მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 20 მარტს, რომ 2005 წელს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ საქმის გამოძიება „ინტენსიურად მიმდინარეობს“ და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმ დეტალების შესწავლისკენ, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში „გამოუკვლევი“ დარჩა.
ეს განცხადება პროკურატურამ გარდაცვლილი ჟვანიას ფოტოების გაჟონვის შემდეგ გააკეთა; გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზის დროს გადაღებული ფოტოები 19 მარტს YouTube-ზე ანონიმურმა მომხმარებელმა ატვირთა. ფოტოებზე სავარაუდოდ ნაჩვენებია, როგორც ზოგიერთებმა, მათ შორის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადეს, სხეულის „დაზიანებები“.
საგამოძიებო მასალებში არსებული ფოტოების გაჟონვა დაგმეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, როგორც მთავრობის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ჟვანიას სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. მათი თქმით, ხელისუფლება „ბინძურ“ პოლიტიკურ სპეკულაციას იყენებს იმ მასალების გაჟონვით, რომელიც გამოძიებისთვის უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია; ოპოზიციამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველთვის იწვევს ასეთ აჟიოტაჟს, როდესაც მთავრობას საკუთარი პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სურს.
„აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება დააზიანოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება“, – ნაქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა. გამოძიების ოფიციალური ვერსიის თანახმად, პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. შემთხვევა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. ამ საქმის გამოძიება 2012 წლის ბოლოს განახლდა მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.
„ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში საქმეში დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად“, – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.
„მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია. მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნას ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შესაძლო ექსჰუმაციის საკითხი არ არის ახალი თემა. ამგვარი შესაძლებლობა პროკურატურამ რამდენჯერმე დააყენა შარშან და პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ამის თაობაზე 2014 წლის იანვარში ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას ერთ–ერთი „შვეიცარიული ლაბორატორიის“ მოწვევა სურდა ექსპერტიზაში მონაწილეობისთვის.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ის შეისწავლის ვიდეო მასალის გავრცელების და ავტორის იდენტიფიცირების საკითხს. განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტოები მაშინდელი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში ინახებოდა, „საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს“.
20 მარტს ზოდელავა პროკურატურაში დაიბარეს დასაკითხად. პროკურატურაში მისულმა ზოდელავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქმე შეიცავდა გარკვეულ „სათუთ“ ასპექტებს და ეს მასალები ყველაზე დაცულ ადგილას ინახებოდა – მთავარი პროკურორის სეიფში. მისი თქმით, ეს მასალები ახალ მთავარ პროკურორს გადაეცა, როდესაც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ზოდელავას თქმით, „აბსურდია“ იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლებას მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მასალებში რაიმე ისეთი რომ ყოფილიყო, რისი დამალვაც მას ან წინა ხელისუფლებას სურდათ, ის ამ მასალებს არ გადასცემდა ახალ ხელისუფლებას.
სანამ პროკურატურა განცხადებას გამოაქვეყნებდა, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე და აღნიშნა, რომ ეს ფოტოები „შოკისმომგვრელია“.
„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ეს კადრები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ დაჩქარდება და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასათვის, თუ რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. პროკურატურას აქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან მალე დაასრულებენ გამოძიებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ასე რომ, დაველოდოთ. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად გავიგებთ რეალურ სიმართლეს, თუ როგორ მოხდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება“.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე კომენტირებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა: „საზოგადოების ინტერესი არის ამ საქმის გამოძიებაში. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. საზოგადოების ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში“.
ექს–პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, როდესაც მას ჰკითხეს ჩამოვა თუ არა ის საქართველოში, თუ მას პროკურატურაში დაიბარებენ დაკითხვაზე, უპასუხა: „მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში“.
„თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა აგებს პასუხს შესაბამისად“, – განაცხადა მან, „ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე... ყველაფერი ისედაც გარკვეულია“.
ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „წვრილმანი და მდაბიო ამოცანების განხორციელება“ იმ გარე საფრთხეების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.