Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია ‘თავდაცვითი საშუალებებისკენ’ მოუწოდებს ნატოს
Civil Georgia, Tbilisi / 1 მაი.'14 / 14:42

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა ვაშინგტონში 30 აპრილს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ უნდა განალაგოს. 
 
ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებები – „ეს არის ის, რისი განთავსებაც ჩვენ საქართველოში გვჭირდება და რუსები მიხვდებიან, რომ თქვენ არ ხუმრობთ“, – მიმართა ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სახელწოდებით  „ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ“.
 
ალასანია სიტყვით გამოვიდა იმ პანელზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ასევე ჩეხეთის, ესტონეთის და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები.
 
ალასანიამ განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის პასუხად, ნატო საქართველოს წევრად მიღების საკითხს უნდა განიხილავდეს,  მაგრამ ეს ასე არ ხდება და სანაცვლოდ, ყურადღება გადატანილია დისკუსიებზე წევრობის სამოქმედო გეგმასთან  (MAP) დაკავშირებით და ჯერ ესეც კი არ არის გადაწყვეტილი.  
 
მან ხაზი გაუსვა „ამერიკელების და ევროპელების ერთობლივი მუშაობის“ მნიშვნელობას.
 
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიდერობა იკისროს... რათა უზრუნველყოს, რომ შემდგომი ნაბიჯები, რომელსაც ნატო გადადგამს, მაგალითად სექტემბრის სამიტზე, ადეკვატური პასუხი იქნება იმაზე, რაც უკრაინაში ხდება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
 
„ჩვენ ვსაუბრობთ წევრობის სამოქმედო გეგმაზე, მაგრამ რეალურად არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს დისკუსიები, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, უკრაინის შემდეგ, ჩვენ საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა ვლაპარაკობდეთ“, – განაცხადა მან.
 
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უფრო მეტი სამხედრო ჰყავს ავღანეთში ნატოს მისიაში, ვიდრე ალიანსის ზოგ წევრს და ასევე აპირებს ჯარისკაცების გაგზავნას ევროკავშირის სამხედრო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 
 
ამ მხრივ, მისი თქმით, საქართველომ უკვე საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა და ნატომაც შესაბამისად უნდა უპასუხოს საქართველოს ამ ძალისხმევას.  
 
„როდესაც ასპირანტ ქვეყნებს წვლილი შეაქვთ საერთო უსაფრთხოებაში... და როდესაც ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა [ქვეყნის შიგნით] ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ გვჭირდება აღიარება ნატოსგან, ევროკავშირისგან, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით“, – განაცხადა ალასანიამ, „ნატოს სამიტები და მინისტერიალი – ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და რომ ჩვენ მისაბაძ მოდელს წარმოვადგენთ რეგიონში სხვებისთვის“.
 
ალასანიამ განაცხადა, რომ დასავლეთის პასუხს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში „სტრატეგიული შედეგები“ უნდა ჰქონდეს. 
 
„სანქციები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ეს არის ის, რაც მოვა და წავა როგორც კი კრიზისი  ასე თუ ისე დასრულდება. დაგენიძლავებით, რომ სამ–ექვს თვეში რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება; სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება – ეს არის ნატოს გაფართოება“, – განაცხადა მან.
 
მისი თქმით, აღმოსავლეთ მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერებაზე ზრუნვასთან ერთად, ნატომ არ უნდა დაივიწყოს  ის პარტნიორები, რომლებიც  ალიანსის წევრები არ არიან. 
 
მისი თქმით ნატო-მ საქართველოში უნდა ჩაატაროს წვრთნები რათა მოხდეს ალიანსის ყოფნის დაფიქსირება საქართველოში. მისი თქმით, წვრთნებს, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, შესაძლოა რეგიონალური კონტექსტიც მიეცეს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სამხედრო ძალების მონაწილეობით. 
 
ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ „ქმნის ახალ რეალობას ადგილზე“ და შემდეგ იწყებს მოლაპარაკებას დასავლეთთან.
 
„ახლა დასავლეთმა უნდა აიღოს ინიციატივა და თავად შექმნას რეალობა ადგილზე იმით, რომ გააწევრიანოს ასპირანტი ქვეყნები,  განალაგოს თავდაცვითი საშუალებები ასპირანტ ქვეყნებში და განსაკუთრებით, საქართველოში“, – განაცხადა მან.
 
მისივე თქმით, ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იქნება განხილვის თემა ვაშინგტონში მიმდინარე მისი ვიზიტის დროს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალასანია პენტაგონში აშშ–ის თავდაცვის მდივანთან გეგმავს შეხვედრას.
 
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე განთავსდეს რაიმე შემაკავებელი შესაძლებლობები, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რადგანაც ვიცით, რომ თუ საქმე ცუდად წავა ახლა არავინ მოვა ჩვენს გადასარჩენად; ჩვენ ეს დავინახეთ 2008 წელს“, – განაცხადა ალასანიამ.
 
შეკითხვაზე, უნდა მიაწოდონ თუ არა ნატოს წევრებმა თავდაცვითი იარაღი  უკრაინის დროებით მთავრობას,  ალასანიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, კი“.
 
მისი თქმით, კრიზისმა უკრაინაში „შექმნა შესაძლებლობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვესმის, თუ რატომ შეიქმნა ნატო“.
 
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ წინადადება ნატოს ძალების საქართველოში განთავსების თაობაზე წინააღმდეგობრივი იქნება ალიანსში.
 
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ  რუსეთის მეზობლების თავდაცვითი რეფორმების და სამხედრო მოდერნიზაციის მხარდაჭერა და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის“, – განაცხადა ვერშბოუმ.    
 
მისი თქმით, შესაძლოა ნატომ ასევე უნდა იფიქროს თავის პარტნიორებთან ერთობლივი წვრთნების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაზეც, მაგრამ „ძალების მუდმივად განთავსება, როგორც მინისტრმა [ალასანიამ] შემოგვთავაზა, შესაძლოა უფრო წინააღმდეგობრივი იყოს, მაგრამ მე ამ შემოთავაზებას ბრიუსელში ჩავიტან“.
   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36