რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმა ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში და 10 თებერვალს სოჭში განაცხადა, რომ მიმდინარე ოლიმპიადა ხელს უწყობს საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას.
„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა ქართული გუნდი. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობების დალაგებას იქაც კი, სადაც ეს შეუძლებელი და ძალიან რთული ჩანდა", - განაცხადა მან.
„თქვენ იცით, რომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა რეგულარულ საფუძველზე თბილისიდან სოჭში. და ოლიმპიადის შემდეგაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრაქტიკას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა ავიარეისები, რომლის შესრულებაც ქართულმა კომპანია „აირზენამ“ ოლიმპიადისთვის დაიწყო.
„ამიტომ ეს უკვე ოლიმპიური თამაშების პლიუსია“, - განაგრძო პუტინმა, „ოლიმპიური თამაშები ეხმარება ურთიერთობების დალაგებას საქართველოსთან. მე ეს ძალიან მიხარია და ვუსურვებთ წარმატებებს ქართველ სპორტსმენებს. ისინი ყოველთვის კარგად გამოდიან ზაფხულის ოლიმპიადებზე, განსაკუთრებით ორთაბრძოლებში. ჩემს საყვარელს სპორტში - ძიუდოში ქართული გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი აქაც [სოჭში] გამოიჩენენ თავს, ქართველი სპორტსმენები. ვუსურვებთ მათ წარმატებას“.
ამ თემაზე კომენტარი პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა უთხრა მას, რომ საქართველოში ნახეს, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გამოსახულ რუკაზე საქართველოს ნაწილი, სადაც აფხაზეთი მდებარეობს, ღრუბლებით იყო დაფარული. სატელიტიდან გადაღებული საქართველოს რუკა მაშინ გამოჩნდა, როცა ქართველი ოლიმპიელების მცირე ჯგუფმა ფიშტის სტადიონზე გაიარა. რუკის გამოსახულებამ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია და ზოგიერთებმა ისიც განაცხდეს, რომ ღრუბლებით გადაფარვა განზრახ გაკეთდა, რათა საქართველოს რუკა მისი სეპარატისტული რეგიონის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი.
„სისულელეა. არ არის საჭირო რაღაცეების მოგონება ცარიელ ადგილზე“, - უპასუხა პუტინმა ქართველ ჟურნალისტს.
კითხვაზე აპირებს თუ არა ის საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას, პუტინმა განაცხადა: „თუ ის მოისურვებს, რატომაც არა“.
მაღალი დონის შეხვედრის თემამ გასულ კვირას წამოიწია, როცა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს მას ჰკითხეს სოჭში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობის თაობაზე, უპასუხა, რომ „ამის გამორიცხვა არ შეიძლება“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას პუტინთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე 7 თებერვალს უპასუხა: „ეს არის თეორიული კითხვა. ბუნებრივია, როგორც კი იქნება რაიმე ტიპის სერიოზული განცხადება, ჩვენც ვუპასუხებთ ამ განცხადებას“.
მარგველაშვილმა უარი განაცხადა თავად გაეკეთებინა კომენტარი პუტინის პრესმდივნის, პესკოვის გამონათქვამზე და მედია თავის პრესმდივანთან, თინათინ მჟავანაძესთან გადაამისამართა.
„არანაირი ვიზიტი პრეზიდენტის არ განხილულა და არ იგეგმება სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში არანაირი მონაწილეობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა თინათინ მჟავანაძემ 7 თებერვალს მისი რუსი კოლეგის განცხადების საპასუხოდ.