Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 15 მაი.'14 / 19:47

პარლამენტის იურდიულმა კომიტეტმა 15 მაისს მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა, თუმცა ამ ეტაპზე უცვლელი დარჩება მთავარი რეგულაცია, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი წვდომა დარჩებათ სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე.

ეს ვითარება სულ ცოტა 2014 წლის 1 ნოემბერამდე გაგრძელდება, ვიდრე პარლამენტი ცალკე კანონს მიიღებს, რომელიც დაარეგულირებს წესს, თუ ვის ექნება პირდაპირი წვდომა მოსმენებზე - შსს-ს თუ მობილურ ოპერატორ კომპანიებს, ასევე უზრუნველყოფს ფარული მიყურადების ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას, აღრიცხული ინფორმაციის დაცვას და გარე კონტროლის მექანიზმებს.

1 ნოემბრამდე - თარიღი, რომელსაც პარლამენტი კანონის მისაღებად განისაზღვრავს და რომელიც შესაძლოა შეიცვალოს - შეიქმნება სპეციალური კომისია დეპუტატების, სამართალდამცავი სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც მოსმენებზე კონტროლის რეგულაციებს შეიმუშავებს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან სურდათ, რომ კანონპროექტთა პაკეტში ახლავე ასახულიყო პრინციპი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ ექნებოდა პირდაპირი წვდომა მოსმენებზე. ამ პრინციპის გაზიარებას ითხოვდნენ ასევე უკონტროლო მოსმენების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია „ეს შენ გეხება“-ში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რათა ის წუხილები, რაც უკონტროლო მოსმენების თაობაზე არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გაიფანტოს და დროში არ გაიწელოს. 

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან შალვა შავგულიძემ, რომელიც მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, განაცხადა, რომ „90%“-ით დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი გადაწყდება ისე, რომ სამართალდამცავ სისტემას არ დარჩება მოსმენების „გასაღები“, მაგრამ მანამ, სანამ სპეციალური კომისია თავის  პოზიციას შეიმუშავებდეს, პარლამენტმა წინასწარ არ უნდა შეიზღუდოს თავი.

მართალია კანონი ამჟამადაც ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სასამართლოს ნებართვის საჭიროებას, მაგრამ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, სცდება თუ არა ამ ნებართვის ფარგლებს სამართალდამცავთა მიერ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მასშტაბი, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი და პირდაპირი წვდომა გააჩნია მობილური ოპერატორების სერვერებთან, ხოლო ამ კომპანიებისთვის უცნობია, თუ რეალურად რამდენ აბონენტს უსმენს შსს.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინადადებების საფუძველზე იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა, განსაზღვრული იყო კონტროლის შემდეგი მექანიზმი: სამართალდამცავი ორგანოების მოსმენებზე დაშვება უნდა განეხორციელებინათ მობილურ ოპერატორ კომპანიებს და ამის შესახებ სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისთვის ეცნობებინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსმენაზე სასამართლო სანქციის მიღების შემდეგ, მას არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ამის შესახებ აცნობოს მობილურ ოპერატორ კომპანიას, რადგან ეს გაზრდის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკს და ხელს შეუშლის სამართალდამცავების ოპერატიულ საქმიანობას.

ეს პოზიცია საკომიტეტო მოსმენაზე, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელი არ ესწრებოდა, დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააჟღერა და განაცხადა, რომ სამართალდამცავთა მხრიდან გამოითქვა იმის „საშიშროება“, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შესაბამისი სისტემა, რომ „ეფექტური კონტროლი განხორციელდეს“, რათა არ მოხდეს სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან ინფორმაციის გაჟონვა, განსაკუთრებით „უცხო სპეცსამსახურებისათვის, თუ ვის მიმართ ხორციელდება ფარული ღონისძიებები საქართველოში“.  

მართალია ამ საკითხის გადადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან და სამოქალაქო აქტივისტებმა, მაგრამ ისინი მიესალმნენ იმ დანარჩენს ცვლილებებს, რომლის პირველი მოსმენით მიღებასაც პარლამენტი 16 მაისს გეგმავს. 

ეს საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში;  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში; და პარლამენტის რეგლამენტში.

ამ ცვლილებების თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები იზრდება და მას პირადი ინფორმაციის დაცვის კონტროლის შესაძლებლობა ექნება, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებშიც ისე, რომ წინასწარ არ აცნობებს მათ დაგეგმილი შემოწმების თაობაზე.  ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაცვლად, თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დანიშნავს პარლამენტი და ანგარიშვალდებული იქნება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება იმ შემთხვევაში განხორცილდეს, თუ ის წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის, პროპორციულ და უკიდურეს საშუალებას, რაზეც გამოძიების პოზიცია სასამართლომ  დამაჯერებლად უნდა მიიჩნიოს შესაბამის განჩინებაში.

ცვლილებების თანახმად, ძირითადად განზრახი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების დროს იქნება შესაძლებელი ფარული საგამოძიებო მოქმედებების წარმოება; ხოლო პირთა წრე, ვის მიმართაც ასეთი ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს, განისაზვრება დანაშაულთან პირდაპირ დაკავშირებული პირით  ან მისი მოკავშირით.

იმ ვითარებაში, როცა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, პროკურორს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყება ნებართვის გარეშე შეეძლება, თუმცა მომდევნო 48 საათის განმავლობაში, აუცილებელია ეს მოქმედებები სასამართლოს ნებართვით განაგრძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მანამდე მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ექვემდებარება განადგურებას, ცვლილებების თანახმად. 

ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას მიღებული ის ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს გამოძიების საგანს და შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ცნობებს, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს; ასევე ინფორმაცია, რომელსაც სასამართლო მტკიცებულებად არ მიიღებს, მართალია დაუყოვნებლივ არ ნადგურდება, თუმცა საქმის გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ უნდა განადგურდეს; მასალებს, რომელსაც სასამართლო მტკიცებულებად მიიღებს, საქმის შენახვის ვადით იქნება დაცული. 

შემოთავაზებულ ცვლილებები ითვალისწინებს შეტყობინების პრინციპის შემოღებას, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, გამოძიებამ უნდა აცნობოს, რომ მას ფარულად უსმენდნენ და ასევე განუმარტოს, რომ მას ამ ფაქტის გასაჩივრების უფლება აქვს. 

ამავე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოსთან შეიქმნება ფარულ საგამოძიებო ღონისძიებათა რეესტრი, რომელიც აწარმოებს სტატისტიკას, თუ რა ინტენსივობით მიმართავს სახელმწიფო ამგვარ საგამოძიებო მოქმედებებს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16