებმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს 5 დეკემბერს, რომ პატრიარქის განცხადების შემდეგ მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა. უსუფაშვილს, რომელმაც პატრიარქის განცხადებამდე უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობა ქვეყნის ერთიანობას საფრთხეს უქმნის და მას „სრული ნონსენსი“ უწოდა, ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ესწრებოდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, რომლის სამინისტროც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ კანონპროექტის შემუშავებას კურირებს, განაცხადა 5 დეკემბერს, რომ მართალია კანონპროექტი არ შეიცავს რაიმე „არსებით საფრთხეებს“, მაგრამ მისი ზოგიერთი ნორმა გადაიხედა და პარლამენტი „დახვეწილი“ პროექტის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს; ამ ეტაპზე უცნობია თუ რა შეიცვალა პროექტში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა 5 დეკემბერს, რომ „შიგნით კოალიციაში იყო აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით“. მან ასევე განაცხადა, რომ საერთო ჯამში, ყველა იზიარებს იმ პრინციპს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ძალაუფლება უნდა მიენიჭოს, თუმცა იქვე დასძინა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ბევრი რისკი არსებობს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რომლებიც გარკვეულ რისკებს ქმნიან.
„ჩვენც ვხედავთ რისკებს და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა კოალიციაში... საბოლოო ჯამში, ჩვენი ხედვა დაემთხვა უწმინდესის ხედვას“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მაგრამ კიდევ ერთმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან თამარ კორძაიამ განაცხადა 4 დეკემბერს, რომ იგი ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, როდესაც საზოგადოებას „სრულიად დაუსაბუთებლად“ აწვდიან ინფორმაციას, თითქოს რეფორმა ქვეყნის დაშლას გამოიწვევს. „ამასთან დაკავშირებით მე არ მომისმენია არც ერთი სერიოზული არგუმენტი“, - განაცხადა მან.
ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა 5 დეკემბერს განაცხადა: „სეპარატიზმის საფრთხე დააბრალო ამ კანონპროექტს არის უსამართლობა. თუკი ჩვენ რამეს ისეთს ვხედავთ მასში, გადახედვა შეიძლება და ფორმულირების სხვაგვარად ჩამოყალიბებაც შეიძლება“.