Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
Civil Georgia, Tbilisi / 22 თებ.'14 / 15:52


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილს 22 თებერვალს დეპუტატების წინაშე მისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფარგლებში, რომ იყოს „მორალური ავტორიტეტი“ და გამაერთიანებელი ძალა, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა დადგება. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21 თებერვალს პარლამენტში თავისი პირველი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა, რასაც მოყვა ხანგრძლივი დებატები, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს პრეზიდენტი იმის გამო რომ მის გამოსვლაში "არ იყო კონკრეტიკა", ხოლო მმართვალმა კოალიციამ მოიწონა ის „სწორი აქცენტების“ დასმის გამო.

მარგველაშვილმა თავისი 47–წუთიანი გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო და სთხოვა დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ კიევში მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა ხსოვნისთვის.

თავისი სიტყვის შესავალ ნაწილში მარგველაშვილმა დაახლოებით ხუთი წუთი ისაუბრა პრეზიდენტის როლზე ახალი კონსტიტუციის პირობებში, რომელიც ძალაში ნოემბერში მისი ინაუგურაციის შემდეგ შევიდა და რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ახალი როლმა, რომელიც აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მნიშვნელოვნად შეცვალა მისი მიმართვაც. 

მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ არსებული საკონსტიტუციო მოდელი არ მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებას, რადგანაც ის ძალაუფლების გადანაწილების სწორ სისტემას უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული კორექტივების შეტანა მთლიანად დაბალანსებული კონსტიტუციის უზრუნველყოფის მიზნით. საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ჯერ არ შეკრებილა, დეკემბერში ჩამოყალიბდა 2014 წლის სექტემბრამდე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზნით. 

„ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ არსებული მოდელი სავსებით საკმარისი საფუძველია წონასწორობის სამართლებრივი სისტემის დანერგვისათვის; ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ არც ერთი შტო ამ მოდელში არ არის დამძიმებული განსაკუთრებით ხელისუფლებით იმისთვის, რომ სხვა შტოები დააკნინოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ კონსტიტუცია „წამდაუწუმ არ უნდა იცვლებოდეს“.

მან თავისი გამოსვლის დროს ადგილობრივი არჩევნების თარიღად 15 ივნისი დაასახელა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თვითმართველობის არჩევნები უნდა იყოს „თვისობრივად უკეთესი და არანაკლები“ 2013 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა.

„ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გამოწვევაა, რომლის შედეგადაც ჩვენ დავასრულებთ 2012 წელს დაწყებულ პროცესს დეკოკრატიის კონსოლიდაციისა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მან.

‘ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა’

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ხელისუფლების ცენტრალური საკითხი, ცენტრალური ღირებულება გახდა ადამიანი, ინდივიდი“.

„ჩვენი მიზანია ავაშენოთ ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასეთ საქართველოს მე ვხედავ, როგორც თავისუფლების, მრავალფეროვნებაში ერთიანობის, ტოლერანტობის, შესაძლებლობათა შემოქმედების, შრომის, თანხმობის, სოლიდარობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ტრადიციებში ის ასევე გულისხმობს „პროგრესისკენ სწაფვას და განახლებას“.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე და ამავე დროს ვსწავლობთ სხვებისგან. თუმცა, ქართული სახელმწიფოს შენება უპირატესად ჩვენს კულტურაში, ინდივიდუალურად საქართველოს მოქალაქეებში, ცხადად შენახულ ჩვენს თვითმყოფადობას უნდა ეფუძნებოდეს. ქართული თავისი ინდივიდუალური თვითშეგნებით ევროპელია, თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ჩვენ არ გვეძლეოდა შესაძლებლობა სწორედ ამ ინდივიდუალობაზე დამყარებული ქართული სახელმწიფოს შექმნისა და ქართული ტრადიციების სახელმწიფოებრივ კონტექსტში და სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებში გადატანისა. მე ღრმად მწამს, რომ ეს არის დღევანდელი ჩვენი გამოწვევა, ჩვენ ვდგავართ ამ გზაზე და ამ გზას არ ექნება არავითარი ცვლილება“, – განაცხადა მან.|

მან განვლილ 2013 წელს „წარმატებული“ უწოდა სახელმწიფო ინსტიტუტების „დეპოლიტიზაციის“, სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებების და ასევე მედიისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და ასევე ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, არ შეიძლება ითქვას, რომ „ნიშნული უკვე მიღწეულია“.

‘მრავალფეროვნება’  

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თავისი ისტორიის მანძილზე საქართველო ყველაზე წარმატებული მაშინ იყო, როდესაც ის ეფუძნებოდა „მრავალფეროვნების გაერთიანებაზე ორიენტირებულ ერთობას“.

შემდეგ მან ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის „მნიშვნელოვან როლს“, მან პატივისცემა გამოხატა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს მიმართ და განაცხადა, რომ აფასებს მის წვლილს „ტოლერანტობის ქართულ ტრადიციაში“.

უცხოელ დიპლომატებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრეზიდენტის გამოსვლას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან, თუმცა თავად პატრიარქი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ამ იმყოფებოდა, რის მიზეზადაც მისი გადატვირთული გრაფიკი დასახელდა.

მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა პოლიტიკურ შეხედულებებში მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ოპოზიცია და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებაც ახსენა.

„ჩვენ ვაშენებთ და უნდა გავაგრძელოთ მშენებლობა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების საზოგადოებისა, იქ სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეკონკურენტებიან მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, მან იცის, რომ ოპოზიციის მხრიდან არსებობს „სერიოზული კრიტიკა“. ამ კონტექსტში მან ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმული კრიტიკა ახსენა იმასთან დაკავშირებით, რასაც ეს უკანასკნელი შერჩევითი სამართლის გამოყენებას და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უწოდებს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ.  მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მოახერხა გაეძლო, ერთის მხრივ, „იმ მოთხოვნისთვის, რომელიც იყო ქვეყნის შიგნიდან“ – მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა ის, რასაც ხელისუფლება „სამართლიანობის აღდგენას“ უწოდებს, ხოლო მეორე მხრივ, „იმ წნეხისთვის, რაც იყო გარედან“ – მას მხედველობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებები ჰქონდა შერჩევით სამართალზე უარის თქმის თაობაზე.

მან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ბალანსის შენარჩუნება ისე, რომ „არ გადავხრილიყავით პოლიტიკური დევნის, ან პირიქით პოლიტიკური ნიშნით შემწყნარებლობის მიმართ“.

„ის სამართლებრივი პროცესები, რომელიც განხორციელდა საქართველოში იყო და არის საფუძველი სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისა“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

‘არ აღიარება არ ნიშნავს იზოლაციონიზმს’

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის „არაღიარების პოლიტიკა არ ნიშნავს იზოლაციონიზმს“.

„თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს ევროპული კურსიდან მიიღონ პირდაპირი სარგებელი. ურთიერთობის აღდგენის პარალელურად ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ ნაბიჯებში, რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფოს სტრატეგიით „ჩართულობა თანამშრომლობის გზით““, – განაცხადა მან.

„აფხაზ და ოს თანამემამულეებს მინდა მივმართო იგივე სიტყვებით, რითიც მივმართე ჩემი წინასაარჩევნო საპროგრამო გამოსვლის დროს – ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც იქნება მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის შენარჩუნების და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ასევე მინდა მივმართო ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელობას – ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ერთიანი სახელმწიფოებრიობა აკავშირებს“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული, რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა. დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზების და ოსების იდენტობა და თვითმყოფადობა.  იმის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც, თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების და ზოგადად, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობები

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური და ერთიანი საქართველო რეგიონში თანამშრომლობის გარანტი და კეთილმეზობლური ურთიერთობების წინაპირობაა.
 
„ეს ესმით ჩვენს მეზობლებს, ეს ესმით მთელ პროგრესულ კაცობრიობას, ამის დამტკიცებას ვცდილობთ ჩვენ, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენ ვდილობთ, რომ ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთვის პრობლემების შექმნით, რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება“.

„ჩვენ ვდილობთ, რომ ვაჩვენოთ, რომ დალაგებული, ეკონომიკურად წელში გამართული, სტაბილური საქართველო, საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას. ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომლის მიზანიცაა კეთილმეზობლობა ოღონდ იმის საფუძველზე, როდესაც დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამ ღირებულების პატივისცემის ფონზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ „რაციონალური მოდგომით“, თბილისმა ასევე შეცვალა „წინა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც არავითარი შედეგი არ ჰქონდა“.

„ჩვენი დასავლურობა ჩვენ არა ვისმესთან დაპირისპირებით, არამედ საკუთარ უნიკალურ ევროპულ იდენტობაზე ავაგეთ“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის დაწყებულ ორმხრივ დიალოგს „გარკვეული წინსვლა“ მოყვა სავაჭრო საკითხებში.

„თუმცა, მავრთულხლართების მშენებლობამ და 11 კილომეტრიანი საზღვრის ზონის გადაწევამ ამ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა“, – განაცხადა მან.

„ამავე დროს ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას გავაღრმავოთ, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით. ამ პრინციპებზე დაფუძნებით ვაპირებთ გადავჭრათ ეს ურთულესი პრობლემები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ამავე დროს ეს ერთადერთი გზაა“, – განაცხადა მან.                  

ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ევროპა არის „ჩვენი ოჯახი, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი მომავალი“ და ამავე დროს ის საუკეთესო გარანტიაა ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
 
„მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრული რწმენით ვაცხადებდი და ვიმეორებ, საქართველოში ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება“, – განაცხადა მან.

„არასდროს საქართველოში საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს ამის გამო და კიდევ ერთხელ, არა იმიტომ, რომ ეს მაინცდამაინც პოლიტიკური სპექტრის არჩევანია, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევანი გაკეთებულია ჩვენი წინაპრების მიერ და ამ გზაზე ჩვენ ძალიან მტკიცედ ვდგავართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ნატოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია და ალიანსის სამიტზე უელსში, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ქართული საზოგადოება და ხელისუფლება „ელოდება ეფექტური ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით“. 

„ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია. ჩვენ არასდროს დავაყენებთ საფრთხის ქვეშ ჩვენი პარნტიორებისა და მეზობლების უსაფრთხოებას, მაგრამ ყოველთვის მზად ვიქნებით დავიცვათ ჩვენი საერთო უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა და პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2014 წელს; მან განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორმრივ ხელშეკრულებაში მოცემული შესაძლებლობები ჯერ არ ამოწურულა.

‘უპატივცემულობა მთავრობის მხრიდან’

დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხრიდან ხშირად ხდებოდა იმაზე მინიშნება, რომ, როგორც ისინი აცხადებდნენ, პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც ახალი კონსტიტუციით ისედაც შემცირებული უფლებამოსილებები აქვს, კიდევ უფრო ჩამოაშორა მთავრობამ პოლიტიკურ პროცესებს; ზოგიერთმა  ოპოზიციურმა დეპუტატმა იმის გამო გააკრიტიკა ის, რომ  იმ უფლებამოსილებებსაც კი არ იყენებს სრულად, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია.

ამ კონტექტსში ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობის წევრების დაუსწრებლობა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება იყო.

„ის, რომ მთავრობა თქვენ არ გექვემდებარებათ, არ ნიშნავს იმას ნამდვილად, რომ მთავრობა არ უნდა სცემდეს პატივს საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირი გზით არჩეულ პრეზიდენტს“, – მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა პრეზიდენტს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დებატების დროს რამდენჯერმე წამოწიეს, იყო მთავრობის გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე პრეზიდენტია, ხოლო მსგავსი ფუნქციების მქონე ახალ სტრუქტურას პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის მთავარი კონკურენტი იყო, უთხრა პრეზიდენტს, რომ მას გულწრფელად სურს, რომ ის „ძლიერი და ღირსეული პრეზიდენტი“ იყოს. მან ასევე მოუწოდა მას დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები და აღნიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს „ნოლზე დაყვანა“ მოხდა მას შემდეგ, რაც მისი პარალელული სტრუქტურა შეიქმნა მთავრობამ. 
   
თავის დასკვნით სიტყვაში ამ საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას სჭირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მსგავსი სტრუქტურა, რათა შეძლოს დაუყონებლივი რეაგირება კრიზისულ სიტუაციებზე. მისი თქმით, ვინაიდან პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ახალ საბჭოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მიზნით. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო კონსტიტუციით გარანტირებული ორგანოა, რომელსაც ის თავმჯდომარეობს და რომელიც კვლავაც უზრუნველყოფს რჩევების მიცემას სტრატეგიულ საკითხებზე.      

ოპოზიციურმა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში არ იყო ასახული კონკრეტული ქმედებები და გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას.  

„თქვენს გამოსვლას ნამდვილად გულიანად დავუკრავდი ტაშს, თქვენ რომ ბრძანდებოდეთ ლიტვის პრეზიდენტი ან შვედეთის პრემიერ–მინისტრი, რომელიც საქართველოში გამოდის და მის მეგობარ ქვეყანას მიმართავს ღირებულებით ცნებებზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა და როგორ უნდა შენდებოდეს ქვეყანა; მაგრამ თქვენ ბრძანდებით საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გამოდის საკუთარი ქვეყნის პარლამენტში, რომელსაც უსმენს საკუთარი მოსახლეობა, ის მოსახლეობა, რომელსაც აწუხებს ძალიან ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე ვერანაირი კონკრეტიკა, რა გაკეთდა თქვენს მიერ ამ პრობლემების მოსაგვარებად და რის გაკეთებას აპირებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამ პრობლემების მოსაგვარებლად, იმ პრობლემების, რომელზეც ძალიან ბევრს და სამართლიანად საუბრობდით საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა მარგველაშვილი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან ერთი სიტყვაც არ ახსენა "რუსეთის დანაშაულებრივ როლზე" უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში "გაორების პოლიტიკა" შემოიტანა.

„ერთი მხრივ აცხადებთ, რომ გსურთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, თქვენ თანამშრომლობთ რუსეთთან, რომელიც არის ამ ინტეგრაციის მთავარი მოწინააღმდეგე“, – განაცხადა რატიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა მას რუსეთის ღერბზე გამოსახულ ორთავიან არწივს აგონებს. „ერთი თავი იყურება დასავლეთისკენ, ხოლო მეორე თავი იყურება რუსეთისკენ. პრორუსულობა არ ნიშნავს ცალსახად ორიენტაციას რუსეთზე, პრორუსულობა ნიშნავს ამ გაურკვევლობას, ამ ორმაგობას და სწორედ ეს პოლიტიკა შემოიტანეთ თქვენ. თქვენთან ერთად [ქართულ] პოლიტიკაში შემოვიდა ორთავიანი რუსული არწივი“, – განაცხადა რატიანმა.

‘მორალური ავტორიტეტი’

თავის გამოსვლაში დებატების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ინსტიტუციურად, პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებების თვალსაზრისით და მარგველაშვილის პერსონის  თვალსაზრისით, ქვეყანას ახლა ჰყავს პრეზიდენტი, „რომლისაც არ გვრცხვენია, პრეზიდენტი, რომლისაც არ გვეშინია, პრეზიდენტი, რომელიც არ გვიყვარს და პრეზიდენტი, რომლის იმედიც გვაქვს“. 

უსუფაშვილმა მიმართა პრეზიდენტს, რომ ის ყოველთვის უნდა ეცადოს „მოძებნოთ ის, რაც ყველას გაგვაერთიანებს და სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება პრეზიდენტი იმედი“.

"ამ ტიპის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ... არის ის, რომ შეუმსუბუქოს ტვირთი საქართველოს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეუმსუბუქოს ტვირთი მორალური ავტორიტეტობის“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი ძალა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს  შორის კონკურენციაში მხარეს არ წარმოადგენს.

თავის დასკვნით სიტყვაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს „საინტერესო ხუთი საათისთვის“ და „ზოგიერთი საინტერესო კრიტიკისთვის“.   

„ეს იყო ჩემთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11