Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის წინადადებით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 28 მარ.'14 / 17:43

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს უგზავნის ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს „დროულად“ მისაღებად და  ამავდროულად, წინადადებით მიმართავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განიხილოს მისი ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, რომლის მიხედვითაც „ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“.

ეს წინადადება, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიზნად ისახავს იმ „სპეკულაციის“ თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისგან ადამიანების დაცვას. ამ კანონმდებლობის მიღება იმ მოთხოვნებს შორისაა, რომელსაც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.

„ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლითაც საქართველო არის ცნობილი საუკუნეების განმავლობაში. განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და არავითარი გართულება არ ყოფილა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის 28 მარტის სხდომაზე. 

„ყველა ადამიანს აქვს საკუთარი უფლება ჰქონდეს საკუთარი თუნდაც განსხვავებული ცხოვრების წესი -   ეს მათი უფლებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ განსხავებული მიდგომები შეიძლება არსებობდეს - მესმის, რომ შეიძლება არსებობს განსხვავებული მიდგომები  - არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, „ამიტომ გამოვდივარ დღეს ინიციტივით და  მივმართავ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განიხილონ შემდეგი ინიციატივა, რომ მოხდეს კონსტიტუციაში   ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“.

კონსტიტუციაში ამჟამად არსებული ჩანაწერის მიხედვით, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. სამოქალაქო კოდექსი კი განმარტავს, რომ „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის წევრის ქვეყნების ლატვიისა და ხორვატიის მაგალითები, რომელთა კონსტიტუციებშიც მსგავსი დეფინიცია არსებობს.

მისი თქმით, ინიციატივას, რომ „ოჯახის დეფინიცია იყოს კონსტიტუციით გამყარებული“, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ეს არის ჩვენი ერის დისკრეციული უფლება, რომ მოვახდინოთ აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში“, - აღნიშნა მან.

მისი განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, „არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არცერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს ან არ ართმევს რაიმე უფლებას“.

„ეს კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით და კონსტიტუციით. ყველა ადამიანი არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვართ ვალდებული, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ამით ჩვენ ვქმნით მოქნილ მექანიზმს იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლმა თავისი სატკივარი მიიტანოს სახალხო დამცველამდე, რომელსაც დაევალება საფუძვლიანად შეისწავლოს საჩივარი და დახმარება აღმოუჩინოს მას, ვისი უფლებებიც დაირღვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ  ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება „როგორც მოსალოდნელია, სადავო იქნება“.  
  
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გაკეთდა შემოთავაზება, რომ საკონსტიტუციო შეზღუდვა დაუწესდეს ერთსქესიან ქორწინებას. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის მაშინდელმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კამპანია ანალოგიურ შემოთავაზებაზე დაყრდნობით წარმართა და კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების მიზნით მოქალაქეთა  ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10