პარლამენტმა 24 იანვარს 84 ხმით 14–ის წინააღმდეგ თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც 12 თვითმმართველ ქალაქში მერების, და ასევე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს წლევანდელი ადგილობრივ არჩევნებზე.
ახალ კოდექსზე კენჭისყრას, რომელიც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენითაც უნდა დაამტკიცოს, წინ უძღოდა დეპუტატების მიერ მისი ორდღიანი დეტალური განხილვა. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში პირველი მოსმენით კოდექსის განხილვას არ დასწრებიან, აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვებში და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილეს თენგიზ შერგელაშვილს, რომელმაც კოდექსის პროექტი წარუდგინა დეპუტატებს, უამრავ კონკრეტულ კითხვას უსვამდნენ.
მიესალმება რა დამატებით 11 ქალაქის მერების (ამჟამად მხოლოდ თბილისის მერი ირჩევა პირდაპირი წესით) და ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა კოდექსის იმ დებულებას აკრიტიკებს, რომელიც არჩეული საკრებულოების მიერ მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითვალისწინებს.
კოდექსის თანახმად, საკრებულოს ექნება უფლება პირდაპირ არჩეული მერის/გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურები დაიწყოს როგორც საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით, ისე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. მერისთვის ან გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის საკრებულოს წევრთა ორი მესამედის თანხმობა იქნება საჭირო.
ეს დებულება ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც გააკრიტიკა. შემოთავაზებული კოდექსის პროექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის „მნიშვნელობას ასუსტებს“, ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.
23 იანვარს გამართული განხილვის დროს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ასევე გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ამ დებულების მიმართ. მან განაცხადა, რომ პროექტში ის მაინც უნდა დაზუსტდეს, რომ მერის ან გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ისინი კანონს დაარღვევენ. მისი თქმით, არჩეული მერისთვის ან გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება მხოლოდ პოლიტიკური საბაბით დაუშვებელია.
ამ დებულების ამოღებას მოითხოვდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები თავიანთ ალტერნატიულ შემოთავაზებაში, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატებმა ჩააგდეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ახალ კოდექსში მისი შენარჩუნება მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევას მნიშვნელობას დაუკარგავს, რადგანაც ისინი სრულად იქნებიან დამოკიდებული საკრებულოებზე იმის შიშით, რომ მათ უნდობლობა არ გამოუცხადონ.
ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკა უჩვენებს, რომ შიშები ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.
„ყოველგვარი ქვეტექსტების, დაფარული მიზნების გარეშე ცალსახად ვიძახით, ჩვენ ვაკეთებს პირდაპირ არჩევითობას მერების და გამგებლების, ეს გარკვეული რისკების მატარებელი შეიძლება იყოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რამდენად ეფექტური იქნება მათი საქმიანობა, ამის შემფასებელი კი უპირველესად უნდა იყოს საზოგადოება და საკრებულო, ამიტომ მან დასვას ეს [უნდობლობის] ინიციატივა და საკრებულომ საკმაოდ მაღალი კვორუმით ეს საკითხი გადაწყვიტოს“, - განაცხადა შერგელაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა აყენებდა, არის იმ ქალაქების რაოდენობის გაზრდა, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.
თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა პირდაპირი წესით მერების არჩევას იმ ქალაქებში, რომლის მოსახლეობაც სულ ცოტა 15 000–ს შეადგენდა. ამ კრიტერიუმს 18 ქალაქი აკმაყოფილებდა, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ პროექტი შეცვალა და ამგვარი ქალაქების რაოდენობა 12–მდე შემცირდა (თბილისის ჩათვლით).
ახლა კრიტერიუმები ძირითადად რეგიონალურ ცენტრებს ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს არსებულ ხუთ ქალაქთან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი - ერთად, ასევე მიიღებენ: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი.
ნაციონალური მოძრაობის თქმით, ეს არ არის სამართლიანი კრიტერიუმი, რადგანაც მცხეთა, რომლის მოსახლეობაც 8 000–ს შეადგენს შეძლებს მერის არჩევას, ხოლო უფრო დიდი ქალაქები, როგორიც სამტრედია ან ხაშურია და რომელთა მოსახლეობაც 25 000–ს აღემატება, ამას ვერ შეძლებენ. სანაცვლოდ, სამტრედიისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს ეყოლებათ არჩეული გამგებლები.
შერგელაშვილმა აღიარა, რომ ეს არ არის საუკეთესო კრიტერიუმი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს რეფორმის მხოლოდ დასაწყისია და აღნიშნა, რომ შემდგომ ეტაპზე თვითმმართველი ქალაქების ნუსხას კიდევ უფრო მეტი ქალაქი დაემატება.
რაც შეეხება რეგიონალურ დონეს, ახალი კოდექსის თანახმად, გუბერნატორები კვლავ მთავრობის მიერ დაინიშნებიან თანამდებობებზე.
თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა რეგიონალურ დონეზე საბჭოების შემოღებას, რომელშიც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები უნდა შესულიყვნენ. თავდაპირველი პროექტის თანახმად, გუბერნატორები ანგარიშვალდებულები უნდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ საბჭოების წინაშეც. მაგრამ მოგვიანებით ეს დებულება შეიცვალა, ამ საბჭოების როლი შემცირდა და მათ მხოლოდ „საკონსულტაციო“ უფლებამოსილება მიენიჭათ.
ახალი ფორმულირების მიხედვით, რეგიონულ დონეზე შეიქმნება სამხარეო საბჭოები, რომელშიც გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების პირდაპირი წესით არჩეული მერები/გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეეები (თითოეული მუნიციპალიტეტიდან 3 წარმომადგენელი) შევლენ. ნაციონალურ მოძრაობას სურდა, რომ ამ საბჭოებში საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებიც შესულიყვნენ, რაც უზრუნველყოფდა ოპოზიციის წარმომადგენლობას ამ საბჭოებში. თუმცა, ეს წინადადება არ დაკმაყოფილდა. შერგელაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციების თავმჯდომარეების შეყვანა ამ საბჭოებს ძალიან გააფართოებს და არაეფექტურს გახდის.
ორი ძირითადი საკითხი, რომელსაც შემოთავაზებული პროექტი არ ეხება, გადასახადები და საარჩევნო სისტემაა.
საარჩევნო სისტემა, რომლის საფუძველზეც მომდევნო ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს (მაისში ან ივნისში) ჯერ არ შემუშავებულა. ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიან, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობს.
რაც შეეხება გადასახადებს, მთავრობის თქმით, 2014 წლის სექტემბრამდე შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილების სქემას წარმოადგენს. ერთ–ერთი შესაძლო შემოთავაზება იქნება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული თანხების ნაწილის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დატოვება. ამჟამად ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ქონების გადასახადიდან მიღებული თანხები რჩება. ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის მთავარ წყაროს კი ცენტრალური მთავრობიდან მიღებული ტრანსფერები წარმოადგენს.
პროექტი მეორე მოსმენით ერთი დებულების გარეშე იქნა მიღებული; ეს დებულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა კვოტებს განსაზღვრავს; დეპუტატების თქმით, ამ დებულებას პარლამენტი მოგვიანებით მიიღებს დამატებითი განხილვების შემდეგ.