ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გაოცებულია და „იმედგაცრუებულია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით.
ივანიშვილმა, რომელიც ადრე ხშირად მოიხსენიებდა მარგველაშვილს თავის ერთ–ერთ უახლოეს მეგობრად, განაცხადა, რომ მას აღარ აქვს „არაფორმალური ურთიერთობები“ პრეზიდენტთან.
„ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. უკეთესია ჩემთვის პირადად; ზედმეტი დრო გამიჩნდა“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც 19 მარტს გავიდა ეთერში.
მან ასევე განაცხადა, რომ „ამას არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზირება“.
ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა პრეზიდენტის გადარწმუნებას არ დაედო ვეტო კანონპროექტზე დეკემბრის ბოლოს, დაახლოებით ერთ თვეში მას შემდეგ, რაც მან ოფიციალურად დატოვა პრემიერ–მინისტრის პოსტი.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის მარგველაშვილს პრეზიდენტის რანგში, ივანიშვილმა უპასუხა: „ზოგადად მე ვფიქრობ, რომ აქაც ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. თუმცა, მე ველოდი უკეთესს, არ დავმალავ“.
„პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, პირველი ორი თვე, მე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც პრემიერ–მინისტრის პოსტი იმ დღეს დატოვა, როდესაც მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა 2013 წლის 17 ნოემბერს, არჩევნებში გამარჯვებიდან სამ კვირაში.
ივანიშვილმა პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მაჭავარიანი, როგორც ის ამბობს, პრეზიდენტის „ფავორიტი“ გახდა.
ვანო მაჭავარიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის ძმაა, მარგველაშვილის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ივანიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა პრეზიდენტის მრჩეველთან დაკავშირებით არის მაჭავარიანის „უმსგავსო“ საქციელის წარსულში.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის 2011 წლის ბოლოს პოლიტიკაში ჩაერთო, მარგველაშვილმა გუნდში თავისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი მოიყვანა, თუმცა ის მალევე წავიდა და კარგად ანაზღაურებადი სამსახური მიიღო საპარტნიორო ფონდში. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვანო მაჭავარიანი მხოლოდ იმიტომ შეუერთდა გუნდს, რომ მაშინდელი მმართველი პარტია, ნაციონალური მოძრაობა „გაებრაზებინა“ და კარგად ანაზღაურებადი სამსახური მიეღო იმის სანაცვლოდ, რომ ქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებდა.
ვანო მაჭავარიანმა უარყო ივანიშვილის ბრალდება და განაცხადა, რომ ის სიმართლესთან ახლოსაც კი არ არის.
მან განუცხადა „ინტერპრესნიუსს“, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს.
მართალია ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავად ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის ძმა პრეზიდენტთან მუშაობს „არ არის ტრაგედია“, თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ეს მაინც არასასიამოვნოა. მისი თქმით, ამ საკითხზე რამდენჯერმე ჰქონდა კამათი მარგველაშვილთან. „აქაც დრამატიზირება არ მინდა, მაგრამ ეს ჩემთვის უსიამოვნოა“, - განაცხადა მან.
კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ივანიშვილმა მარგველაშვილი გააკრიტიკა, არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების თაობაზე. მართალია თავდაპირველად მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ გამოიყენებდა სასახლეს, მაგრამ გასულ კვირას იქ რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ცერემონია, როდესაც შვიდი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში იმიტომ გაიმართა, რომ მთავრობის კანცელარიაში ამგვარი ცერემონიებისთვის შესაფერისი სივრცე არ არის.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევამდე მარგველაშვილი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ აშენებული სასახლის გამოყენებას ძლიერ ეწინააღმდეგებოდა.
„ეს არის ‘ძალადობის, სიბოროტის და გარყვნილების სიმბოლო’ – აი გიორგის სიტყვები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამ მაგალითის მოყვანით, არ ამბობს, რომ მარგველაშვილს სასახლის გამოყენების უფლება არ აქვს და უბრალოდ იმის დემონსტრირებას ცდილობს, თუ როგორ შეიცვალა მარგველაშვილმა შეხედულებები ამ კონკრეტულ საკითხზე პრეზიდენტად გახდომის შემდეგ.
„პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ“, – დასძინა მან.
ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ მას დავა ჰქონდა პრეზიდენტთან დეკემბრის ბოლოს მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ ვეტო დაედო იმ კანონპროექტზე, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებდნენ ნაციონალური მოძრაობა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებაზე, რომლითაც კიდევ ერთხელ გადაიდო ახალი წესის ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეთა თანდასწრებით.
პარლამენტმა ცვლილება 2013 წლის 26 დეკემბერს მიიღო – ივანიშვილის მიერ პრემიერ–მინისტრის პოსტის დატოვებიდან დაახლოებით ერთ თვეში. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მარგველაშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებდა, შეხვდა პრეზიდენტს, რათა დაერწმუნებინა, რომ ეს არ გაეკეთებინა.
„მე მას ავუხსენი, რომ ეს გაუგებრობას გამოიწვევდა გუნდში, მისმა გუნდმა დაამტკიცა პარლამენტის სახით და ნაციონალური მოძრაობა იყო პრინციპული წინააღმდეგი ამ კანონპროექტის. მისგან დადებული ვეტო იქნებოდა შეურაცხყოფა გუნდისა, რომელიც მას ეხმარებოდა მთელ ამ პროცესში; მე ვუთხარი, რომ ხალხიც ვერ გაიგებს ამას. ესეც, ლამაზი სიტყვებით რომ ვთქვათ, არ აინტერესებს მას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მან ვერ დაარწმუნა მარგველაშვილი, რომ არ დაედო ვეტო კანონპროექტზე და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატების მობილიზებაც კი დაიწყო პარლამენტის სხდომისთვის შესაძლო ვეტოს დასაძლევად, რასაც სულ ცოტა 76 ხმა სჭირდება.
საბოლოოდ, კანონპროექტს მარგველაშვილმა ვეტო არ დაადო და ხელი მოაწერა მის ძალაში შესვლას. ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მარგველაშვილთან საუბრის შემდეგ ამ საკითხში არ ჩარეულა და არ იცის, რამ გადააწყვეტინა პრეზიდენტს შეეცვალა აზრი და აღარ დაედო ვეტო.
მარგველაშვილმა ამ საკითხზე იანვრის ბოლოს ისაუბრა და განაცხადა, რომ მას და ქართული ოცნების ზოგიერთ წევრს შორის არსებობდა „განსხვავებული შეხედულება“ და განიხილავდა „უფრო აქტიურ ჩარევას ამ პროცესში“.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა „იმედთან“ ინტერვიუში, რომ მარგველაშვილთან დაკავშირებით კიდევ „ბევრი გაუგებრობები“ იყო, თუმცა მას არ სურს ამაზე საუბარი.
„კიდევ გავიმეორებ, რომ ამის დრამატიზირება არ არის საჭირო; დღეს ეს კაცი ფუნქციონირებს, აკეთებს იმას, რაც ევალება კონსტიტუციით და მე ვფიქრობ, რომ მომავალშიც დაიხვეწება და უფრო კარგად განახორციელებს ყველაფერს“, – განაცხადა მან.
„მე ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთი, რომ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ან მე, ან მარგველაშვილმა, ან ზოგადად გუნდმა, ასეთი არ მომხდარა; ამას არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზირება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
იმავე ინტერვიუში ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ ის მასზე უკეთესი პრემიერ–მინისტრია.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას არ შეუცვლია აზრი ქართული ოცნების მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ნარმანია მეორე ტურის გარეშეც გაიმარჯვებს არჩევნებში. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარად იმიტომ ფიქრობს, რომ ნარმანია კარგი კანდიდატია და მეორე მხრივ, მას არ ეყოლება ძლიერი კონკურენტები – არც ნაციონალური მოძრაობიდან და არც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან.