Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო უწყება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე
Civil Georgia, Tbilisi / 23 მაი.'14 / 11:56

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 22 მაისს და რუსეთში ქართული ექსპორტის ზრდაზე მიანიშნა. 

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენული უფლებები სხვათა უფლებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა განხორციელდეს და ამ კონტექსტში მან ნატოში საქართველოს მისწრაფება ახსენა და დასძინა, რომ მოსკოვი „შეაშფოთა“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გაკეთებულმა განცხადებამ.

როდესაც მას მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, შეუშლის თუ არა ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ლუკაშევიჩმა უპასუხა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ნებისმიერი ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა და ამა თუ იმ ფორმატში გაწევრიანების პერსპექტივები“.

თუმცა, შემდეგ მან დასძინა, რომ ამ კონკრეტულ კონტექსტში „ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა შედეგები მოყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას“.

„ეს ეხება როგორც ჩვენს ორმხრივ [საქართველო–რუსეთის] ურთიერთობებს, ისე ფინანსურ–ეკონომიკურ შედეგებს, რომლის შემუშავებაც მოგვიწევს საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების ფაქტორის გათვალისწინებით“, – განაცხადა  ლუკაშევიჩმა.

მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიანიშნებს.

„ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმისას ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა გათვალოს არა მხოლოდ ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან სტრუქტურასთან ურთიერთქმედების უპირატესობები, არამედ იმ ნაბიჯებზეც დაფიქრდეს, რომლის გადადგმაც იმ ქვეყნებს მოუწევთ, ვისაც მათთან ორმხრივი შეთანხმებები გააჩნიათ“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

„ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლებები სხვათა უფლებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა განხორციელდეს“, – განაგრძო მან, „ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში ნებისმიერ ფასად ცდილობს მიაღწიოს ნატოში გაწევრიანებას და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას“.

„ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვაშფოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ი. ალასანიას მიერ ვაშინგტონში გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელმაც საქართველოში ამერიკული ან ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებისკენ მოუწოდა“, – განაცხადა მან.

„ამასთან დაკავშირებით, თბილისთან მიმართებაში ჩვენ კითხვები წარმოგვეშვა მისი რეალური განზრახვების თაობაზე და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა – მათი განთავსების შემთხვევაში – საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

ალასანიამ  30 აპრილს ვაშინგტონში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ უნდა განალაგოს. მან განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებები – „ეს არის ის, რისი განთავსებაც ჩვენ საქართველოში გვჭირდება და რუსები მიხვდებიან, რომ თქვენ არ ხუმრობთ“.

21 მაისს ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადეს, რომ მოსკოვმა დაარწმუნა ისინი, რომ არ შეუშლის ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.

ასოცირების შესახებ შეთანხმებების მოახლოებული ხელმოწერის კონტექსტში რუსეთის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ „ცალსახად“  განუცხადეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის იანვარში ბრიუსელს სტუმრობდა, რომ „ნუ შეუშლიდა ხელს“ მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ამზადებდა. ბაროზომ განაცხადა, რომ პუტინი „დაპირდა“, რომ ამას არ გააკეთებდა.

„ამრიგად, ველით, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულიად სცემს პატივს საქართველოს სუვერენულ უფლებას, რომ ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწიოს“, – განაცხადა ბაროზომ.

იმავე კითხვის საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანაირი გართულებების, ყველანაირი პრობლემების გარეშე მოვაწერთ ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უთხრა მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, რომ მოსკოვი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პროცესში.

მოსკოვში გამართული პრესკონფერენციის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა 22 მაისს, რომ მოსკოვი „სავსებით კმაყოფილია იმ შედეგებით“, რომლებიც კარასინსა და აბაშიძეს შორის დიალოგის ფარგლებში იქნა მიღწეული.

მისი თქმით, კარასინსა და აბაშიძეს შორის მომდევნო შეხვედრა ივლისშია დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12