Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლგბტ ‘პროპაგანდის’ წინააღმდეგ აქცია და ‘ოჯახის დღე’ 17 მაისს
Civil Georgia, Tbilisi / 16 მაი.'14 / 20:34

17 მაისს თბილისის ცენტრში გეი „პროპაგანდის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის წინა დღეს საქართველოს საპატრიარქომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისთვის სრულიად მიუღებელია „არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობები“, ხოლო დაგეგმილი დემონსტრაციის მონაწილეებს საპატრიარქომ აქციის მშვიდობიანად გამართვისკენ მოუწოდა, რადგანაც, მისი თქმით, ეკლესია ძალადობის წინააღმდეგია.

გასული წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მოწყობის მცდელობა ძალადობრივად ჩაშალა მრავალათასიანმა კონტრაქციამ რომელსაც სასულიერო პირები მიუძღვოდნენ წინ. წელს ლგბტ უფლებადამცველები ამ დღის აღსანიშნავად არანაირ აქციას არ გეგმავენ და აცხადებენ რომ ეს დღე საქართველოში კვლავაც ჰომოფობიის გამოხატვის დღედ იქცევა.

17 მაისს „სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზი“ და სხვა რამოდენიმე ორგანიზაცია რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავს, რათა ხელისუფლებისგან ანტიდისკრიმინაციული კანონიდან „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება მოითხოვონ; აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ კანონის მიღებას, რომელიც „აკრძალავს საქართველოში მამათმავლობის (ე.წ. ლგბტ) პირდაპირ თუ ირიბ პროპაგანდას.“

გასულ კვირას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველომ ყოველწლიურად 17 მაისს „ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის“ დღე უნდა აღნიშნოს; მისი თქმით ამ დღეს ეკლესიებში ჩატარდება პარაკლისი და მოხდება ოჯახების, ეკლესიების და ქუჩების ნაკურთხი წყლით სხურება.

„ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, „ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს. პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღწვის მისი გამოსწორებისთვის“.

„ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რათა ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს, ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და ზოგადად, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებს ქუჩაში მსვლელობებს. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რათა ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის”, - აცხადებს საპატრიარქო.

ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებების დაცვაზე მუშაობს, მრავალჯერ განაცხადა, რომ ის წელს არანაირ ღონისძიებას არ გეგმავს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

ამის სანაცვლოდ, „იდენტობამ“ გამოხატვის, როგორც თავად განაცხადა, „უსაფრთხო გზა“ აირჩია და ვებგვერდი www.17maisi.org შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვიდეო მიმართვის, სიმღერის, სტატიის ან სხვა ფორმით თვითგამოხატვა ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების მიზნით, „იდენტობამ“ მოუწოდა ლგბტ პირებს, რომ მოერიდონ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ადგილსა და მის მიმდებარე ქუჩებს.

„როგორც ჩანს, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში კიდევ ერთხელ გახდება ჰომოფობიის დღე“, – ნათქვამია „იდენტობის“ მიერ 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, „სამწუხაროდ, უსაფრთხოების მიზეზების გამო და, როგორც ამას 2012 და 2013 წლების გამოცდილება აჩვენებს, სახელმწიფო უუნაროა უზრუნველყოს უსაფრთხოება, ლგბტ აქტივისტებს არ შეუძლიათ დაგეგმონ ან მოაწყონ ამ აბსურდული სიტუაციის საწინააღმდეგო პროტესტი“.

„იდენტობა“ ასევე აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ არანაირ აქციას ის არ გეგმავს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ეკლესიამ, ზოგიერთმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ, სხვადასხვა „რადიკალურმა ფუნდამენტალისტურმა ძალებმა“ და პრო–რუსულმა ჯგუფებმა მაინც დაიწყეს მზადება მანიფესტაციისთვის.

„იდენტობამ“ ასევე განაცხადა, რომ 17 მაისის გარშემო არსებული მოვლენები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ჭრილშიც უნდა იქნას განხილული. ორგანიზაციის თქმით პრო–რუსული ელემენტები, მათ შორის ეკლესიაში, ევროპის წინააღმდეგ „ხალხის მობილიზაციისთვის ჰომოფობიას კარგ საფუძვლად მიიჩნევენ“.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ის 2014 წლის 17 მაისს დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული ლგბტ პირთა მიმართ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს. ხშირია ლგბტ პირთა დისკრიმინაციის ფაქტები შრომის, ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური და სხვა უფლებების განხორციელებისას. ისინი განიცდიან ძალადობას და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ოჯახსა და საზოგადოებაში", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13