Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილის გაფრთხილება MAP-თან დაკავშირებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'14 / 14:35

სექტემბრის დასაწყისში უელსში ნატოს სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე უარის თქმა „შეარყევს“ პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

13 იანვარს უსუფაშვილმა პირდაპირ განაცხადა ტალინში, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის რთული იქნება წარმატებად გაასაღოს ნატო-ს მხრიდან MAP-ის გარდა სხვა გადაწყვეტილება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ საქართველოს კვლავ უარს ეტყვიან MAP-ის მინიჭებაზე, როგორც ეს ოთხი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მოხდა, ეს „იმპულსს“ მისცემს საქართველოში ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს.

„წევრობის სამოქმედო გეგმა - ეს ჯადოსნური სიტყვა MAP - ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რეალურად არის, რადგანაც ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე: ‘სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო თავის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?’“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„თუ პასუხი არის ‘არა’ და ‘ახლა სიტუაცია შეიცვალა და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება უფრო ფართო რეგიონში და ამიტომაც ეს დაპირება [რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი] მაშინ იყო მნიშვნელოვანი [2008 წელს] და არა ახლა, ზოგიერთი ახალი გარემოებების გამო’ - ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარი უთხრეს, თუმცა დაპირდნენ, რომ ქვეყანა ოდესმე მომავალში აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი იმ პირობით, თუ ის ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალები საქართველოში - მმართველი კოალიცია ქართული ოცნება და ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - პროდასავლურ კურსს ემხრობიან, 2014 წელი შესაფერისი დროა, რათა დასავლეთი დაეხმაროს საქართველოს ბოლო დროს მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციაში ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით და მეორე მხრივ, MAP-ის მინიჭებით.

მან გააფრთხილა, რომ ამის გაუკეთებლობა უბიძგებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს წამოწიონ მოსაზრება: „ნატოში მისწრაფება რომ არა, საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებდა“. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები პოპულარული გახდება, მაგრამ ეს შესაძლოა იქცეს „ერთადერთ დარჩენილ არჩევნად, თუ ხალხი იგრძნობს, რომ სხვა ვარიანტი აღარ არსებობს“.

„ერთი ვარიანტია იარაღის ხელში აღება და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი გაკეთებაც ჩვენ არ გვინდა; მეორე ვარიანტია, რომ გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი - ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წარმატების აშკარა დემონსტრირებით და მესამე ვარიანტია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში ან რუსულ იმპერიაში დაბრუნება; სხვა ვარიანტები არ არსებობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, თუ 2014 წლის სექტემბრის ნატოს სამიტი „ძალიან მცირე პროგრესით“ დასრულდება, ეს არასაკმარისი იქნება. „ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლება შეეცადა ამას 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტის შედეგები წარმოაჩინა, როგორც უკეთესი, ვიდრე MAP-ის მიღება. „ეს უბრალოდ არ მუშაობს“, - განაცხადა მან.

უსუფაშვილმა, რომელიც 13-14 იანვარს ესტონეთს სტუმრობს, ეს საკითხი თავის ესტონელ კოლეგასთან ენე ერგმასთან შეხვედრაზეც წამოწია.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „[საქართველოს] პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს სამიტის თემაც განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის დანაპირებს არ ივიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს ქვეყანა პირნათლად ასრულებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. მისი [უსუფაშვილის] განცხადებით, საქართველოს კონკრეტული შედეგის - MAP-ის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს“.

2013 წლის აპრილში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად დაისახა MAP-ის მიღება 2014 წელს ალიანსის მომდევნო სამიტზე. თუმცა მას შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები სიფრთხილეს იჩენედნენ ამ საკითხის კომენტირებისას, აცხადებდნენ რა, რომ მათ 2014 წლის ნატოს სამიტის შესახებ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა არ სურდათ.

ბუქარესტის სამიტის შემდეგ შეიქმნა ნატო–საქართველოს კომისია, რომელიც დღეს მთავარი მექანიზმია რომლის საშუალებითაც ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობა ხორციელდება.

ასევე 2008 წლის დეკემბერში ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programme - ANP) დაინერგა – საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმების ნუსხა, რომელსაც ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება ადგენს და შემდეგ მათ შესრულებას ნატო აფასებს.

საქართველოს ოფიციალური პირების და დასავლელი დიპლომატების თქმით, თავისი არსით ANP ფაქტიურად იგივე „დე ფაქტო წევრობის სამოქმედო გეგმაა“.

თუმცა, როდესაც ნატომ საქართველოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მან ასევე განაცხადა, რომ MAP–ი კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41