Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ უგულავას თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 დეკ.'13 / 12:26


გიგი უგულავა, რომელსაც სასამართლომ თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერა, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდა 22 დეკემბერს. მის გვედრით მჯდომი პირველი ვიცე-მერი, სევდია უგრეხელიძე შეასრულებს თბილისის მერის მოვალეობას. ფოტო: თბილისის მერია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის პირდაპირი წესით არჩეული მერის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მას შემდეგ, რაც მას ბრალი წარედგინა სახელმწიფოს კუთვნილი 48.18 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეზე.

ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სურდა, თუმცა სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სანაცვლოდ, უგულავას ერთი თვის განმავლობაში 50 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა აღვეთის ღონისძიების სახით.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას უგულავას მხარდამჭერები სასამართლო დარბაზში აპლოდისმენტებით შეხვდნენ, თუმცა რამდენიმე საათში სასამართლომ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა.

უგულავამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა 22 დეკემბერს, რომ მოსამართლის მიერ „პარტიზანული მეთოდებით“ მიღებული ეს „პოლიტიკური“ გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია, რომელიც „დადგმული სპექტაკლის“ ფორმით განხორციელდა და რომლის მიზანიცაა ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერება მომავალი წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელშიც უგულავა თბილისის მერად კენჭისყრას გეგმავს. 

„ამ ბინძურ თამაშში და ამ სულსწრაფ თამაშში, როდესაც 5 თვეც კი ვერ მოიცადეს არჩევნებამდე და იმის თავიც რომ არ ეყოთ, რომ სრულფასოვან, ნორმალურ, კონკურენტულ, თავისუფალ კონკურენციაში ჩაგვეტარებინა წინასაარჩევნო პერიოდი, აი ამ ბინძურ თამაშში ჩართეს სასამართლო“, - განაცხადა უგულავამ, „ეს პრეცედენტი შექმნის ძალიან ცუდ წინაპირობას მომდევნო პერიოდში და დააკნინებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“.

მან ეს განცხადება კვირას თბილისის მთავრობის წევრებთან სატელევიზიო შეხვედრაზე გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მას ოფიციალურად შეუჩერდება უფლებამოსილება, თბილისის მერის მოვალეობას პირველი ვიცე-მერი, სევდია უგრეხელიძე შეასრულებს.
 
უგულავას ადვოკატმა განუცხადა „რუსთავი 2“-ს, რომ სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება, როგორც გირაოს შეფარდების, ისე უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება და ასევე განიხილება შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერია არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება. 

უგულავამ 22 დეკემბერს ასევე გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნავს: „ბრძოლა არ წყდება! არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი, გარდა არჩევნებისა, კონსტიტუციის თანახმად არ არსებობს და მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა არჩევნებზე ხალხის მიერ გამოხატული ნება ფეხქვეშ არ ითელებოდეს დახურულ კაბინეტებში“.

ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ სამართლებრივად „სადავო“ და პოლიტიკურად „მძიმე“ პრეცენდენტს არასახარბიელო შედეგები მოყვება ქართული დემოკრატიისთვის. 

„გუშინ ამ ქვეყანაში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც პროკურატურას ეძლევა საშულება თანამდებობიდან გადააყენოს, უფლებამოსილება შეუჩეროს და პოლიტიკურად გაუსწორდეს მისთვის არასასურველ ნებისმიერ არჩეულ თანამდებობის პირს“, - განაცხადა ბაქრაძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ პარტია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული მოქმედების შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.  

ბრალდებები, რომელიც გიგი უგულავას 18 დეკემბერს წაუყენეს, მოიცავს ორ ეპიზოდს და ორივე მათგანი, პროკურატურის განცხადებით, უკავშირდება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში.

უგულავას მიმართ უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ანალოგიურ საქმეზე, რომელზეც ბრალდებები მას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. მაშინ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეზე, პროკურატურა უგულავასთვის 1 მლნ ლარის გირაოს დაკისრებას და ასევე უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვდა, თუმცა არცერთი ეს შუამდგომლობა სასამართლომ თებერვალში არ დააკმაყოფილა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25