Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 დეკ.'13 / 15:24


კადრი მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან, სადაც ჩანს მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 36 წლისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, 25 დეკემბერი. ეს ფარცხალაძის პირველი საჯარო გამოჩენა იყო ნოემბერში მისი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდეს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც დანაშაულებრივ წარსულში დასდეს ბრალი.

26 დეკემბერს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ ჰქონიათ მიზეზი, რომ ერთი თვის წინ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად  არ დაენიშნათ და იგი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას.

 „მე მქონდა საუბარი პრემიერ–მინისტრთან და მე მივიღე მისგან ძალიან მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ყველაფერი წესრიგშია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით; არ არსებობს არც ერთი ნიუანსი და საკითხი, რომელიც სამართლებრივ, ან მორალურ ან რაიმე სხვა ეჭვს იწვევს მის ბიოგრაფიაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა თავის პირველ კომენტარში ფარცხალაძის შესახებ მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორის შესახებ ბრალდებები გამოითქვა.

იმ ინტერვიუს ანონსში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის გადაცემაში „პოზიცია“ პარასკევს საღამოს გავა, ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ „ფარცხალაძე არის ნასამართლევი და მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში“, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „ხმაური“ ფარცხალაძის გარშემო „მიმაჩნია, რომ არის გადაჭარბებული“.

გიგი უგულავამ, რომელსაც თბილისის მერის უფლებამოსილება აქვს შეჩერებული, განაცხადა 23 დეკემბერს, რომ მთავარ პროკურორს დანაშაულებრივი წარსული აქვს და რომ ის 2001 წელს ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული გერმანიაში. ფარცხალაძემ ნაწილობრივ დაადასტურა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და აღნიშნა 24 დეკემბერს გავრცლებულ წერილობით განცხადებაში, რომ მას 2000 წელს შეემთხვა გერმანიაში „ინციდენტი“ პოლიციასთან და სასამართლომ დაუდგინა „პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა“.

მთავარმა პროკურატურამაც განაცხადა, რომ ბრალდებები მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დანაშაულებრივი წარსულის თაობაზე ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ იგი ჩამოაშორონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში. თავიანთ განცხადებებში ამ საკითხზე ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ამ არგუმენტს იზიარებენ. თუმცა ბევრი ექსპერტი და პოლიტიკური მიმომხილველი, მათ შორის მმართველი კოალიციის მიმართ დადებითად განწყობილები, კრიტიკას გამოთქვამენ და მთავარ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი სკანდალი, რომელმაც შესაძლოა არა მხოლოდ მას მიაყენოს ზიანი, არამედ მთლიანად მმართველ კოალიციას და მთავრობას.

დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებული ბრალდებების გარდა, ფარცხალაძეს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ მას ყალბი დიპლომი აქვს, რის გამოც მას არ ექნებოდა მთავარი პროკურორის პოსტის დაკავების უფლება. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც ფარცხალაძის გადაყენებას ითხოვს, მთავარი პროკურორი საპარლამენტო უმცირესობის მოსმენაზე მიიწვია, რათა მას თავის წარსულთან დაკავშირებულ კითხვებზე გაეცა პასუხი, ასევე იმ ბრალდებებზე, რომ ის ზეწოლას ახდენდა ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილზე; თუმცა, პროკურორმა მათი თხოვნა უპასუხოდ დატოვა.      

25 დეკემბერს ფარცხალაძე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 36–ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდა; თუმცა, მას პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს მთავარი პროკურორის პოსტი დაიკავა.  

უსუფაშვილმა განაცხადა „მაესტროსთან“ ინტერვიუში, რომ მთავარი პროკურორის მიმართ ასეთი ინტერესი „ბუნებრივია“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „დღის სინათლეზე გამოდის ძალიან მძიმე თემები“.  მან განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფარცხალაძის წინააღმდეგ „გაიხსნა ძალიან სერიოზული ფრონტი“. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშვებულია „მცირე შეცდომა“, რადგანაც მან „მყისიერად“ არ გასცა ამომწურავი პასუხი ყველა დასმულ კითხვას.

„მე რომ გითხრათ, რომ ეს მოულოდნელი იყო, არა. მე ამას ველოდი“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ასეთი ფრონტი იყო გახსნილი მანამდეც, პროკურატურის წინა ხელმძღვალებთან, როგორც კი ისინი რაიმე სერიოზულ საკითხს მიადგებოდნენ. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ სვამს ამა თუ იმ კითხვას – თუნდაც ისეთი ხალხი, რომლის მიმართაც ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ მეტი კითხვაა დასმული და ძალიან ხშირად პასუხებიც ნათელია. ჩვენ, ხელისუფლებამ, უნდა გავცეთ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი. მთელ ამ აურზაურში, რომელიც ახლაა ატეხილი, ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული მცირე შეცდომა, რომ მალევე ყველა საკითხზე ამომწურავი, ფაქტობრივი გარემოებებით გამაგრებული პასუხი არ გაიცა. ამან ვნებათაღელვა შეიტანა ამ პროცესში, მაგრამ ნელნელა ყველაფერს ნათელი მოეფინა, ყველა კითვაზე პასუხი გაცემულია“.          

„საუბარი იმის შესახებ, რომ ფარცხალაძე ამის გამო უნდა გადადგეს, ეს არის სრულიად არარელევანტური საკითხები“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „თანამდებობის პირი მაშინ უნდა წავიდეს თანამდებობიდან, თუ თვლის, რომ რაიმე მიზეზის გამო მას აღარ შეუძლია თავის ფუნქციებს და მოვალეობებს გაუმკლავდეს“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას, როდესაც მას ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტარი სთხოვეს. მან განაცხადა 26 დეკემბერს, რომ „მე არ ვარ ადამიანი, რომელიც დოკუმენტაციას ამოწმებს“.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის მთავარი პროკურორის წარდგენა ან  დანიშვნა. „ეს ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას; მივცეთ მათ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.  

მთავარ პროკურორს პრემიერ–მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. სწორედ ღარიბაშვილმა გააკეთა პირველი საჯარო განცხადება 8 ნოემბერს, რომ ამ პოსტზე ფარცხალაძის დანიშვნას გეგმავდა; მაშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობდა ფარცხალაძეს, თუმცა დასძინა, რომ იგი ენდობოდა ღარიბაშვილის არჩევანს. წულუკიანს ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19