საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჯგუფის მიერ ინიცირებული პეტიცია ხელისუფლებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით შეცვლისკენ მოუწოდებს, რათა ელექტორატის მიერ არჩევნებში გამოვლენილი ნება უკეთ აისახოს შედეგებზე.
პეტიცია ორ ძირითად ცვლილებას სთავაზობს: ერთი ეხება ყველა მერისა და გამგებლის 50%+1 ხმით არჩევას; ხოლო მეორე - ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით შეცვლას.
პეტიცია, რომლის ინიციატორებიც არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ , სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ღიაა ხელმოწერისთვის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური გაერთიანებისათვის, რომელთაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა სხვა რეკომენდაციებიც გააჩნდეთ.
პეტიციის ავტორთა მოსაზრებით, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს „ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში; დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა; არ არის დაცული ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი; უსამართლოდ დიდ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას“. ანალოგიური მოსაზრება არაერთხელ გამოთქმულა ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში.
მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები შერეული სისტემით ირჩევა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
პეტიციის ავტორები აქცენტს ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე აკეთებენ. არსებული სისტემა გულისხმობს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფას და თოთოეულიდან ერთი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას საკრებულოში.
პეტიციის ინიციატორთა შეთავაზებაა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის შემოღება, სადაც ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმა, რამდენი მანდატიც არის ოლქში გასანაწილებელი. საარჩევნო ოლქებში მანდატების რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კი ამომრჩეველთა რაოდენობა დგინდება, რათა დაცული იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი. მაგალითად, თუ საარჩევნო ოლქში უნდა აირჩეს ათი მაჟორიტარი დეპუტატი, ამომრჩეველს შეუძლია ბიულეტენში წარმოდგენილ კანდიდატებს შორის შემოხაზოს ათი სასურველი კანდიდატი. გამარჯვებულად ცხადდებიან ის კანდიდატები, რომლებიც უფრო მეტ ხმას მიიღებენ. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ამომრჩეველს ხმა მისცეს ერთდროულად სხვადასხვა პარტიის და ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატებს და არ მოითხოვს მეორე ტურის გამართვას.
რაც შეეხება მერებისა და გამგებლების არჩევის ბარიერს, პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ „პრინციპულია“, რომ „ყველა მერი და გამგებელი ერთნაირი წესით იქნას არჩეული" და გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% + 1 ხმას.
მოქმედი კანონმდებლობით, მერი პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისში ირჩევა და ამისთვის 30%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.
ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ, რომელიც დაგეგმილ 12 თვითმმართველ ქალაქში მერების, ხოლო მუნიციპალიტეტებში გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შემოღების ინიციატივას ახორციელებს, განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს 40%-იანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას, თუმცა გამოთქვა მზაობა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობს.
ამასთან, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტში, რომელიც თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტს ერთვის თან და პარლამენტმა 13 დეკემბერს პირველი მოსმენით უკვე მიიღო, 50%-იანი ბარიერის შემოღებაა გათვალისწინებული მერებისა და გამგებლების ასარჩევად.
თუმცა მთავრობის მიერ შემუშავებული ამ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა მეორე მოსმენით აღარ განაგრძო, როცა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი 24 იანვარს მეორე მოსმენით მიიღო და ცალკე გამოყო ამ პაკეტიდან იმ მოტივით, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებებზე საბოლოო პოზიციას ინტერფრაქციული ჯგუფი შეიმუშავებს და უახლოეს მომავალში წარუდგენს პარლამენტს განსახილველად, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების დროულად მიღება და ისეთი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი 24 იანვარს.
პეტიციის ავტორთა თქმით, მათი შემოთავაზებების განხორციელება, „როგორც მინიმუმ, არსებითად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის“.
„ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში მითითებული ცვლილებების განხორციელება დროში მოსწრებადია“, - ნათქვამია პეტიციაში.